GE

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად?

სწორად შედგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს წარმატების საწინდარს საზღვარგარეთის თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში მოსახვედრად. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ რეკომენდაციებს, თუ როგორ დაწეროთ სამოტივაციო წერილი.

1. მოსამზადებელი ეტაპი

სანამ წერილის წერას დაიწყებდეთ, დაფიქრდით შინაარსზე. შეეცადეთ შეადგინოთ კითხვების სია, რომლებზეც საჭირო იქნება პასუხი გაეცეს წერილის წერის პროცესში.

ვინ ხართ? რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? რაზე მეტყველებენ თქვენ მიერ მიღწეული სწავლისა თუ სხვა აქტივობების შედეგები? დაასაბუთეთ კონკრეტული მაგალითებით. არ დაწეროთ მარტივად: „მე ჭკვიანი ვარ“. მოყევით, როგორ მოახერხეთ დაგეძლიათ რთული პრობლემა. არ თქვათ უბრალოდ: „მე მიზანდასახული ვარ“. აღწერეთ მიზანი, რომელიც დასახეთ და მიაღწიეთ. მოყევით, როგორ მიაღწიეთ მას.

რატომ აირჩიეთ მეცნიერების ზუსტად ეს სფერო? რა გიზიდავთ მასში? რატომ გსურთ დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება მაინცდამაინც ამ პროფესიას ? არ თქვათ უბრალოდ: „ქიმია – ჩემი საყვარელი საგანი“. მოყევით როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე პირველმა დამოუკიდებელმა ექსპერიმენტებმა ან როგორ გაგიტაცათ კონკრეტულმა იდეამ თუ ფენომენმა.

რატომ აირჩიეთ ეს უნივერსიტეტი? გაიგეთ რაც შეიძლება მეტი მის შესახებ. გაარკვიეთ, რა ხდის ამ უნივერსიტეტს განსაკუთრებულს? არ დაწეროთ: „დიუკის უნივერსიტეტი (Duke University) – შესანიშნავი ადგილია“. აღნიშნეთ, რომელი დისციპლინები გიზიდავთ, დაასახელეთ პროფესორი, რომელიც დაკავებულია თქვენს სფეროში გამოკვლევებით, ან კვლევის ცენტრი, რომელიც მუშაობს მეცნიერების ამ დარგში. აღწერეთ უნივერსიტეტის უნიკალურობა.

როგორია თქვენი პროფესიული მიზნები?
არ დაწეროთ უბრალოდ: „ჩემი მიზანია მივიღო ხარისხი დიუკის უნივერსიტეტში“. მოახდინეთ იმის დემონსტრირება, თუ როგორ შეესაბამება თქვენს პირად და პროფესიულ განვითარებას ისგანათლება, რომელიც გსურთ მიიღოთ. თქვენი სწავლება იქნება გაგრძელება იმისა, რაც უკვე დაიწყეთ და დაგეხმარებათ თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევაში.


2. ესსეს დაწერა

წერა დაიწყეთ ჩანაწერებით, თქვენი პასუხებით წინასწარ კითხვებზე.

ჩამოაყალიბეთ თქვენი იდეები: შეადგინეთ გეგმა, მაგალითად:

პარაგრაფი 1: შესავალი

მიიპყარით მკითხველის ყურადღება რაიმე ამაღელვებლით. წერილის დასაწყისშივე მოახდინეთ მთავარი აზრის ფორმულირება.

პარაგრაფი 2,3,4: მთავარი ნაწილი

მოიყვანეთ მტკიცებულებები თქვენი მთავარი აზრის მხარდასაჭერად. თუ შესაფერისია, მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები თქვენი ცხოვრებიდან, სწავლიდან, სამსახურიდან. შეგიძლიათ ისაუბროთ საკუთარ ოჯახზე, ქვეყანაზე, იმ ადამიანზე, ვინც აღგაფრთოვანებთ.

დასკვნითი პარაგრაფი

გაიმეორეთ და გაამყარეთ თქვენი მთავარი აზრი. დაუკავშირეთ დასკვნითი ნაწილი შესავალს. შესაძლოა, ღირდეს თქვენს ტექსტში მცირე დოზით ოპტიმიზმის შეტანა.

შეარჩიეთ დამაჯერებელი, გულწრფელი ტონი, არც ზედმეტად ოფიციალური, მაგრამ არც სავსებით სასაუბრო. თქვენი სტილი თქვენი ინდივიდუალიზმის ანარეკლია.

ეცადეთ იყოთ კონკრეტული. ყოველთვის აირჩიეთ არა საერთო, არამედ კერძო. არ თქვათ უბრალოდ: „მე ყოველთვის მიყვარდა ფილოსოფია“, – დაასახელეთ ფილოსოფოსი, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მოერიდეთ ზოგად სიტყვებს და ცრუ ემოციებს.

3. რედაქტირება

სტრუქტურა. არის თუ არა ლოგიკური კავშირი პარაგრაფებს შორის?

ტონის გულწრფელობა (მოერიდეთ ზედმეტად ემოციურ ზედსართავებს და ზმნიზედებს). გგავთ კი ტექსტი თქვენ?
სტილის ერთიანობა: პროფესიულია იგი? სასაუბრო?

წერილის მოცულობა: წერეთ მოკლედ, მიჰყევით სამოტივაციო წერილის მოთხოვნებს, შეამოკლეთ ყველაფერი ზედმეტი.

როგორ ფიქრობთ, მოსაწყენი ხომ არ არის? წარმოიდგინეთ დღეში 50 წერილის კითხვა მისაღებ კომისიაში.

რა ეხმარება თქვენს წერილს იყოს გამორჩეული სხვებისგან?

მიიღეთ რჩევები! აჩვენეთ თქვენი წერილი ინგლისური ენის მცოდნეს, თუ შესაძლებელია.

გადაწერეთ კვლავ და კვლავ.

წყარო: http://www.eurogates.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური