GE

როგორ დავიმახსოვროთ ყველაფერი ის, რასაც ვსწავლობთ – 5 მარტივი გზა

დღის განმავლობაში საკმაო მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრება გვიწევს, დაწყებული იქიდან, თუ სად დავაპარკირეთ მანქანა, ფეისბუქის პაროლით დამთავრებული. თუ საკუთარ თავს გულმავიწყობას ატყობთ და დეტალების მკაფიოდ აღდგენა გიჭირთ, დიდი ალბათობით, მხოლოდ თქვენ არ აწყდებით ამ პრობლემას.

არსებობს პროფესიონალ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც „მეხსიერების ათლეტები“ ჰქვიათ და მათი მთავარი ამოცანაა, დაიმახსოვრონ მიღებული მხედველობითი და სმენითი ინფორმაცია. ისინი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და თავიანთი უნარების დემონსტრირებას ახდენენ. ზოგიერთმა მათგანმა, 24-26 ივნისს, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოში გამართულ „მეხსიერების ექსტრემალურ შეჯიბრებაში“ მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო მეხსიერების მქონე ამ ადამიანებს  რამდენიმე შესანიშნავი რჩევა აქვთ ჩვენთვის და ამ სტატიაში 5 მარტივ სტრატეგიას წარმოგიდგენთ, რაც მიღებული ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში შეგიწყობთ ხელს:

1. შექმენი „მეხსიერების სასახლე“

„მეხსიერების სასახლე“ ეფუძნება მოსაზრებას, რომ მახსოვრობას უკეთ შეუძლია შემოინახოს სივრცულ-ლოკაციური მოგონებები, ვიდრე დაიმახოვროს კონკრეტული სიტყვები ან საგნები. მეხსიერების ჩემპიონატის მსოფლიო ჩემპიონი, ალეს მულენი, დააკვირდა, რომ ადამიანები მარტივად ვიხსენებთ, სად შევინახეთ საშობაო დეკორაციები ან საკანცელარიო ნივთები. მან ეს ფაქტორი უფრო რთულად დასამახსოვრებელ სავარჯიშოებში გადმოიტანა. მაგალითად, ისეთში, როგორიც საყიდელი პროდუქტების სიის ჩამონათვალის გახსენებაა.

თავად სცადეთ: შეადგინეთ სია (მაგალითად, მოიცავდეს ვაშლს, ქაღალდის ხელსახოცებს, პურს, რძეს, სხვ.) და გონებაში გადადით საკუთარ სახლში და წარმოიდგინეთ თუ სად მიუჩენდით ადგილს თითოეულ ჩამოთვლილ პროდუქტს. მაგალითისათვის, წარმოიდგინეთ სტუმრების ოთახი, სადაც ბავშვები თამაშობენ წყლიანი ჭურჭლიდან ვაშლის ამოღებას, სამზარეულო, სადაც ავეჯი ქაღალდის ხელსახოცებითაა დაფარული; საძინებელი, სადაც თქვენს საწოლზე წამოწოლილი გოლიათი პურის ნაჭრებს ყლაპავს,  ხოლო სააბაზოში, წყლის ნაძვლად, რძე მოდის.

2. წარმოიდგინე სცენა

ჩვენი ვიზუალური მახსოვრობა კამერით ფოტოს გადაღებას ჰგავს: ფოტოს მსგავსად, რასაც ვხედავთ, სწორედ ის ვიზუალური გამოსახულება გვებეჭდება ტვინში, უფრო კონკრეტულად კი, მის შიგნით, სიღრმეში მდებარე ჰიპოთელამუსის უჯრედებში.

მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ვპოულობთ გასაღებს, საფულეს, ტელეფონს ან მანქანას, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს ტვინს ამ პროცესის ბევრი მსგავსი ვერსია აქვს მიწოდებული. თავად დაფიქრდით, რამდენად ხშირად დაგვიპარკირებია მანქანა და ჩაგვიჩურთავს გასაღები. ჩვენი ტვინი ყოველი ამ მოვლენის კოდირებას ახდენს და დროთა განმავლობაში გარჩევა ურთულდება.

მეხსიერების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია მოგონებების გამიჯვნა. ამერიკის შეერთებული შტატების მეხსიერების ჩემპიონატის გამარჯვებული, ჯოშუა ფოერი გვირჩევს:  „შემდეგში, როცა გასაღებს დადებთ, ეცადეთ წარმოიდგენოთ კონკრეტული სცენა, ზედაპირი, რომელზეც გასაღებს დებთ. არის ზედაპირი ხის? რკინის? ბეტონის? წითელი თუ ლურჯი? არის ახლო-მახლო რაიმე ფოტოსურათი ან საინტერესო ნივთი, რომელსაც დაიხსომებთ?

3. დაამყარე ემოციური კავშირი

ობიეტთან და ადგილთან კავშირის შეგრძნება, მათთან დაკავშირებული დეტალების უკეთ დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელის მიზანსაც წარმოადგენდა შედარება იმისა, თუ რამდენად კარგად შეეძლოთ ადამიანებს ფოტოების დამახსოვრება, უბრალოდ სხვადასხვაფრად შეღებილ ქაღალდებთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ საერთო ჯამში, ადამიანებს გაცილებით იოლად შეეძლოთ ფოტოს დეტალების დამახსოვრება, ვიდრე ფერადი ქაღალდების. მკვლევარების აზრით, შედეგები იძლევა მოსაზრების საფუძველს, რომ ჩვენ ფოტოებთან უკეთ ვამყარებთ ემოციურ დამოკიდებულებას და მათ საკუთარ გრძნობებთან ან მოგონებებთან  ვაკავშირებით. შედეგად კი, მეხსიერებაში უფრო მკაფიოდ გვიჯდება.

4. გამოიყენე მენომონიკური ასოციაციები

იმისათვის, რათა სიტყვათა რიგითობა უკეთ დაიხსომოთ, სცადეთ ამ სიტყვების პირველი ასოებისაგან წარმოებული სიტყვის შედგინა. მიდგომა მომდინარეობს ცნობილი მაგალითიდან, რომელიც როი ჯი ბივის სახელს ატარებს და წარმოადგენს ცისარტყელას ფერების თანმიმდევრობის ინგლისურენოვან მენომონიკურ ასოციასიას (Roy G. Biv ანუ: Red, Orange, Yellow, Green, Blue, Indigo, Violet).

წიგნში „გონებაში ჩაბეჭდვა: წარმატებული სწავლის მეცნიერება“, პიტერ ბრაუნი, ჰენრი როედიგერი და მარკ მაკდენიელი წერენ: „მენომონიკა არ არის სწავლების მეთოდი, როგორც ასეთი. თუმცა, გვეხმარება ნასწავლის გახსენებაში, მენტალური სტრუქტურის შექმნის გზით“.

5. დაუკავშირე ახალი ძველს

TED თოქში, ფოერმა განაცხადა, რომ გაცილებით ადვილია წარმოიდგინო ადამიანი, რომელიც პროფესიით ხაბაზია, ვიდრე ადამიანი, გვარად ხაბაზი (ორიგინალში, Baker – მცხობელი, Baker – გვარი, მთარგ. შენიშვნა).

რატომ? იმიტომ, რომ: „გვარი, ხაბაზი, თქვენთვის არც არაფერი ნიშნავს. სიტყვა აბსოლიტურად არ უკავშირდება თქვენს გონებაში მოტივტივე მოგონებების ერთობლიობას. სამაგიეროდ, არსებითი სახელი „ხაბაზი“, გვახსენებს ხაბაზებს – ადამიანებს, სასაცილო თეთრი ქუდებითა და ფქვილიანი ხელებით,“ – განმარტავს ფოერი.

„რაც უკეთ შეძლებთ ახალი ინფორმაციის ძველ ცოდნასთან  კავშირის ახსნას, მით უკეთ შეძლებთ დაუკავშიროთ ისინი ერთმანეთს და ერთი მხრივ, უკეთ აითვისებთ ახალ მასალას და მეორე მხრივ, წარმოქმნილი კავშირები, დაგეხმარებათ შედგომ, უკეთ გახსენებაში,“ – გვირჩევენ წიგნის, „გონებაში ჩაბეჭდვა: წარმატებული სწავლის მეცნიერება“, ავტორები.

დავალებები ვიზუალური მეხსიერების გასავარჯიშებლად (+ფოტო)

15 ვებ-გვერდი ტვინის გასავარჯიშებლად

ტვინის 9 უცნაური, მაგრამ ძალიან სასარგებლო ვარჯიში

წყარო: businessinsider.com

მოამზადა ანა ნემსიწვერიძე,

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური