GE

„რუსული ქველმოქმედება“ – 90 ქართველი სტუდენტი განათლებას რუსულ უმაღლესებში მიიღებს

90 ქართველი ახალგაზრდა სექტემბრიდან უმაღლეს განათლებას რუსეთის ფედერაციაში მიიღებს. რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართველი სტუდენტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სწორედ ამდენი ადგილი გამოყო.

ახალგაზრდების შერჩევის პროცესს საქართველოში არსებული რუს თანამემამულეთა კავშირი „სამშობლო” აწარმოებდა. კავშირის პრეზიდენტი ვალერი სვერჩუკი Aris.ge -განათლებასთან საუბარში აცხადებს, საერთო ჯამში, რუსეთში განათლების მიღებაზე განაცხადი 160-მა მსურველმა გააკეთა.

,,კომისიამ მიღებული 160 განაცხადიდან 90 კანდიდატი შეარჩია. ახლა მათი საბუთები რუსეთის ფედერაციაშია გადაგზავნილი. იქაც სპეციალური კომისია განიხლავს და გადაწყდება. ვინ რომელ უნივერსიტეტში და რომელ ფაკულტეტზე დაიწყებს, ან გააგრძელებს სწავლას.  ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა კატეგორიის მსურველი იყო – ბაკალავრიც, მაგისტრიც, დოქტორანტიც და ასპირანტიც”- განაცხადა სვერჩუკმა.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, თუ რა თანხაა გათვლილი ქართველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად – სვერჩუკი ზუსტ ციფრს ვერ  ასახელებს.

,,ზუსტ ციფრს ჯერ ვერ გეტყვით. ჩვენ მიერ შერჩეული სტუდენტები საბიუჯეტო ადგილებზე მოხვდებიან.  თუმცა ჯერ უნდა გადაწყდეს რუსეთის რომელ ქალაქში,  რომელ უნივერსიტეტში და რომელ ფაკულტეტებზე ისწავლიან ქართველი ახალგაზრდები. ფასები განსხვავებულია, ამას ემატება მათი ცხოვრების ხარჯები და პლუს სტიპენდიები, რომლებსაც უნივერსიტეტები გასცემენ. საერთო ჯამი, ალბათ, უფრო მოგვიანებით შეიძლება დაითვალოს, თუმცა ვფიქრობ, ქველმოქმედებას არ ითვლიან,”- დასძინა სვერჩუკმა.

Aris.ge – განათლება დაინტერესდა, როგორ აფასებენ აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, შეფასებები განსხვავებულია:

პარტია ,,ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე მიიჩნევს, რომ ქართველი ახალგაზრდები რუსეთში სასწავლებლად არ უნდა მიდიოდნენ.

5d68cf23e31133ec08da09556f5ac6f5_25766,,პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ნიჭიერი ახალგაზრდებს აქ უნდა შევუქმნათ ყველანაირი პირობა, რათა საქართველოში მიიღონ ყველანაირი განათლება. ეს ახალგაზრდები გარკვეულ დისკომფორტს აუცილებლად იგრძნობენ,  ეტყვიან – შენ ამ დროს, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის ტერიტორია, მიდიხარ და იქ იღებ განათლებასო.  იოტისოდენადაც არ მინდა გული ვატკინო ამ ახალგაზრდებს, შეიძლება, შემდეგ ჩამოვიდნენ და თავიანთი ცოდნა სამშობლოს მოახმარონ, მაგრამ რთულია ასეთ პირობებში წასვლა. რატომ მიდიან?! – იმიტომ, რომ აქ ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება არ აქვთ,”- აცხადებს ივანე კიღურაძე.

განსახვევებული პოზიცია აქვს ამავე კომიტეტის წევრსა და მრეწველთა პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს.  როგორც დეპუტატმა Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნა, რაც უფრო მეტად დავუახლოვდებით რუსეთს არაპოლიტიკურ ნიადგაზე, მით უფრო დათბება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა.

1368696893_zurab_tyemaladze1,,ამ ფაქტს ნამდვილად დადებითად შევაფასებ. რაც უფრო დავუახლოვდებით არაპოლიტიკურად არამედ, განათლების, კულტურის, თუ ეკონომიკის მიმართულებით, მით უკეთესი იქნება. პოლიტიკოსებმა პოლიტიკას მივხედოთ. ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს სწორედ განათლებისა და კულტურის მიმართულებით. რუსეთში ძალიან ბევრ ქართველ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს აქვს განათლება მიღებული, ამაში ცუდი არასდროს არაფერი ყოფილა, სწავლას არ აქვს ეროვნება. რუსებსაც შეუძლიათ ჩამოვიდნენ ჩვენთან და ჩვენც შეგვიძლია წავიდეთ როგორც რუსეთში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეცდებიან თუ არა გაატარონ თავიანთი იდეოლოგია ამ ახალგაზრდებში?! – მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში – 90 სტუდენტი რას ცვლის?! არაფერი ამდაგვარი არ მოხდება”- განაცხადა ტყემალაძემ.

,,ქართველი ახალგაზრდები აქამდეც სწავლობდნენ რუსეთში და ამ ფაქტის მიუხედვადაც ისწავლიდნენ – ამბობს ,,რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი Aris.ge-განათლებასთან საუბარში.

cms-image-000030232,,ქართველი ახაგაზრდები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აქამდეც სწავლობდნენ და ამ ფაქტის მიუხედავადაც ისწავლიდნენ სხვადასხვა საშუალებებით. აღნიშნულში კი განსაკუთრებულ სიახლეს ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ ადგილები გამოყო. არც გაზვიადებას ვაპირებ ამ თემის და არც მისალმებას. ზოგადად კი, განათლებული ადამიანი გაუნათლებელს სჯობს და სრულწლოვან ადამიანს უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება და შესაძლებლობების ფორმულირება იმის მიუხედავად, თუ რა იდეოლოგიით ასწავლიან მას. მე პირადად, წიგნების კითხვას არ ვერჩი, მიუხედავად იმისა, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს”- აცხადებს თინა ხიდაშელი.  

საქართველოს ,,კავკასიონის გაღმა მხარეს გადაჩოჩების”  მცდელობად აფასებს  ფაქტს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ  Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნული ფაქტი მთავრობის საგარეო ორიენტაციას დაუკავშირა.

6587goga-xachidze-300x2455,,ჩემთვის ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აწარმოებს. ძალიან მშვიდად, აუღელვებლად ცდილობს, რომ  კავკასიონის გაღმა მხარეს გადაგვაფორთხოს.  ხშირ შემთხვევაში, ეს ქმედებები თითქოს შეუმჩნეველია, თუმცა მიზანმიმართული. იგივე რუსული არხების გაჩენა, რუსული ავიაკომპანიების შემოსვლა და ახლა უკვე ქართველი სტუდენტებისთვის კვოტის გამოყოფა.  მსგავსი კვოტა შეგვიძლია ჩვენ გამოვუყოთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთინიკურ უმცირესობებს, მაგრამ რუსეთი რა ინტერესით გამოჰყოფს თანხას და ადგილებს?- ვფიქრობ, ეს ლოგიკური კითხვაა.  როგორც გავიგე, მსურველებიც გამოჩენილან – ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კარგია,”- ამბობს დეპუტატი.

შეფასებების განსხვავებულობის მიუხედვად, 90 ქართველი სტუდენტი სექტემბრისთვის რუსეთში გაემგზავრება, სპეციალურ კომისიასთან კიდევ ერთხელ გაივლის გასაუბრებას და რუსულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადანაწილდება. იდეის ავტორები კი Aris.ge-განათლებასთან საუბარში არ გამორიცხავენ, რომ ქართველი სტუდენტებისთვის რუსულ საგანმანათლებლო სივრცეში ადგილები მომავალ წელსაც გამოიყოს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური