GE

რომელი საგნის აბიტურიენტებს დაუკმაყოფილდათ ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის პროცესი დასრულდა. სულ საკუთარი ნაშრომის პირველადი შეფასება 2 ათასამდე აბიტურიენტმა გაასაჩივრა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ,,გამპროტესტებლების“ რაოდენობა წელს ძალიან ცოტა იყო.

სააპელაციო კომისიის წევრებს 150 ათასზე მეტი ნაშრომიდან მხოლოდ 1.34%–ის გადახედვა მოუხდათ თავიდან. საბოლოო შედეგი 389 აბიტურიენტს შეეცვალა, აქედან 361 აბიტურიენტს ქულა მოემატა, 28-ს კი დააკლდა.

სააპელაციო კომისიის მიერ დაწერილი ქულა საბოლოოა, აბიტურიენტს მისი გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოს გზით შეეძლება.

როგორც EDU.ARIS.GE -ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ყველაზე მეტი აპელაცია იმ საგნებში შედის, რომელსაც უფრო მეტი აბიტურიენტი წერს. ასეთი კი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა და ზოგადი უნარებია.

,,ქართული ენა და ლიტერატურა ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულოა, შესაბამისად, მას ყველა წერს. ამას დამატებული ისიც, რომ ქართულში ესეც იწერება და ისეთი დავალებებიც არის, რომელსაც მსჯელობა სჭირდება. შესაბამისად, ეს არის იმის მიზეზი, რომ ამ საგანში შედარებით მეტი სააპელაციო განაცხადი შემოდის. ზოგად უნარებში აპელაცია სიმბოლურია, რადგან ამ საგანის ნაშრომებს სკანერი ასწორებს და შეცდომის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს,“ – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.

თუმცა, ამის მიუხედავად, სააპელაციო განაცხადები წელს ზოგად უნარებშიც იყო, და არც თუ ისე ცოტა. ზოგადი უნარების პირველად შედეგებში ეჭვი 300-ზე მეტმა აპლიკანტმა შეიტანა, თუმცა წელსაც არც ერთ მათგანს შედეგი არ შეცვლია.

როგორც გავარკვიეთ, არჩევითი საგნების პირველადი შედეგი 0-დან 4 პროცენტამდე აბიტურიენტმა გაასაჩივრა. ოთხ პროცენტზე ოდნავ მაღალია ლიტერატურის ნაშრომების პირველადი შედეგებით უკმაყოფილი აპლიკანტების რაოდენობა. მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის შედეგები კი დაახლოებით 2,5%-ზე ოდნავ მეტმა მონაწილემ გააპროტესტა (თითოეულ საგანში იმ აბიტურიენტების 2,5%-ზე მეტმა, ვინც შესაბამისი გამოცდა ჩააბარა).

რაც შეეხება უცხო ენებს: არც ერთი სააპელაციო განაცხადი არ შესულა ფრანგულ ენაში. ინგლისური ენისა და ლიტერატურის შედეგი აბიტურიენტების (მათ ვინც ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარა ) 1%-ზე ნაკლებმა გაასაჩივრა. გერმანულისა და რუსულის შედეგები 1%-ზე ოდნავ მეტმა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ქულების მომატება ყველაზე მეტად არჩევით ლიტერატურის გამოცდის ნაშრომებში დაფიქსირდა (აპელირებული ნაშრომების 30%-ზე ოდნავ მეტი, საგანში ნაშრომების საერთო რაოდენობიდან კი 1%-ზე ცოტა მეტი). შემდეგ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურსა და ისტორიაში (აპელირებული ნაშრომებიდან დაახლოებით 20%-25%, საგანში საერთო რაოდენობიდან 0,1%-0,3%). ეს მაჩვენებელი ნაკლებია საბუნებისმეტყველო საგნებში, თუმცა ამ გამოცდებიდან შედარებით მეტია ქულის ცვლილება ბიოლოგიასა და ქიმიაში (ქულა მოემატა აპელირებული ნაშრომების 13% ბიოლოგიაში, 15%-ს ქიმიაში, რაც ამ საგნებში ნაშრომების საერთო რაოდენობის დაახლოებით 0,1%-ო,2%-მდეა).

რაც შეეხება საბოლოო სტატისტიკური მონაცემებს, როგორც გამოცდების ცენტრში განმარტავენ, მონაცემები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

რაც შეეხება სააპელაციო თანხის უკან დაბრუნების პროცედურას – ყველა იმ აბიტურიენტს რომელსაც ქულა შეეცვალა, თანხა, 50 ლარი უკან დაუბრუნდება. აბიტურიენტების ჩარიცხვების პროცესის დასრულების შემდეგ, ერთი თვის ვადაში აპლიკანტმა უნდა შეავსოს თანხის დაბრუნების განაცხადი და შემდგომ ერთი თვის მანძილზე თანხა მითითებულ ანგარიშზე უკან დაუბრუნდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური