GE

როგორ ვწეროთ სწორად სიტყვათა ან შესიტყვებათა შემოკლებები – აბრევიაცია გრამატიკულ ცნობარში

მკითხველის თხოვნით „გრამატიკულ ცნობარში“ დღეს სიტყვათა შემოკლებებს მიმოვიხილავთ. დღესდღეობით ქართულში გვხვდება სიტყვათა ან შესიტყვებათა შემოკლებები. სიტყვიერ შემოკლებას აღნიშნავენ ტერმინით – აბრევიაცია, ამ პროცესის შედეგს კი აბრევიატურას უწოდებენ.

განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული შემთხვევა:

როცა სიტყვას ვამოკლებთ თავკიდური ნაწილის შენარჩუნებით, წერტილი დაისმის უმარცვლო ერთი ან ორი საწყისი თანხმოვნის შემდეგ,ან დახურული მარცვლის-თანხმოვნით გათავებული პირველი ან მეორე მარცვლის შემდეგ:

წ.=წელი

გვ.=გვერდი

იხ.=იხილე

კიდური ნაწილების დეფისით შეერთება

ზოგიერთი სიტყვა მოკლდება სპეციფიკურად – თავკიდური და ბოლოკიდური ნაწილების დეფისით შეერთების გზით. ასეთებია:

საზ-ბა ( საზოგადოება), ლიტ-რა(ლიტერატურა)

შემოკლება სასვენი ნიშნების გარეშე ფორმდებადროის და ზომა-წონის ერთეულთა სახელების შეკვეცის დროს:

მ(მეტრი), გ(გრამი), ლ(ლიტრი), სთ (საათი), წთ(წუთი), წმ(წამი), კმ(კილომეტრი);

წერტილი დაესმის შემდეგი სიტყვების შემოკლებებს:

წ. (წელი)

ს.(საუკუნე)

ტ.(ტომი)

წ. ( წიგნი)

მაგალითად, წ. I; ( წიგნი პირველი)

ტ.I; ( ტომი პირველი)

ერთზე მეტი სიტყვის შემოკლება საწყისი ასოების შეერთებით:

რაც შეეხება სიტყვათშეთანხმებების შემოკლებებს – ძირითადად მოკლდება ნაცვალსახელურ-ზმნისართული შესიტყვებები. წერტილი უნდა დაისვას ორსავე შემთხვევაში შემოკლებული სიტყვების ბოლოს:

ესე იგი ( ე.ი.), ეგრეთ წოდებული ( ე.წ.), ასე შემდეგ ( ა.შ.)

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ერთზე მეტი სიტყვაფორმისგან შედგენილი ტერმინის ან საკუთარი სახელის შემოკლება:

რაიმე ორგანიზაციის, დაწესებულების საკუთარი სახელის (ონიმის) ასოითი გამოსახულებები ქმნიან დამოუკიდებელ სიტყვებს – სახელებს, რომლებიც იბრუნვის სათანადო ენის ბრუნვათა სისტემის მიხედვით. ამგვარი შემოკლების შედეგად ვიღებთ სწორედ აბრევიატურებს ( ეწოდებათ აგრეთვე აკრონიმული, ანუ ინიციალური წესით შედგენილი უცხოური აბრევიატურები).

საერთაშორისო აბრევიატურები შეიძლება მომდინარეობდეს ევროპული ენებიდან ან წარმოიქმნას მშობლიური ენის ნიადაგზე. ამგვარი აღმნიშვნელების პირველი ასოების გაფორმებისას წერტილების დასმა საჭირო არაა. განვიხილოთ გავრცელებული მაგალითები:

გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია).

ბრუნვის შემთხვევაში ბრუნვის ნიშანი დაერთვის აბრევიატურას და არ გამოიყოფა დეფისით: გაერომ, გაეროს…

იგივე წესი მოქმედებს თანდებულების დართვისას: გაეროში, გაეროსთან და ა.შ.

საგანგებოდ აღვნიშნავთ საკუთრივ ქართულის ნიადაგზე წარმოქმნილი შენაერთი ორი ან მეტი სიტყვის პირველი ასოების მიხედვით შექმნილ შემოკლებათა მართლწერის წესსაც. ამ შემთხვევაში წესი იგივეა, რაც საერთაშორისო აბრევიატურების გაფორმებისას ვახსენეთ – პირველი ასოები ფორმდება წერტილების გარეშე. ამასთან, დაუშვებელია ამგვარი შემოკლებების მარცვლებად გაფორმება. შესაბამისად, სწორია:

თსუ ( და არა თესეუ ან თ.ს.უ.)

ისეთი უცხოური აბრევიატურების გასაფორმებლად, რომლებიც რთული შედგენილობისაა და აბრევიატურის შემადგენელი სიტყვების პირველი ასოების წარმოთქმას ეყრდნობა,  შემადგენელი კომპონენტების საწყისი ასოების სახელწოდებათა შორის აუცილებელია დეფისის ჩასმა:

მაგალითად, BBC – British Broadcasting Corporation

ორგანიზაციის აბრევიატურის წარმოითქმისას ვეყრდნობით  სახელწოდების შემადგენელი სიტყვების პირველი ასოების ფონეტიკურ წარმოთქმას. აღნიშნული წესის თანახმად, შემოკლება ქართულად გაფორმდება შემდეგნაირად: ბი-ბი-სი.

ბრუნვის ნიშნის დართვისას დეფისით გამოყოფა საჭირო არ არის: ბი-ბი-სიმ, ბი-ბი-სის…

CNN – სი-ენ-ენი, სი-ენ-ენმა, სი-ენ-ენს…

ABC – ეი-ბი-სი, ეი-ბი-სიმ, ეი-ბი-სის…

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური