GE

როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა სწრაფად?!

თანამედროვე მსოფლიოში უცხოენის ცოდნის გარეშე წარმატების მიღწევა ძნელად წარმოსადგენია. უცხოენის მაღალ დონეზე ცოდნა ხშირ შემთხვევაში დასაქმების უპირობო გარანტიაა. ეჭვგარეშეა, რომ დღეს ყველაზე გავრცელებული ენა -ინგლისურია. ამ ენაზე მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი საუბრობს. ეს ენა მზარდად პოპულარულია საქართველოშიც.

როგორ და რა მეთოდებით უნდა შევისწავლოთ ინგლისური მაქსიმალურად ეფექტურად, სწრაფად და ხარისხიანად?!

ამ საკითხზე Aris.ge – განათლებამ საქართველოში არსებული რამდენიმე წამყვანი ტრენინგ ცენტრი გამოკითხა.

“ბრიტანული ცენტრი” მსურველებს ინგლისურ ენას უკვე ათ წელზე მეტია ასწავლის. როგორც მისი ხელმძღვანელობა აცხადებს ეს ყველაზე დიდი ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლაა მთელს ამიერკავკასიაში. ბრიტანული ცენტრის არჩევანი “ქალანის” მეთოდია.

“ჩვენ პირველებმა შემოვიტანეთ ქალანის მეთოდის სწავლება. ეს მეთოდი 4–ჯერ უფრო სწრაფად ასწავლის უცხოენას მსურველებს. ის რომ ჩვენი არჩეული მეთოდი სწორია ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენი რვა ფილიალი წარმატებით ფუნქციონირებს. “ქალანის” ორგანიზაციასთან სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ბრიტანული ცენტი ქალანის მეთოდის მასალების ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. სხვა ყველა ცენტრი აღნიშნულ მიმართულებას პირატულად იყენებს. სწორედ ამ პირატული ცენტრების დამსახურებაა ხმები თითქოს “ქალანი” მხოლოდ მეტყველების სწავლაა”. ჩვენთან ბრიტანულ ცენტრში მეტყველებას, გრამატიკას, კითხვას და წერას თანაბარ მნიშვნელობას ვანიჭებთ.” – განუცხადა Aris.ge-განათლებას ცენტრის წარმომადგენელმა ნინო მგელაძემ. მისი თქმით “ქალანის” მეთოდი დაფუძნებულია სავარჯიშოებზე რომელიც გონებას ანვითარებს და მოსწავლეს ინგლისურად ფიქრს ასწავლის. თუ მსურველს სახლში მეცადინეობა სურს “ბრიტანული ცენტრისგან” მათ ინტერნეტ პლატფორმის უნიკოდი გადაეცემათ.

ტრენინგ ცენტრ “Queen’s English”-ის სწავლების მეთოდი “Direct English”-ია. ამ მეთოდის თავისებურებებზე Aris.ge- განათლებას ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მანჯავიძემ ესაუბრა:

“ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია. ბოლო ორი წელია “დაირექთინგ ინგლიშს” ვიყენებთ. მზარდმა ინტერესმა და შედეგმა დამარწმუნა რომ სწორი არჩევანი გავაკეთე როდესაც ეს მეთოდი ავირჩიე. გაცილებით ბევრი უპირატესობა აქვს. უფრო მეტი მზა ფრაზებია, მეტი ლოგიკური სავარჯიშო, სამუშო პროცესში მეტი სიტყვაა ჩართული, მეტი მზა დიალოგები და ამოცანები. ხშირად ინგლისური ენის შემსწავლელებს დროის პრობლემა აქვთ, ამიტომ ეს მეთოდი არ ითვალისწინებს სახლის დავალებას, ყველაფერი კეთდება აქვე გაკვეთილზე” – განაცხადა თამარ მანჯავიძემ.

ტრენინგ ცენტრმა Language Club-მა კი არჩევანი კომუნიკაციურ მეთოდზე გააკეთა.

“კომუნიკაციური მეთოდი ბევრი სხვა მეთოდის ერთობლიობაა. ჩვენ ვერგებით თითეულ მოსწავლეს. ვიღაცას მათემატიკური აზროვნება აქვს, ვიღაცას კროსვორდების შევსება ურჩევინია, ვიღაცას ლექსიკა, ვიღაცას დიდხანს ჯდომა უჭირს, ჩვენ ყველა შემთხვევისთვის ინდივიდუალურ მიდგომას ვიყენებთ. ჩვენთვის არ არის პრიორიტეტი მხოლოდ საუბარი ან მხოლოდ გრამატიკა. ყველაფერს ერთად ვასწავლით და შედეგი ყოველთვის წარმატებულია” – განაცხადა ანი ელისაბედაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე წამყვანი ცენტრი, სწავლების განსხვავებულ მეთოდებს იყენებს ყველა მათგანი აცხადებს რომ ენის სრულყოფილად შესასწავლად წელიწად ნახევარია საჭირო. ეს იმ შემთხვევაში თუ გაკვეთილი კვირაში ორჯერ ან სამჯერ ტარდება. ყველაზე ეფექტურ მეთოდად ენის შესწავლის კი ენის შესწავლის მსურველის მონდომება და შრომისმოყვარეობა სახელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური