GE

როგორ მუშაობს სკოლებთან არსებული დისციპლინური კომიტეტები გორში

13 მარტს, გორის  #6 საჯარო სკოლაში მე -8  კლასის მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ პოლიცია გამოიძახა, ამ ეტაპზე სკოლის ადმინისტრაცია და ადგილობრივი რესურსცენტრი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებენ.

სკოლის დირექტორის მაკა ნუცუბიძის თქმით, მისთვის საქმის დეტალები ცნობილი არ არის. რაც შეეხება ინციდენტის მონაწილე პედაგოგის კვალიფიკაციას და ავტორიტეტს, დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში მასწავლებელზე ინფორმაცია მოიძია და აღმოჩნდა, რომ ის კოლეგებსა და მოსწავლეებში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნული იცნიდენტის შესახებ Aris.ge- განათლებასთან საუბრისას ამბობს, რომ პოლიციას მოკვლევა არ დაუსრულებია. მას შემდეგ კი, რაც პოლიცია სკოლას დასკვნას გადაუგზავნის, ზურაბ ქარელი გვპირდება, რომ ინფორმაციას ინციდენტის შესახებ, არც რესურსცენტრი დამალავს და არც სკოლა.

ინციდენტის მონაწილე პედაგოგის შესახებ Aris.ge- განათლებამ  მოსწავლეებსაც ჰკითხა. ისინი პედაგოგს დადებითად ახასიათებენ, მოსწავლეთა ნაწილი კი საუბრობს, რომ ინციდენტის დროს მერვე კლასის მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა.

მეექვსე საჯარო სკოლაში არსებულ დისციპლინურ კომიტეტს მომხდარი იცნიდენტის მოკვლევა ჯერ არ დაუწყია. დირექტორის ინფორმაციით მოკვლევას ისინი გამოძიების დასრულების შემდეგ დაიწყებენ.

Aris.ge – განათლება დაინტერესდა, როგორ მუშაობს სკოლებთან არსებული დისციპლინური კომიტეტები გორის სკოლებში.

უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტების მთავარ მიზანს სწორედ მსგავსი ფაქტების შესწავლა და მასწავლებლის მიერ გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში გარკვეული სახდელების დაწესება წარმოადგენს, ცხადია, თუ ამის საჭიროება არსებობს. მიუხედავად განათლების სამინისტროს პოზიციისა, რომ „უპირველეს ყოვლისა, დისციპლინური გადაცდომის კომიტეტი არის დამცავი მექანიზმი ნებისმიერი პედაგოგისადმი და იგი დაცულია ადმინისტრაციის ან დირექტორის მხრიდან ნებისმიერი სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებისგან“ -თავად  პედაგოგები ასე არ ფიქრობენ.

დისციპლინურ კომიტეტს ადგილობრივი პედაგოგების ნაწილი  იმედის თვალით არ უყურებს. გორელი პედაგოგები მიიჩნევენ, რომ ცენტრალიზებული გზით გამოცემული ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომიტეტი სკოლის ადმინისტრაციის ავტონომიის შეზღუდვას უწყობს ხელს.

მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლელა კაკაშვილი ამბობს, რომ მასწავლებლის დისციპლინური რეგულაციები დღემდეც არსებობდა, რაც მასწავლებლის ეთიკის კოდექსში და ზოგადი განათლების შესახებ კანონში იყო გაწერილი. კაკაშვილის თქმით, სკოლის შინაგანაწესი დასჯის და ნაკლებად წამახალისებელი მექანიზმებით არის გაჯერებული, რასაც პედაგოგი არსებული სისტემის ნაკლოვანებად მიიჩნევს.

,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოლშევიკურ საქართველოში ვბრუნდებით. დასჯაზე დამყარებული დისციპლინა არ არის შეგნებული დისციპლინა. სკოლაში სიმშვიდე და კეთილგანწყობა უნდა სუფევდეს რადგან პედაგოგს, მოსწავლეების, ბავშვების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფისიქიკასთან უწევს შეხება. დასჯილი და დამცირებული მასწავლებელი კი ამ ფსიქიკას აზიანებს.

პედაგოგი  არ არის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. ჩემი აზრით პედაგოგიკის საფუძვლები ირღვევა მაშინ, როდესაც მშობლების, მოსწავლეების და პედაგოგების მიერ შექმნილმა კომისიამ უნდა განიხილოს.

სკოლაში პედაგოგთან არსებული პრობლემა დირექტორმა კონფიდენციალურად უნდა განიხილოს.თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დირექტორს ქირაობს სახელმწიფო, მაშინ დირექტორს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ პედაგოგს მისცეს ან საყვედური, ან შენიშვნა, ან გაუშვას კიდეც სკოლიდან. და თუ  სკოლას ვანდობთ დირექტორის არჩევას,  მასწავლებლების არჩევას, ჩვენი შვილების განათლებას, მოდით სკოლას მივანდოთ ის პროცედურებიც, რომლებიც მასწავლებლის ქცევას გააკონტროლებს. მასწავლებლის დისციპლინარული რეგულაციები დღემდეც არსებობდა. ეს ყოველივე გაწერილი იყო მასწავლებლის ეთიკის კოდექსში და ზოგადი განათლების შესახებ კანონში. სკოლის შინაგანაწესები ხომ გაჯერებულია დასჯის და ნაკლებად წამახალისებელ  მექანიზმებზე, ეს  ჩვენი სისტემის ნაკლია,“ – ამბობს  Aris.ge- განათლებასთან საუბრისას ლელა კაკაშვილი.

მე-9 სკოლის პედაგოგი ია ბჟალავა, 2012 წელს,  სკოლის ადმინისტრაციამ ახსნაგანმარტების გარეშე გაათავისუფლა. ბჟალავას თქმით, დისციპლინური კომიტეტი,  3 წლის წინ რომ ყოფილიყო, სკოლიდან მისი გათავისუფლება ასე მარტივად ვერ მოხდებოდა. ბჟალავა მიიჩნევს, რომ კომიტეტის მუშაობისას აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სუბიექტური მიდგომები.

„რაც შეეხება ზოგადად ასეთი კომიტეტის არსებობას, ამ თემაზე სკოლაში განხილვა არ გვქონია. ზოგადად კი მე რეგულაციებს მაინცდამაინც ოვაციებით არ ვხვდები,’’ – აცხადებს პედაგოგი.

Aris.ge- განათლებამ გორის სკოლებში დისციპლინური კომიტეტების მუშაობის შესახებ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელსაც ჰკითხა.

ზურაბ ქარელი გვეუბნება, რომ კომიტეტი ყველა სკოლაში მუშაობს. ამასთან დასძენს, რომ დისციპლინურ კომიტეტს რესურსცენტრთან ანგარიშვალდებულება არ გააჩნია, რის გამოც მათ მიერ სკოლებში შესწავლილი საქმეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

გიორგი არის© ედიშერაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური