GE

როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი

სოფიკო ლობჟანიძე

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელმა იცოდეს „…სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.“

წინამდებარე მასალაში კიდევ ერთხელ დავაფიქრებთ მკითხველს დაგეგმვის აუცილებლობაზე, მივცემთ რეკომენდაციებს, რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა მოქნილი, მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებული გაკვეთილის დასაგეგმად, რომელიც საგანმანათლებლო ლიტერატურაში კონსტრუქტივისტული გაკვეთილის სახელითაა ცნობილი.

კონსტრუქტივისტული გაკვეთილი გამოირჩევა მოქნილობით. იგი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს, თავად ააგონ ცოდნა, იპოვნონ მნიშვნელობები, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი, შეძლონ ანალიზი, ცალკეული ელემენტების გაერთიანება ახალი სტრუქტურის სახით და სათანადო დასკვნების გამოტანა. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობას და ინტერესს. მასწავლებელი კონსტრუქტივისტული სწავლებისას არის პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელის შემწყობი.

სანამ პედაგოგი გაკვეთილის გეგმის შედგენას დაიწყებს:

  • კარგად უნდა გაიაზროს გაკვეთილის ეტაპები/ფაზები – გამოწვევის ფაზაზე მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებში მოცემულ საკითხზე, საგანზე ან მოვლენაზე არსებული ცოდნის, განცდების, შთაბეჭდილებების გააქტიურება. მოსწავლეები იხსენებენ, რა იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ და იწყებენ ახალ თემაზე ფიქრს; გაკვეთლის ცენტრალური ნაწილი სიღრმისეული წვდომის ფაზაა, როდესაც მოსწავლე ბოლომდე გაიაზრებს ახალ მასალას და შეძლებს ახლადშეძენილი ცოდნა დაუკავშიროს ადრე ნასწავლს. ამ ეტაპის უპირველესი ამოცანაა საწყის ფაზაზე აღძრული მოტივაციის შენარჩუნება და განმტკიცება; რეფლექსიისა და შეჯამების ფაზაზე მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა. გაკვეთილის ეს სამივე ეტაპი გათვალისწინებული და ასახული უნდა იყოს გაკვეთილის გეგმაში ადექვატური აქტივობებისა და მეთოდების სახით.
  • უნდა გადაწყვიტოს გაკვეთილის სტრუქტურირების რომელ სტრატეგიას გამოიყენებს – პირდაპირი სწავლების სტრატეგიას, რომელიც მასწავლებლის როლზე აკეთებს აქცენტს (მაგ. ლექციური ტიპის გაკვეთილი), თუ არაპირდაპირი სწავლების სტრატეგიას, როდესაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა (მაგ. დისკუსია განსახილველი თემის ირგვლივ). გაკვეთილის სტრუქტურირების სტრატეგიები მასწავლებელმა უნდა აირჩიოს მიზნის შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ ეს ორივე სტრატეგია შესაძლებელია ერთიდაიგივე გაკვეთილზე გამოიყენოს მან.
  • უნდა იფიქროს იმაზე, გაკვეთილს დედუქციური მიდგომით (ზოგადიდან კონკრეტულისკენ) წარმართავს, თუ ინდუქციურით (კონკრეულიდან ზოგადისკენ).

კიდევ რა არის საჭირო მოქნილი და კრეატიული გეგმების შესადგენად?

1. მოსწავლეთა სასწავლო წინაპირობის გათვალისწინება – ინდივიდუალური უნარები, ოჯახური, მოტივაციური, კულტურული, კოგნიტიური, ემოციური, ფსიქო-მოტორული, ენობრივი, სოციალური და სხვ.

2. ჩარჩოპირობების გათვალისწინება – სამართლებრივი, ინსტიტუციონალური, ადგილობრივი, დროითი და ა.შ. მონაცემები.

3. სასწავლო გეგმებზე ორიენტაცია;

4. სასწავლო და აღმზრდელობითი მიზნების ერთობლიობა;

5. მიზნებსა და შედეგებზე ორიენტაცია;

6. ძირითადი პუნქტების გამოყოფა;

7. სასწავლო სტრატეგიების დიფერენცირებული გამოყენება;

8. მრავალმხრივი მეთოდების გამოყენება; 9. რესურსების შერჩევა და მისი მომზადება;

10. სოციალური ფორმების შერჩევა (ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილური);

11. მოსწავლეებისათვის ახალ-ახალი სასწავლო შანსების შეთავაზება;

12. შედეგების სისტემატური კონტროლი.

შედეგების სისტემატური კონტროლი საშუალებას აძლევს პედაგოგს, იკვლიოს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა – შეაფასოს რას მიაღწია, რას ვერა და რატომ ვერა? მოახდინოს დაგეგმილი გაკვეთილის კორექცია, მისი ხელახალი პილოტირება და ა.შ.

განვიხილოთ გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი:

1. თემა და მიზანი – მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ამოირჩევს გაკვეთილის თემას, იგი აყალიბებს გაკვეთილის მიზანს.

სასწავლო მიზნები უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან და მოსწავლეთა საჭიროებიდან, მოთხოვნილებებიდან და ინტერესებიდან.

სწორედ სასწავლო მიზნები განსაზღვრავს სასწავლო აქტივობების შინაარსს, მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს და ქმნის საფუძველს როგორც მოსწავლეთა პროგრესის შემოწმებისთვის, ასევე მასწავლებელთა თვითშეფასებისთვის. მიზანი უნდა იყოს ფორმულირებული კონკრეტულად, მარტივად და რეალისტურად (45 წუთში მიღწევადი); იგი უნდა იყოს გაზომვადი და შეფასებადი.

სასწავლო მიზნების ფორმულირებისას უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ზმნები – გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გაანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ და ა.შ.

2. სასწავლო აქტივობები და მეთოდები

ხშირად მასწავლებლებს უჭირთ განასხვავონ ერთმანეთისაგან აქტივობა და მეთოდი. როგორ განვასხვავოთ ისინი ერთმანეთისაგან?

აქტივობას დაესმის კითხვა – რას ვაკეთებ? მაგ. მასწავლებელი კლასთან ერთად შეიმუშავებს ჯგუფური მუშაობის წესებს.

თუ დაისმის კითხვა როგორ ვაკეთებ? ე.ი. რა დიდაქტიკური ხერხით ვახორციელებ ამ აქტივობას, ეს არის მეთოდი. მაგ. მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის წესებს შეიმუშავებს ”გონებრივი იერიშით”. გონებრივი იერიში არის მეთოდი.

სასწავლო აქტივობები შესაბამისი უნდა იყოს გაკვეთილის მიზანთან და მისი შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:

  • შერჩეული აქტივობები დაგვეხმარება თუ არა დასახული მიზნის მიღწევაში?
  • მიზნის მისაღწევად რას გავაკეთებთ ჩვენ (მასწავლებლის აქტივობა) და რას გააკეთებენ მოსწავლეები (მოსწავლის აქტივობა)?
  • რამდენი აქტივობა მიგვიყვანს მიზნამდე?
  • როგორი იქნება აქტივობების თანმიმდევრობა?
  • შეესაბამება თუ არა ჩვენს მიერ შერჩეული აქტივობა მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს, მათ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას.

სასწავლო მეთოდების შერჩევისას გავითვალისწინოთ:

1. მისი შესაბამისობა სასწავლო აქტივობასთან და კლასის ორგანიზების ფორმასთან;

2. ტექნიკურად მისი განხორცილების შესაძლებლობა.

3. სასწავლო რესურსების სწორად შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარსამართავად. სასწავლო რესურსებში მითითებული უნდა იყოს ყველა ის რესურსი, რომლის საფუძველზეც გაკვეთილი იგეგმება და წარიმართება – მოსწავლის და მასწავლებლის სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, თვალსაჩინოება, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტსაიტები და სხვ.

4. თითოეული აქტივობისთვის საჭირო დრო – გაკვეთილის ფაზებზე და სასწავლო აქტივობებზე დროის სწორად განაწილება არის ეფექტიანი გაკვეთილის ერთ-ერთი წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელს შეუძლია სიტუაციისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით გაკვეთილის მსვლელობისას კორექტივები შეიტანოს დროის მენეჯმენტში.

5. კლასის ორგანიზების ფორმები – აუცილებელია, რომ კლასის ორგანიზების ფორმები სასწავლო აქტივობისა და მეთოდის შესაბამისი იყოს. მაგ. როდესაც მასწავლებელი ხსნის ახალ მასალას ლექციური მეთოდით, იყენებს კლასის ორგანიზების ისეთ ფორმას, როგორიც არის საერთო საკლასო. თუ მასწავლებელი სიღრმისეული წვდომის ფაზაზე თითოეულ ჯგუფს ავალებს გარკვეული მასალის ანალიზსა და შეფასებას, საქმე გვაქვს ჯგუფურ მუშაობასთან.

6. თითოეული აქტივობისა და გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი სავარაუდო შედეგები – როდესაც მასწავლებელი მიზნის მისაღწევად ირჩევს შესაბამის აქტივობებსა და მეთოდებს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თითოეული ამ აქტივობისა და მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს, ე.ი. თითოეულ აქტივობას რა შედეგზე გაყავს მოსწავლეები. ყოველი აქტივობის ბოლოს მიღწეულ შედეგებს მოსწავლეები უნდა მიყავდეს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგებამდე; საიდანაც, თავის მხრივ, უნდა გამომდინარეობდეს გაკვეთილის მიზანი.

7. შეფასება – იმისათვის, რომ მასწავლებელმა განსაზღვროს, გავიდა თუ არა სასურველ შედეგზე, აუცილებელია, შეამოწმოს სასწავლო შედეგები. გაკვეთილის გეგმაში ასახული უნდა იყოს რა ფორმით ამოწმებს სასწავლო შედეგებს, უნდა აღწეროს შეფასების რა ტიპებისა და მეთოდების გამოყენებას აპირებს კონკრეტულ გაკვეთილზე. შეფასების რუბრიკები თან უნდა ახლდეს გაკვეთილის გეგმას თანდართული დოკუმენტის სახით.

8. თვითშეფასება – გაკვეთილის გეგმას უნდა ახლდეს მასწავლებლის თვითშეფასების ცხრილი, რომელსაც მასწავლებელი ავსებს გაკვეთილის ბოლოს, როდესაც ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიას აკეთებს – მან უნდა გააანალიზოს, რა იყო კარგი, რაც დაეხმარა შედეგზე გასასვლელად და რამ დააბრკოლა, რისი გაუმჯობესებაა სასურველი. შეფასების შედეგებზე და თვითშეფასების ანალიზზე დაყრდნობით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა, შეიტანოს გარკვეული ცვლილებები და დამატებები გაკვეთილის გეგმაში. ასეთი შემოქმედებითი მიდგომა სასწავლო პროცესისადმი ეხმარება პედაგოგს მუდმივად დახვეწოს თავისი პედაგოგიური პრაქტიკა და ჩამოყალიბდეს ე.წ. მკვლევარ-მასწავლებლად.

სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი პირობაა. გეგმა საკმაოდ მოქნილი და შემოქმედებითი უნდა იყოს, რათა მასწავლებელმა შეძლოს სასწავლო პროცესის მუდმივი განვითარება.

წინამდებარე მასალაში განვიხილეთ ის ძირითადი კომპონენტები, რომელსაც მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს ეფექტიანი გაკვეთილის დასაგეგმად. გაკვეთილის გეგმის კონკრეტული ნიმუშის მოყვანისაგან ყოველთვის თავს ვიკავებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ მასწავლებელმა თავისი შემოქმედებითი აზროვნებით თავად უნდა შექმნას გაკვეთილის გეგმის მისეული ნიმუში გაკვეთილის გეგმის ძირითად კომპონენტებზე დაყრდნობით.

მაგრამ ამჯერად ვითვალისწინებთ რა მასწავლებელთა დაჟინებულ თხოვნებს, გთავაზობთ გაკვეთილის გეგმის რამდენიმე ნიმუშს, რომელიც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და დაგეხმარებათ თქვენეული გეგმის სტრუქტურის შექმნაში.

გაკვეთილის გეგმის ნიმუშები

untitled

გაკვეთილის გეგმის სქემის ნიმუში #2

untitled2

გაკვეთილის გეგმის სქემის ნიმუში #3

untitled3

სწავლის რესურსები – ყველა ის რესურსი, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება ეფექტიანი გაკვეთილის ჩასატარებლად.

რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი?

მასწავლებელი და კლასი – როგორ ჩავატაროთ ეფექტური გაკვეთილი

წყარო mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური