GE

რვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ტარიფებს განათლების სამინისტრო დაუდგენს

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახური, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფიო ადმინისტრირების სკოლა – ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, ამ რვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გაწეული მომსახურების/ განხორციელებული საქმიანობის საფასურს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუდგენს.

თამარ სანიკიძის უწყების უფლებამოსილება გაფართოვდა. კანონში ცვლილება უკვე შევიდა და მას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

,,სსიპებს აქამდე ჰქონდათ საშუალება თავად განესაზღვრათ მომსახურებების ტარიფები, თუმცა ამ ტარიფს მაინც სამინისტრო ითანხმებდა და ამტკიცებდა. იმისათვის, რომ ამას უფრო ორგანიზებული სახე მიეცეს და სისტემის ფარგლებში იყოს ერთიანი ტარიფიკაცია გამოვედით აღნიშნული ინიციატივით. მიზანი ერთია, მოწესრიგდეს და დალაგდეს ეს მიმართულება. ყველას ტარიფი ერთი ნორმატიული აქტის ქვეშ გაერთიანდება და სახელმძღვანელოს სახით იქნება”- განაცხადა Aris.ge – განათლებასთან საუბარში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

შევა თუ არა ცვლილება უკვა დადგენილ ტარიფებში? – ამ კითხვაზე მინისტრი ასე პასუხობს:

,,ცვლილებები არსებულ ტარიფებში არ იგეგმება, უბრალოდ, პედაგოგთა სქემაში შევიდა ცვლილებები და სააპელაციო ნაწილში იქნება განსასაზღვრი ტარიფი. სხვა ყველა ტარიფი უცვლელი რჩება,”- აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

Aris.ge -განათლება დაინტერესდა, როგორ აფასებენ აღნიშნულ ინიციატივას თავად სსიპების ხელმძღვანელი პირები.

მაია მიმინოშვილი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი
,,ჩვენ ორი სახის შემოსავალი გვაქვს საბიუჯეტო და კერძო საქმიანობის, რომელსაც სხვადასხვა კომპანიების, უწყებებისა თუ კერძო პირების დაკვეთით ვასრულებთ. აბიტურიენტების მოსაკრებელი კერძო შემოსავალია, თუმცა ჩვენს ძირითად საქმიანობას ეხება. ამიტომაც თუ ტარიფების დარეგულირებაში ამ მოსაკრებელის განსაზღვრა იგულისხმება, პრობლემას ვერ ვხედავ”.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი:
,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ნორმატიული აქტით დარეგულირებული ტარიფი არ გააჩნია, რაც შეეხება ზოგადად ტარიფების სამინისტროს მიერ დარეგულირების საკითხს, ცენტრი მიესალმება ამ მიმართულებით ერთიანი პოლიტიკის არსებობას”.

რაც შეეხება უშუალოდ ტარიფებს, რომლებსაც აქამდე სსიპები დამოუკიდებლად ადგენდნენ და კანონში შესული ცვლილების შემდეგ სამინისტრო თავად განსაზღვრავს – ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

მანდატურის სამსახური – ერთი ტარიფი

  • ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში – 650 ლარი.

განათლების ხარისხის მართვის განვითარების ეროვნული ცენტრი

  • მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური – 20 ლარი. დაჩქარებული წესით – 40 ლარი;
  • პროგრამის აკრედიტაციის საფასური პროგრამის თითოეული კრედიტისათვის – 500 ლარი.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასური

  • ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური – 500 ლარი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის, რომელიც აპირებს მხოლოდ ერთი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას – 2000 ლარი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის, რომელიც აპირებს მხოლოდ ორი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას – 3500 ლარი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის, რომელიც აპირებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას – 5000 ლარი;
  • პროფესიული კოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის – 5000 ლარი;
  • საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის – 7000 ლარი;
  • კოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის – 7000 ლარი;
  • სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის – 12 000ლარი;
  • უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის – 20 000 ლარი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც სურს დამატებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, იხდის 1000 ლარს, შესაბამისად, ავტორიზაციაზე განაცხადის ან თვითშეფასების წარდგენის დროს;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც სურს დამატებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, იხდის 3000 ლარს, შესაბამისად, ავტორიზაციაზე განაცხადის ან თვითშეფასების წარდგენის დროს;
  • თვითშეფასების ანგარიშის გზით წარმოდგენილი თითოეული აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის 1000 ლარს, ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შემთხვევაში – 800ლარს;
  • მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის 2000 ლარს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – 3000 ლარს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – 5000 ლარს;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ასევე ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის/დიპლომის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია 50 (ორმოცდაათი) ლარი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის (შემდგომში – მობილობა) საფასური შეადგენს – 50 ლარს;
  • საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 25 ლარი;
  • საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის – 20 ლარი;
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის – 30 ლარი, ხოლო უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარებისას 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 60 ლარი;
  • ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის – 250 ლარი;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისას წინასწარი თანხმობის მიღებისათვის – 50 ლარი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე შემდეგი ტარიფიკაცია აქვს:

  • სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის საფასური – 35 ლარი;
  • სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური – 50 ლარი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

  • საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური – 50ლარი;
  • მაგისტრანტობის კანდიდატის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური – 50 ლარი;
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 10 ლარს;
  • აბიტურიენტის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 50 ლარს;
  • პედაგოგთა გამოცდები – აპლიკანტის ინიციატივით, საგნის გამოცდის ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო – იხილეთ თანდართული ფაილი

გარდა ამისა, კანონში შესული ცვლილების თანახმად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კიდევ ერთი უფლება დაემატა: უწყებას შესაძლებლობა მიეცემა, გამოცდებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები და წესი თავად დაადგინოს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური