GE

როდის გამოვიყენოთ ტირე და როდის ორწერტილი – სასვენი ნიშნები გრამატიკულ ცნობარში

ჩამოთვლისას რა შემთხვევაში იწერება ორწერტილი და რა შემთხვევაში იწერება ტირე – გრამატიკული ცნობარის დღევანდელ გაკვეთილზე სწორედ ამ საკითხს მიმოვიხილავთ.

წინადადებაში ერთგვარი წევრების ჩამოთვლისას  რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, რათა შეცდომებისგან დავიზღვიოთ თავი. ორწერტილსა და ტირეს შორის არჩევანის გასაკეთებლად სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:

თუ ჩამოთვლილი სიტყვების წინ წერია განმაზოგადებელი (გამაერთიანებელი) სიტყვა, ანუ ისეთი სიტყვა, რომელიც ამ ჩამოთვლილ სახელებს მოიცავს, ჩამოთვლის წინ ორწერტილი იწერება:

მხატვარს სახელოსნოში ჰქონდა ყველაფერი: მოლბერტი, პალიტრა, ფუნჯები, საღებავები.

ყველაფერი განმაზოგადებელი სიტყვაა, რადგან ის გულისხმობს ყველა ჩამოთვლილ საგანს.

ამ წინადადებას რომ ამოვაკლოთ განმაზოგადებელი სიტყვა, მაშინ ორწერტილი საჭირო აღარ იქნება. შესაბამისად, სწორია:

მხატვარს სახელოსნოში ჰქონდა მოლბერტი, პალიტრა, ფუნჯები, საღებავები.

შევაჯამოთ!

თუ ერთგვარი წევრები განმაზოგადებელი სიტყვის შემდეგაა, ერთგვარ წევრთა წინ ორწერტილი იწერება:

ყველაფერი მდუმარებს: ტყე, მინდორი, ველი.

ახლა განვიხილოთ საპირისპირო მოვლენა, როდესაც ჯერ ჩამოთვლილია სახელები, ხოლო შემდგომ მოდის განმაზოგადებელი სიტყვა. ასეთ შემთხვევაში ერთგვარ წევრთა შემდეგ უნდა დაიწეროს ტირე!

მხატვარი მოლბერტს, პალიტრას, ფუნჯებს, საღებავებს – ყველაფერს სახელოსნოში ინახავდა.

გასათვალისწინებელია, რომ ამ წინადადებიდან განმაზოგადებელი სიტყვის ამოღების შემთხვევაში ტირე საჭირო აღარ იქნება. შესაბამისად, სწორია:

მხატვარი მოლბერტს, პალიტრას, ფუნჯებს, საღებავებს სახელოსნოში ინახავდა.

შევაჯამოთ!

შერწყმულ წინადადებაში ტირესა და ორწერტილის წერა დამოკიდებულია განმაზოგადებელ სიტყვაზე.

განვიხილოთ სხვა შემთხვევებიც.

შესაძლოა, ჩამოთვლილი სახელები წინადადების შუაში იყოს მოქცეული. ასეთ დროს ჩამოთვლილი სიტყვების წინაც და ბოლოშიც ტირე იწერება:

უცხოური მანქანები – „ვოლვო“, „ოპელი“, მერსედესი“ – განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენთან. დასაშვებია ასეთი დაწერილობაც: უცხოური მანქანები: „ვოლვო“, „ოპელი“, მერსედესი“–განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენთან.

და ბოლოს:

თუ განმაზოგადებელი სიტყვის შემდეგ ისეთი სიტყვაა, რომელიც ერთგვარ წევრთა ჩამონათვალზე მიუთითებს ( სახელდობრ, როგორიცაა…), მის წინ მძიმე იწერება, შემდეგ კი –ორწერტილი:

აბიტურიენტმა ისწავლა რამდენიმე ლექსი, სახელდობრ: „თოვლი“, „შერიგება“, „ელეგია“.

არასწორია:

აბიტურიენტმა ისწავლა რამდენიმე ლექსი – სახელდობრ –  „თოვლი“, „შერიგება“, „ელეგია“.

მხატვარი მოლბერტს, პალიტრას, ფუნჯებს, საღებავებს –  სახელოსნოში ინახავდა.

მხატვარს სახელოსნოში ჰქონდა ყველაფერი მოლბერტი, პალიტრა, ფუნჯები, საღებავები.

სწორია:

აბიტურიენტმა ისწავლა რამდენიმე ლექსი, სახელდობრ: „თოვლი“, „შერიგება“, „ელეგია“.

მხატვარი მოლბერტს, პალიტრას, ფუნჯებს, საღებავებს  სახელოსნოში ინახავდა.

მხატვარს სახელოსნოში ჰქონდა ყველაფერი: მოლბერტი, პალიტრა, ფუნჯები, საღებავები.

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური