GE

როგორ დავიცვათ თავი სეზონური ვირუსებისგან რეკომენდაციები მშობლებს და სკოლებს

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად მატულობს სეზონური ვირუსებით დაინფიცირების ალბათობა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ჯერ სეზონური ვირუსების კრიტიკული პერიოდი არაა, თუმცა მათი რეკომენდაციით, უმჯობესია მშობლებმა შვილებს დაავადების პრევენციისთვის გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარონ, რომლისთვისაც შემოდგომა კარგი პერიოდია. კიდევ რა რეკომენდაციები აქვთ დაავადებათა კონტროლის ცენტრში და ასევე ექიმ პედიატრებს EDU.ARIS.GE -ს ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი და ბავშვთა პედიატრი ლალი ბერიძე ესაუბრნენ:

”ბავშვები ხშირად ავადდებიან, განსაკუთრებით ბაღის და დაწყებითი კლასის ასაკის. შემოდგომა-ზამთარის პერიოდში დაავადების ალბათობა მაღალია ამის პრევენციისთვის და მისი გავრცელების შეკავებისთვის რეკომენდირებულია გრიპის ვაქინაცია. ჯერ კიდევ კარგი პერიოდია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად, რის შემდეგაც ბავშვები დაცულები იქნებიან გრიპისგან. ვაქცინაცია 6 თვიდან არის რეკომენდირებული და მისი გაკეთების ზედა ზღვარი არაა შეზღუდული. განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა რაიმე ტიპის პრობლემა. რესპირაციული ვირუსები ყოველთვის ტრიალებს გარემოში, განსაკუთრებით  შემოდგომის ბოლოს, ზამთარი, გაზაფხულის დასაწყისი. რაღაც პერიოდში გამოჩნდება ხოლმე გრიპის ვირუსებიც რომელიც უფრო მაღალ ავადობას გამოიწვევს.  რესპირაციულ-სინსიტიალური ვირუსების გამოჩენის შემთხვევაში უფრო მეტი დაზარალება გვაქვს საბავშვო, წინასასკოლო და დაწყებით სასკოლო ასაკებში, მაშინ როცა გრიპის ვირუსი შეიძლება  ყველა ასაკში შეგვხვდეს”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ხათუნა ზახაშვილმა.

მისი თქმით, ვირუსებიდან ყველაზე მძიმედ გრიპის ვირუსი ითვლება. ვირუსის აქტივობა ჩვეულებრივ საქართველოში არის ხოლმე  ზამთრის ბოლოსკენ, იანვრის თვის ბოლოდან და გრძელდება თებერვალსა და მარტში.

როგორც ზახაშვილი განმარტავს, გრიპის ვირუსი რომ გამოვლინდება, როგორც წესი,  კრიტიკულ მაჩვენელბს  5-8 კვირაში აღწევს ხოლმე. ამ დროის მონაცემებით, პირველი გამოვლენა არ არის რეგისტრირებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები:

  • უპირველეს ყოვლისა რეკომენდირებულია გაუკეთოთ ბავშვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
  • თუ ხედავთ, რომ თქვენი ბავშვი არის ავად, დატოვეთ ის სახლში. მოუფრთხილდით თქვენი შვილისა და მისი გარშემომყოფების ჯანმრთელობას. ავადმყოფი ბავშვი უნდა დარჩეს სახლში.
  • მიაქციეთ ყურადღება ბავშვების ხელის დაბანის რეჟიმს. ხელებს ბავშვები უნდა იბანდნენ არამხოლოდ მაშინ როცა უბინძურდებათ ან ტუალეტის შემდეგ, არამედ ყოველი კვების წინ, ასევე გარეთ ყოფნისა და სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ,  მიუხედავად იმისა  ვიზუალურად დაბინძურებულია ხელი თუ არა.
  • სკოლებსა და ბაღებშიც უნდა მიაქცინონ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღება. თუ ბავშვი არ არის ჯანმრთელი არ უნდა დატოვონ კოლექტივში, რადგან სხვა ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას უქმნის საფრთხეს.
  • ბაღებისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური პირობების დაცვა, განსაკუთრებით ტუალეტებში. აუცილებელია წყალმომარაგების უწყვეტი სისტემა, საპნის არსებობა და სათანადო პერსონალის მიერ კონტროლი, იმისა, რამდენად სწორად მოიხმარენ ბავშვები საპირფარეშოებს. ასევე, უნდა გააკონტროლდეს იბანენ თუ არა ბავშვები ხელებს ტუალეტის ყოველი მოხმარების შემდგომ და კვების წინ.
  • სკოლებისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური პირობების დაცვა ტუალეტებში. ასევე, განათლების მიცემა როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ტუალეტებით სარგებლობისას.

რეკომენდაციები სახლში მოვლისას:

  • ეცადეთ შეძლებისდაგვარად განაცალკევოთ დაავადებული.
  • გარემო და სივრცე, სადაც ავადმყოფი იმყოფება ხშირად გაანიავეთ.
  • ხშირად დააალაგეთ სველი წესით გარემო სადაც არის დაავადებული. ეს არის ვირუსების პრვენციის საუკეთესო საშუალება.

სეზონური ვირუსების თავიდან ასაცილებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრის მსგავსად, პედიატრებიც მშობლებს პირველ რიგში ურჩევენ აკონტროლონ რამდენად სისტემატურად იბანს ხელს ბავშვი ან მოზარდი. ხელების EDU.ARIS.GE-ს პედიატრი ლალი ბერიძე ესაუბრა.

”ჰაერწვეთოვანი ინფექციის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია პირველ რიგში ხელების ხშირი დაბანა. უხვად სითხეებისა და იმუნომასტიმულირებელი საშაულებების მიღება. როცა ოჯახში არის ვირუსიანი, თავი უნდა დავიცვათ ნიღბით. პედაგოგები დაავადების რისკ ჯგუფში არიან, ამიტომ სასურველია სეზონური ვაქცინაცია ჩაიტარონ. რაც შეეხება ბავშვების აცრებს, ეს მშობლის გადაწყვეტილებაა, თუმცა რა თქმა უნდა პედიატრთან კონსულტაციის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს და იმის მიხედვით რამდენად ხშირად ავადდება ბავშვი და როგორი იმუნიტეტი აქვს მას,” – აღნიშნა ლალი ბერიძემ.

გთავაზობთ მის რეკომენდაციებს:

  • ხელების ხშირი დაბანა
  • დაავადებული ბავშვი უნდა იყოს იზოლირებული, მისი გაშვება ბაღში ან სკოლაში ყოვლად დაუშვებელია
  • დაავადებული ბავშვი უნდა დავტვირთოთ სითხეებით
  • გავუძლიეროთ იმუნიტეტი, მათ შორის ჰაერზე ხშირი გასეირნებითა და სრულფასოვანი კვებით
  • როცა ოჯახში ვირუსიანია თავი ნიღბით უნდა დავიცვათ.

საინტერესო ინფორმაცია მოსწავლეების მშობლებისთვის

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური