GE

რომელ აქტივობაში რამდენი კრედიტქულა მიენიჭებათ ძველ სქემაში ჩართულ პედაგოგებს?!

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასების მიზნით 20 აგვისტოდან რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. პედაგოგებმა რომლებმაც 2011–2014 წლებში პროფესიული აქტივობები განახორციელეს და ელექტრონულ პორტფოლიოებში ატვირთეს, გაწეულ შრომა არ დაეკარგებათ. აქტივობების შეფასებისა და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში მათ კრედიტ ქულები მიენიჭებათ.

როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია პედაგოგებმა და რომელი აქტივობა რამდენი ქულით ფასდება – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Aris.ge-განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი ესაუბრა.

– ყველა მასწავლებელი ვალდებულია შეფასების ეს პროცესი გაიაროს? თუ არის გამონაკლისები?

– ასეთი ვალდებულება არ არსებობს. პროცესი სრულიად ნებაყოფილობითია, როგორც იყო ძველი სქემა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანები თავის დროზე ჩაერთნენ ძველ სქემაში, იშრომეს და ჰქონდათ პროფესიული განვითარების მოტივაცია, სავარაუდოდ, მათ ასევე უნდა ჰქონდეთ მოტივაცია და დაინტერესება, რომ ეს შრომა არ დაეკარგოთ და შესრულებული აქტივობების კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში მიენიჭოთ კრედიტქულა, რომელიც ახალ სქემაში დამატებითი აქტივობების ნაწილში აისახება. ეს დაეხმარება მათ უფრო სწრაფ კარიერულ ზრდაში.

– რეგისტრაციის პროცესი როგორ ხდება და რა არის ამ პროცესიისთვის საჭირო?

– შეფასების მსურველმა პირველ რიგში რესურსცენტრში უნდა შეავსოს შეფასების განაცხადი. განაცხადის ფორმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეც დევს. განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ უნდა შეავსოს პროფესიული განვითარების განხორციელებული აქტივობების გეგმა, რომელსაც დაადასტურებს სკოლის დირექტორი. ამის შემდეგ აღნიშნული აქტივობების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს სხვადასხვა დოკუმენტი: კვლევის ანგარიში; ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია; საგანმანათლებლო პროექტის გეგმა და რეფლექსია; ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვარი; პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით აუცილებელია პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმა და რეფლექსია; „თემის წარდგენა კათედრაზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით“ – აქტივობის რეფლექსია კითხვარის გამოყენებით. როდესაც მასწავლებელი საკუთარ პორტფოლიოში თავს მოუყრის და მოაწესრიგებს შერჩეული აქტივობების დამდასტურებელ დოკუმენტაციას, მან უნდა მიმართოს თავის სკოლას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში – „ისქულში“ (eSchool) განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტაციის ატვირთვას. ატვირთვის ინსტრუქციაც ასევე ხელმისაწვდომია სკოლებისა და მასწავლებლებისთვის.

– რამდენმა პედაგოგმა გაიარა ამ დროისთვის რეგისტრაცია?

– რეგისტრაცია 20 აგვისტოს დაიწყო, შესაბამისად ნაჩქარევია რაოდენობაზე საუბარი. რეგისტრაციის რაოდენობები გვეცოდინება მისი დასრულების შემდეგ, 21 სექტემბერს.

– რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ რამდენ ხანში დაიწყება შემოწმების პროცესი?

– 20 აგვისტოდან – 21 სექტემბრამდე მასწავლებლებს აქვთ მიცემული ვადა, რათა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ატვირთონ განაცხადი და დოკუმენტაცია. 28 სექტემბრიდან – 13 ნოემბრამდე კომისიების მიერ მასწავლებელთა შეფასება განხორციელდება. 16-20 ნოემბრის პერიოდში მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ კომისიების გადაწყვეტილებებს.

– ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების კომპეტენციების შეფასება 4 მიმართულებით, სპეციალურად შექმნილი დადასტურების ინსტრუმენტებით მოხდება: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა; სასწავლო რესურსის შექმნა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა – თითო ეს აქტივობა რამდენი კრედიტქულით მოწმდება?

– სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა – 3 კრედიტქულა; სასწავლო რესურსის შექმნა – 1 კრედიტქულა; პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა – 2 კრედიტქულა; საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა – 4 კრედიტქულა, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ სერტიფიცირებულ, დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებელს ეხება.

– ყველას ჩაბარებაა სავალდებულო თუ ამ ოთხიდან მხოლოდ ერთის?

– რა მიმართულებითაც იმუშავეს, შეუძლიათ იმ მიმართულების აქტივობა წარმოადგინონ იმ ვადებში, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ. ერთიც შეფასდება თუ მასწავლებელი სხვას არ წარმოადგენს. ამ ტიპის ვადები არ არსებობს.

– რუბრიკები და კითხვარები უკვე მზადაა? პედაგოგები თუ გაეცნენ?

– დიახ, ცენტრმა ვებგვერდზე საჯაროდ განათავსა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტი და სოციალური ქსელებითაც აქტიურად ვრცელდება.

– კონსულტაციების პროცესი როდის დაიწყება?

– კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. შემოდის არაერთი ზარი, რომელსაც ვპასუხობთ და ვეხმარებით მასწავლებლებს, რათა მარტივად ატვირთონ ინფორმაცია და უმტკივნეულოდ გაიარონ შეფასების პროცესი.

– კომისიები უკვე დაკომპლექტებულია – თითო 3 წევრისგან შედგება. როგორ მოხდა მათი შერჩევა და რა ნიშნით შეირჩნენ ისინი?

– კომისიები ჯერ არ არის დაკომპლექტებული. ჯერ უნდა განისაზღვროს რომელ რაიონში რამდენი მასწავლებელი გაივლის რეგისტრაციას, რა საგნის პედაგოგები იქნებიან, მხოლოდ ამ რაოდენობების დაზუსტების შემდგომ იქნება შესაძლებელი კომისების დაკომპლექტება. კომისიები დაკომპლექტდება ცენტრის საგნის კონსულტანტების, ტრენერ-კონსულტანტების და ტრენერების მიერ.

– თუ ატვირთული მასალა არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და სტანდარტებს, შესაბამისად მასწავლებელს არ მიენიჭება კრედიტქულა – რა ვადაში შეუძლია ატვირთოს ხელმეორედ?

– შეგახსენებთ, რომ საუბარია 2011-2014 წლებში სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასებაზე. ეს აქტივობები მათ უკვე განხორციელებული აქვთ. თუ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს აქტივობა, მას არ მიენიჭება კრედიტქულა. ახალი აქტივობების უკეთესი ხარისხით განხორციელება მასწავლებლებს უკვე ახალი სქემის ფარგლებში შეეძლებათ.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური