GE

როგორ შევაყვაროთ სკოლა

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსწავლეს სკოლა არ უყვარს, არ მოსწონს სწავლის პროცესი, არ აინტერესებს, რას ასწავლიან და რისი გაგება შეუძლია. ასეთ დროს მშობლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ პატარას სკოლა შეაყვარონ და გააგებინონ, რომ აქ მიღებული განათლების გარეშე მომავალს ვერ შეიქმნიან.

დააინტერესეთ

აუხსენით, რომ სკოლა მხოლოდ გაკვეთილები, საკონტროლოები და დაფასთან გამოძახება არ არის. გაახსენეთ, რომ იქ მეგობრებიც ელიან, რომ აქვს ლამაზი ჩანთა და რომ სკოლაში კლასგარეშე აქტივობებიც არსებობს. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ სკოლა არ არის საპატიმროს ტიპის დაწესებულება, უნდა დაიჯეროს, რომ აქ მეცადინეობის გარდა სხვა პროცესიც მიმდინარეობს, რაც რეალურად ასეცაა. ხშირად უქეთ მასწავლებელი, უთხარით, რომ ის მისი უფროსი მეგობარია, სწორედ ის ადამიანია, ვისაც ბოლომდე შეუძლია ენდოს. ეცადეთ, რაც შეიძლება ნათლად წარმოადგენინოთ სკოლაში გასატარებელი პერიოდი. უთხარით, რომ პირველ წარმატებას სწორედ აქ მიაღწევს, რომ აქ შეიძენს ბავშვობის მეგობრებს. მოიყვანეთ მითვის ავტორიტეტული ადამიანების მაგალითიც (თუნდაც გამოგონილი პერსონაჟების) და აუხსენით, რომ ისინიც დადიოდნენ სკოლაში.

წაახალისეთ

ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოისყიდოთ. კარგ ნიშნებს ახალი საჩუქრის ყიდვის მიზეზად ნუ აქცევთ, თუმცა არც უამისობა იქნება. თუ ბავშვი მართლაც ცდილობს და საკუთარ შედეგს აუმჯობესებს, მაშინ ნამდვილად იმსახურებს ახალ სათამაშოს ან საინტერესო წიგნს. მოსწავლემ უნდა იცოდეს, თუ რისთვისაა აუცილებელი საშინაო დავალების შესრულება, უნდა გააცნობიეროს, რომ ამის გარეშე პროგრესი არ ექნება. კარქი იქნება, თუ საშინაო შეფასების სისტემას შემოიღებთ. მაგალითად, ყველა კარგად შესრულებულ დავალებაზე ან ნასწავლ ლექსზე ბლოკნოტში თითო ვარსკვლავი ჩაუკარით ან იგივე გააკეთეთ მაცივარზე, რათა ბავშვმა იცოდეს, რომ მის წარმატებას მთელი ოჯახი გულშემატკივრობს.

დაუსახეთ მიზანი

ეს ყველას სჭირდება, მით უფრო, ბავშვს, რომელსაც საკუთარ მომავალზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. მან უნდა იცოდეს, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად ყოველდღიური მეცადინეობა და გაკვეთილების ყურადღებით მოსმენა აუცილებელია. ხშირად ესაუბრეთ იმის შესახებ თუ რა სურს გამოვიდეს. შეიძლება ყოველ დღე სხვა და სხვა პროფესია დაასახელოს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა – მთავარია, თქვენს შორის კომუნიკაცია იმ მიმართულებით წარიმართოს, რომ კარგ პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია გარკვეული თვისებების შეძენა, რაც მხოლოდ სკოლაში შეიძლება მოხდეს.

დაუგეგმეთ

დაუგეგმეთ, რათა არ დააძალოთ. თუ ბავშვს ერთი კვირის გეგმას შეუდგენთ, ის სამუშაოს მეტი ხალისითა და მიზანმიმართულად გააკეთებს. გარდა ამისა, გარკვეული გეგმა იმისთვისაცაა საჭირო, რომ მოსწავლემ ახალი საგნების დამატება გაცილებით მარტივად მიიღოს ანუ წინასწარვე იყოს მზად, რომ მომდევნო სემესტრიდან, ვთქვათ, ქიმიის სწავლა მოუწევს. გეგმის მიხედვით თუ იხელმძღვანელებს, სასკოლო სამუშაოს გაცილებით ხალისიანად გააკეთებს, რადგან ეცოდინება, რომ კვირის ბოლოს მშობლებთან ერთად გასეირნება ან მეგობრებთან ერთად კარგი გართობა ელის. უმჯობესია, თუ ამ გეგმას შვილთან ერთად შეადგენთ და საერთოდაც, ეცადეთ, რომ ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული შეთანხმებულად აკეთოთ.

წყარო

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური