GE

როგორ აქვთ გაწერილი პოლიტიკურ პარტიებს  განათლების საკითხები საარჩევნო პროგრამებში

განათლება პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, საქართველში კი განსაკუთრებით. ჩვენთან არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური პარტიის,  არც ერთი წინა საარჩევნო პროგრამა, სადაც განათლებას და მასთან დაკავშირებულ  გეგმებს მნიშვნელოვანი ადგილი არ ეთმობოდეს. ალბათ, ამ ფაქტით აიხსნება ისიც, რომ პოლიტიკურ არენაზე პოლიტიკური ვითარების ცვლილება როგორც წესი, პირველ რიგში,  განათლების რეფორმის ცვლილებას იწვევს ხოლმე. 2016 წელი საარჩევნო წელია, საარჩევნო პროგრამები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, განათლების ხარისხის გაუმჯობესება ყველა წამყვანი პოლიტიკური სუბიექტის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იქნება. კოალიციამ ,,განათლება ყველასათვის“ რვა პოლიტიკურ პარტიას განათლების საკითხებთან დაკავშირებული კითხვარი გაუგზავნა. შედეგების მიხედვით, გამოკითხული ყველა პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესება მათი ერთ–ერთი პირველი პრიორიტეტია.

გამოკითხვაში მონაწილე ყველა სუბიექტი მიიჩნევს, რომ განათლება თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური და რელიგიური ჩარევებისაგან. სრული ერთსულოვნებაა დაფინანსების საკითხთან დაკავშირებითაც – ყველა პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ დღეს არსებული დაფინანსება არასაკმარისია. 5 პოლიტიკური პარტია თვლის, რომ განათლების დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში  4.5%-მდე უნდა გაიზარდოს.

იდენტური პასუხების მიუხედავად, ყველა პოლიტიკური პარტია განსხვავებულად ხედავს გზას, თუ როგორ უნდა იქნეს მიღწეული მიზანი. EDU.ARIS.GE კი დაინტერესდა, როგორ აქვთ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გაწერილი პოლიტიკურ პარტიებს თავიანთ საარჩევნო პროგრამებში. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ასევე მათი პოზიცია შემდეგ საკითხზეც: ,,შესაძლებელია თუ არა, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა დისკუსიების და მრგვალი მაგიდების ფორმატში შეძლონ და საერთო სტრატეგია დასახონ განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“.

გია ჟორჟოლიანი – კოალიცია ,,ქართული ოცნება“ – პარტია სოციალ-დემოკრატები

,,ჩვენი განათლების პროგრამა, სავარაუდოდ, უახლოეს ერთ თვეში იქნება საჯარო, თუმცა რაღაც დოზით იგი პრემიერ-მინისტრმა უკვე წარმოაჩინა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ოთხი მნიშვნელოვანი ბლოკიდან განათლება ერთ-ერთი პირველია. ჩვენც, როგორც პარტია, და როგორც კოალიცია ვიზიარებთ ამ პოზიციას. უფრო კონკრეტულადაც შეგვიძლია საუბარი: მაგალითად პროგრამაში გათვალისწინებული იქნება პედაგოგების გადამზადება, ხელფასების პერმანენტული ზრდა, კვალიფიკაციის ამაღლება, უწყვეტი განათლების სისტემა. მრგვალი მაგიდები კარგია, თუმცა რთული იქნება იმის წარმოდგენა, რომ კონსესუსი მიიღწევა.  განათლების პოლიტიკა მოწყვეტილი არ არის სხვა პოლიტიკებს. ის პოლიტიკური ხედვის ნაწილია. გასაგებია, რომ ყველას გვინდა სისტემის გაჯანსაღება და ხარისხიანი განათლება. ამას ყველა ვამბობთ. თუმცა სხვა საკითხია  როგორ ვაკეთებთ. დისკუსიის საკითხი პროგრამული და შინაარსობრივი ნაწილი უნდა გახდეს. ამას კი მეტი კომპეტენცია სჭირდება”.

სერგო რატიანი – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

განათლება ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის პრიორიტეტი იყო არის და იქნება.  ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი პირველ და ძირითადი რეფორმაც სწორედ განათლებას შეეხო.  კორუფციის აღმოფხვრა, სტუდენტზე ორიენტირებული დაფინანსების შექმნა, ერთიანი ეროვნული გამოცდები, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, გქონდა გეგმები სკოლის რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროცესი ვერ მოესწრო და შეჩერდა. დღეს არსებული ახალი სქემა კი სრული სტაგნაციაა. ახალ პროგრამაში, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გამოქვეყნდება  განათლების საკითხები დეტალურად არის გაწერილი. კვლევითი კომპონენტი უნდა წახალისდეს. უნდა მოხდეს თანხების მოზიდვა და ინტერნაციონალიზაცია. მხოლოდ საქართველოს თანხები ამას ვერ უზრუნველყოფს და უნდა მოხდეს საერთაშორისო უნივერსიტეტების ჩამოყალიბება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სკოლამდელ აღზრდას. სერიოზული რეფორმაა ჩასატარებელი სასკოლო მზაობის პროგრამასთან დაკავშირებით.  დიალოგს კი მივესალმები. ასეთ ფორმატში, შესაძლოა, ვიღაცამ ის აზრი მოგაწოდოს, რაც შენ ადრე გათვალისწინებული არ გქონდა და ეს საერთო საქმეს დადებითი კუთხით წაადგეს“.

ზურაბ ბრგვაძე – ,,რესპუბლიკური პარტია”

,,რესპუბლიკური პარტიის”  საარჩევნო პროგრამაში საკმაოდ მსუყედ იქნება წარმოდგენილი განათლების საკითხები. მიგვაჩნია რომ განათლება საფუძველთა საფუძველია და თუ საზოგადოება გაუნათლებელია, ის ნორმალურ სახელმწიფოს ვერ ააშენებს. ჩვენ გვჭირდება მეტი განათლებული ადამიანი არამხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ზოგადად საზოგადოებაში.  არაერთხელ გამოგვითქვამს ჩვენი მოსაზრება, რომ ის არსებული მოდელი საკმარისი არ არის. ჩვენ კოალიციის ფარგლებში ვერ შევძელით ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი პოზიცია, კოალიციურ რეჟიმში რაღაცნაირად ავითქვიფეთ. შედეგად მოხდა ის, რასაც ჩვენი პარტია ცალკეულად არასდროს დაუჭერდა მხარს. პირდაპირ გეტყვით, 20 უფასო სპეციალობა გაუგებარი გადაწყვეტილებაა. რა პრინციპით შეარჩიეს ეს სპეციალობები არ მესმის. ჩვენ აქცენტს ძირითადად დაფინანსების საკითხზე გავაკეთებთ.  გაწერილი გვექნება, თუ რა ბედი უნდა ეწიოთ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, რომლებიც ყოველგვარი სტატუსის გარეშე მიუერთეს უნივერსიტეტებს. ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტები უნდა დაიხვეწოს და აიწიოს. დღეს მისაღები ადგილები უფრო მეტია, ვიდრე აბიტურიენტი გვყავს.  მიმაჩნია, რომ ყველა პარტიამ ქვეყნის საკეთილდღეოდ გვერდით უნდა გადადოს პირადი ამბიციები და ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ. სხვა მხრივ ყველა ხელისუფლება თავისი გზით წავა, ამასობაში კი თაობები იზრდებიან, შედეგები კი არ გვაქვს“.

ქეთევან ენუქიძე – ,,თავისუფალი დემოკრატები”

ჩვენ საარჩევნო პროგრამაში ექვსივე სეგმენტი არის გათვალისწინებული. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ინკლუზიურ განათლებას. ყველა სეგმენტის განვითარება ჰარმონიულად თუ არ მოხდა შედეგი არ გვექნება. თუ რომელიმე ელემენტი ჩაგვივარდა, პროდუქტი არ გვექნება. პროდუქტი კი მოქალაქის აღზრდაა. ჩვენი პროგრამა საკმაოდ ტევადი და სოციალურია. გვაქვს გაწერილი როგორც რეალური მოვლენები, ასევე განხორციელების გზები და სავარაუდო შედეგები. მე თუ მინდა უმაღლესი განათლების მიღება ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ვიღაცისთვის პროფესიული განათლებაა, ვიღაცისთვის საბაზო, ამიტომ ყველა მოთხოვნას უნდა ვპასუხობდეთ.  დიალოგი ყოველთვის კარგია, დიალოგის არარსებობაა საშიში და ცუდი.

უფრო დეტალურად კი, როგორ აისახა განათლებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გეგმები პარტიების წინასაარცევნო პროგრამებში, სავარაუდოდ, უახლოეს ერთ თვეში გახდება ცნობილი.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური