GE

როგორ გავართოთ ბავშვები ზამთრის არდადეგებზე?

მალე ზამთრის არდადეგებია. მშობლებმა უკვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ რით გაართონ თავიანთი შვილები ამ დროს. თუ თქვენ შვებულება გაქვთ დაგეგმილი, ბავშვები თქვენთან ერთად თამამად წაიყვანეთ, მათ თავგადასავლები ძალიან გაუხარდებათ. თანაც, არ აქვს მნიშვნელობა სად აპირებთ გამგზავრებას, თბილ ქვეყნებში, თუ სამთო-სათხილამურო კურორტზე, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვისთვის ეს მაინც საინტერესო გამოცდილება იქნება. თქვენი მგზავრობა შემეცნებითი გახადეთ, მოუყევით ქვეყნისა თუ ქალაქის ისტორიის და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ.

თუ დღესასწაულებზე შინ დარჩით, მთავარია უმეტესი დრო აქტიურად და სუფთა ჰაერზე გაატაროთ. მთელი ოჯახით სასრიალო მოედანს ეწვიეთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეგობრები და მათი შვილები შემოგიერთდებიან, სპორტული შეჯიბრებაც თამამად შეგიძლიათ მოაწყოთ.

თუ ბავშვს ციგურებზე სრიალი უჭირს, ეს საუკეთესო დროა ამ პრობლემის გამოსასწორებლად. ოჯახური გასეირნების ორგანიზებაც შეგიძლიათ, ეზოში მხიარული თოვლის კაცი გააკეთეთ, იგუნდავეთ და  ციგით ბავშვებთან ერთად ისრიალეთ. ნაძვის ხე საკუთარ ეზოში მორთეთ და მის გარშემო იმხიარულეთ. დასვენების ეს ტიპი როგორც პატარებისთვის, ისე მოზარდებისთვისაც აქტუალური და საყვარელი თავშესაქცევია.

დღესასწაულების პერიოდში აუცილებლად ეწვიეთ ბავშვთა საახალწლო ღონისძიებებს. თქვენი შვილი თამაშით გულს იჯერებს, სხვა ბავშვებს გაიცნობს, ახალ მეგობრებს შეიძენს და ბევრ  საჭირო ინფორმაციასაც მიიღებს. ყველას უყვარს საახალწლო ზღაპარი. ბავშვისთვის ძალიან საინტერესო იქნება ახალი ლექსის სწავლა იმისათვის, რომ საყვარელი თოვლის ბაბუა გაახაროს და თავისი დაუვიწყარი საჩუქარიც დაიმსახუროს. ეს ყველაფერი კი სწავლისკენ ძალიან კარგ ბიძგს აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბავშვები ტელევიზორსა და კომპიუტერს არიან მიჯაჭვულები, მათ ცირკისა და თოჯინების თეატრი აუცილებლად შეახსენეთ. თამამად წაიყვანეთ თქვენი შვილი წარმოდგენაზე, რომელიც მისთვის საინტერესო და შემეცნებითიც იქნება, მაგალითად რომელშიც მისი საყვარელი ზღაპრისა თუ პოპულარული მულტფილმის გმირი მონაწილეობს. დადებითი ემოციები და მხიარულება არა მხოლოდ პატარასთვის, არამედი მისი მშობლისთვისაც გარანტირებულია. ზამთრის არდადეგებზე შეგიძლიათ ცირკს ეწვიოთ, სადაც ბავშვს ახალი შთაბეჭდილებები და დაუვიწყარი ემოციები ელის. უკლებლივ ყველას უყვარს საცირკო წარმოდგენები, რომლებშიც ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები, პროფესიონალი აკრობატები და ჯამბაზები იღებენ მონაწილეობას. საცირკო წარმოდგენის დასრულების შემდეგ ბავშვს მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაუღეთ. ნებართვის შემთხვევაში კულისებშიც შეიხედეთ, იქ ხომ მთელი ეს ჯადოსნური სამყარო იბადება. ამგვარად თქვენი შვილი წარმოუდგენლად იხალისებს და საოცარ გამოცდილებასაც შეიძენს.

თეატრის მოწყობა სახლშიც შეგიძლიათ. დაპატიჟეთ მეგობრები თავიანთ შვილებთან ერთად, მეზობლად მცხოვრები ბავშვებიც არ დაივიწყოთ და მათი მონაწილეობით სპექტაკლი დადგით. წინასწარ მოამზადეთ სცენარი, ბავშვებს როლები და სიტყვები დაურიგეთ. იმპროვიზებული კოსტიუმების შექმნა კი ადგილზეც შეიძლება. აუცილებელია პატარა მსახიობების აპლოდისმენტებითა და საჩუქრებით წახალისება.

თუ ბავშვებისთვის გამოცანებს, თამაშებსა და სხვა შეჯიბრებას მოამზადებთ, ძალიან მხიარული საღამო გამოგივათ. მოაწყვეთ კონკურსი ყველაზე გრძელ ლექსზე ან საუკეთესო საცეკვაო ნომერზე. წარმოდგენის დასასრულს კი ახალგაზრდა არტისტები დაასაჩუქრეთ.

ბავშვებს, ისევე როგორც მოზარდებს, კერძების მომზადება ძალიან უყვართ. კულინარიულ მასტერკლასებს, რისთვისაც უფროსებს სხვა პერიოდში დრო არ რჩებათ, შეგიძლიათ მთელი არდადეგები დაუთმოთ. შეადგინეთ 1 კვირის მენიუ და ყოველდღიურად ექსპერიმენტები ჩაატარეთ. ერთად გამოაცხვეთ ორცხობილა, ასევე ცომისგან ცხოველებისა და ბავშვის საყვარელი მულტფილმის გმირების ფიგურები შექმენით. ბავშვთან ერთად სალათის ახალი რეცეპტი მოიფიქრეთ და მას ორიგინალური სახელი მიეცით. ამავდროულად, ამ ყველაფრის დაფიქსირება და ინტერნეტში გავრცელებაც შეგიძლიათ.

მოკლედ, ზამთრის არდადეგების გატარების უამრავი იდეა არსებობს. მთავარია, რომ ბავშვი ტელევიზორთან მოსაწყენად არ დატოვოთ. არაფერია იმაზე ცუდი, თუ თქვენმა შვილმა მთელი არდადეგები საყვარელი მულტფილმის ყურებას, ან კომპიუტერულ თამაშს მიუძღვნა. გახსოვდეთ, ზამთრის არდადეგები ოჯახის აქტიურ დასვენებად მარტივად შეგიძლიათ აქციოთ. მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი არ დაგავიწყდეთ – ნებისმიერი ბავშვისთვის მისი მშობლები საყვარელი ანიმატორები არიან. ბავშვი თამაშში ყველაზე აქტიურად სწორედ დედასთან და მამასთან ერთად ერთვება. გახსოვდეთ, ნებისმიერ თქვენგანს მარტივად შეუძლია საახალწლო დღესასწაულები მთელი ოჯახისთვის განუმეორებელ თავგადასავლად აქციოს და ერთმანეთს დააახლოვოს.

რა წავიკითხოთ ზამთრის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია რატი ამაღლობელი

მოამზადა მარიამ მისაბიშვილმა

წყარო: otelidea.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური