GE

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის სახლში?

სკოლისათვის მომზადება საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ახალგაზრდა მშობლები ხშირად იბნევიან – სად და როგორ მოამზადონ ბავშვი, რა ასწავლონ, რათა სკოლაში პრობლემების გარეშე ისწავლოს, შემდგომ კი შესაბამისად გააგრძელოს განათლების მიღება კარგ უმაღლეს სასწავლებელში. გამოცდილი მშობლები კი ყველა საჭირო მასალას თავიანთ შვილებს სახლის პირობებში ასწავლიან.

მომზადება სკოლისათვის: ის, რის შესახებ საუბარიც არ არის სასიამოვნო:

აღიარეთ, რომ ყველაზე ნაკლებად თქვენ ფიქრობთ საკუთარი შვილის მოთხოვნილებებზე, რადგანაც პირველი რასაც გეგმავთ ეს არის: მოვამზადებ ჩემს პატარას ისე, რომ სკოლაში ისწავლოს ყველაზე კარგად და არ მქონდეს მასთან პრობლემები. გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა, რამდენად მოგწონდათ მეცადინეობა? ალბათ ეზოში სირბილი უფრო გიზიდავდათ არა? თქვენ ხაზს გადაუსვამთ თქვენი შვილის უდარდელ ბავშვობას. იგი ვალდებული იქნება ყოველდღიურად რამდენიმე საათი იმეცადინოს, ითვალოს ასამდე, ამოხსნას ლოგიკური ამოცანები, რომელთა პასუხებსაც მშობელი ჩუმ-ჩუმად ათვალიერებს ბოლო გვერდზე. რატომ? ალბათ დამეთანხმებით, რომ თქვენს შვილს ეს არ სჭირდება, ასეთი „ზრუნვა“ მას მიიყვანს შემდეგ დასკვნებამდე:

  1. სკოლაში სწავლა რთულია და მოსაწყენი;
  2. საჭიროა ეშმაკობა, რომ მშობლებმა არ შეგაწუხონ;
  3. მთავარია სწრაფად შეასრულო დავალება, რათა გააკეთო ის, რაც გაინტერესებს;
  4. მშობლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა მინდა მე, ესე იგი მე მათ დიდად არ ვუყვარვარ.

თუ ამ ყველაფერთან ერთად ბავშვი დადის სპეციალურ წრეებზე, სადაც მას ართმევენ დროს და მასწავლებელი არ არის გულახდილი მოსწავლეებთან, მაშინ თავიანთი შავი საქმე მშობლებმა უკვე გააკეთეს: სკოლისადმი ზიზღი იმდენად გაიზრდება, რომ ბავშვი ფრიადოსანი არასდროს გახდება. მოულოდნელია? – სულაც არა!

მაგრამ სკოლისათვის მომზადება ხომ საჭიროა?

რა თქმა უნდა, მომზადებული ბავშვი უკეთ ითვისებს სასკოლო მასალას და თავს გამოიჩენს, როგორც ძლიერი მოსწავლე, სწავლის დაწყებისთანავე. უბრალოდ სკოლისათვის მომზადება უნდა წარიმართოს ჭკუით და დაიწყოს პატარის დაბადებიდან. იგი იმდენ უნარ-ჩვევებს იძენს სკოლამდელ ასაკში, რამდენსაც მომავალში ვერ შეიძენს. რა არის სკოლა? ეს არის სწავლების მორიგი ეტაპი. ამიტომ მშობელმა უნდა მიიღოს სკოლა, როგორც ერთ-ერთი ეტაპი შვილის ცხოვრებაში და ამ ეტაპისთვის მოამზადოს ინდივიდუალურად.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისათვის?

დაივიწყეთ წიგნები, კალიგრაფია და განსავითარებელი რვეულები. მათი დახმარება დაგჭირდებათ მაშინ, როდესაც ბავშვი თავად დაინტერესდება ამით.

ის, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ – მიმართოთ ბავშვის ბუნებისგან ბოძებული ცნობისმოყვარეობა სწორი კალაპოტით.

სახლში მომზადების მიზნები

მსოფლმხედველობის გაფართოება: მოგზაურობა, ხანგრძლივი გასეირნებები, თეატრი, კინო, წიგნების კითხვა

წვრილი მოტორიკის განვითარება: ცომისგან ან პლასტელინისგან ფორმების გაკეთება, ხატვა, მოზაიკა.

სოციალიზაცია: თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა, კარგი იქნება თუ პატარა თავისი ასაკის ბავშვებთან ერთად ითამაშებს ეზოში

აკურატულობა: სახლის დალაგება, სამუშაო ადგილის სისუფთავე, პირადი ჰიგიენის ნორმები, ხელების დაბანა ჭამის წინ.

პასუხისმგებლობა: საკუთარს ქმედებებზე, აქ იგულისხმება ძირითადად მშობლების დაპირებების შესრულება, დაპირდით ბავშვს რაიმე, აუსრულეთ.

ლოგიკის განვითარება: უბრალოდ ესაუბრეთ ბავშვს, დაინტერესდით რა იქნება, თუ? დასვით კითხვები, ამოხსენით კროსვორდები, რებუსები.

მეტყველება: ექვსი წლისთვის თქვენმა შვილმა უნდა გამოთქვას ყველა ასო-ბგერა და ილაპარაკოს გამართული წინადადებებით, თუ მას ეს უჭირს, მიმართეთ სპეციალისტს.

სახლში სასკოლოდ მომზადების დევიზი შემდეგია: გაუმარჯოს ინტერესს! როდესაც არის ინტერესი, სკოლაში სწავლა აღმოჩნდება საინტერესო და მიმზიდველი.

საინტერესო ინფორმაცია მოსწავლის მშობელს

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

წყარო: ros-obrazovanie.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური