GE

სააპელაციო საბჭოს ფუნქცია – უნივერსიტეტის საჩივარს განიხილავს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ გააუქმებს

საქართველოში პირველად აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესით უკმაყოფილო საგანმანათლებლო დაწესებულებების საჩივრებს სააპელაციო საბჭო განიხილავს. საბჭო პრემიერ მინისტრის ბრძანებით შეიქმნა და წევრებიც უკვე დაინიშნენ.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, სააპელაციო საბჭოს დაარსებით საქართველოში შეიქმნა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილებების შინაარსობრივი გადახედვის მექანიზმი. შედეგად, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა საჩივარი წარადგინონ არა მარტო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებების მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივი კუთხით გადახედვას უზრუნველყოფს, არამედ ორგანოში, რომელიც ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად არსებითად, შინაარსობრივად შეაფასებს გასაჩირებულ გადაწყვეტილებებს.

unnamedსიახლის შესახებ EDU.ARIS.GE-ს დეტალურად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ სანიკიძე ესაუბრა.

თამარ სანიკიძე:  საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის პირველად გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ აპლიკანტების საჩივრების განხილვა შინაარსობრივად მოხდეს და შიდა საპელაციო პროცედურების ფარგლებში იყოს იმის საშუალება, რომ მათ თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ. ადრე ეს პროცედურები არ არსებობდა, უფრო ხისტი მიდგომა იყო, რაც, ჩემი აზრით, საგანმანათლებლო სისტემისათვის კარგი არ არის.

იმას ვგულისხმობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდა. სასამართლო კი შინაარსში არ შედიოდა და პროცედურების ტექნიკურ და იურიდიულ ნაწილს უყურებდა. ჩვენთვის კი შინაარსობრივ განხილვა და შეფასება მნიშვნელოვანი იყო და ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდანაც სწორედ ეს რეკომენდაცია მოდიოდა. როცა მათ ცენტრში განხორციელებული პროცედურები შეაფასეს, მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია ასეთი სააპელაციო შუამავალი რგოლის შექმნა იყო, რომელიც აპლიკაციებს მანამ განიხილავდა, სანამ ის სასამართლოში წავიდოდა.

ამის განხორციელებას კი კანონში ცვლილებები სჭირდებოდა, რაც 2015 წლის ბოლოს შევიდა კიდეც. დღეისათვის ჩვენ უკვე გვყავს დამტკიცებული საბჭო თავისი პროცედურებით, რომელიც შეძლებს სასწავლო დაწესებულებებს მოემსახუროს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეზე.

–უფრო კონკრეტულად მოგვიყევით პროცედურების შესახებ, რა დროს ერთვება საბჭო, როდის უნდა მიმართოს მას საგანმანათლებლო დაწესებულებამ?

თ.ს:  სასამართლოს თავისი კომპეტენცია გააჩნია და, რა თქმა უნდა, ის საჩივარს იურიდიული კუთხით განიხილავს. შინაარსიდან გამომდინარე კი მეტად კომპეტენტურები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც საგანმანათლებლო სფეროსა და სისტემას  წარმოადგენენ.

უკვე დადგენილ პროცედურებს რაც შეეხება, ყველას, ვინც საკუთარ აპლიკაციაზე უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს, შეეძლება ამ პროცედურებით ისარგებლოს. რა თქმა უნდა, აქ ელემენტარული წესების დაცვა იქნება საჭირო, რაც ჩვენი დებულებით გაწერილია. ეს წესები ყველასთვის საჯარო და ხელმისაწვდომია.

შეტყობინება აუცილებლად გულისხმობს წინასწარ დოკუმენტაციის მომზადებას, საბჭოს სხდომების დაგეგმვას, შეკრებას. დადგენილია საბჭოს მუშაობის პროცედურებიც – როგორი იქნება კვორუმი, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რამდენი ხმა სჭირდება და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი სიახლეა, მაქსიმალურად შევეცადეთ საბჭოს მუშაობის ოპტიმალური მოდელი წამოგვედგინა. თუმცა ეს კანონქვემდებარე აქტებითაა გაწერილი. მუშაობის პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით და თუკი ვნახავთ, რომ  საბჭოს მუშაობის წესში, მუშაობის გასაუმჯობესებლად ცვლილებებია შესატანი, ამაზე აუცილებლად ვიზრუნებთ.

–ვის ექვემდებარება საბჭო?

–თ.ს: ზოგადად საბჭო დამოუკიდებელია, ცენტრთან ასოცირებული არაა. იგი  პრემიერ-მინისტრმა დანიშნა და ცენტრი მას მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დახმარებას უწევს.

–ანუ, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევებს საბჭო განიხილავს, საქმე სასამართლომდე მაინც შეიძლება მივიდეს?

თ.ს: რა თქმა უნდა. სასამართლო ყველას უფლებაა და ამ უფლებას საგანმანათლებლო დაწესებულებებს არავინ არ უზღუდავს. უბრალოდ, საბჭო კიდევ ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს, მანამ, სანამ საქმე სასამართლოში წავა. ერთადერთი, რაც ჩვენი პროცედურებით დაუშვებელია, ისაა, რომ საქმის განხილვა საბჭოშიც და სასამართლოშიც ერთხდროულად ვერ მოხდება.

–რატომ დადგა სააპელაციო საბჭოს შექმნის აუცილებლობა, ხშირი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან სასამართლოსათვის მიმართვიანობა?

თ.ს: ეს გადაწყვეტილება სიხშირიდან გამომდინარე არ მიგვიღია, სპეციფიკიდან გამომდინარე მივიღეთ. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შესახებ  გააწყვეტილებები ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც წარმოადგენენ საგანმანათლებლო პროგრამას, რესურსებს, რისი შეფასების საშუალება და კომპეტენცია სასამართლოს არ გააჩნია. ამიტომაც გახდა საჭირო გაგვეჩინა ისეთი რგოლი, რომელიც განახორციელებდა სააპელაციო პროცედურებს და შინაარსის შეფასება და სიღრმეებში ჩასვლა უკეთ იქნებოდა შესაძლებელი, ვიდრე ამას სასამართლო აკეთებს.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია და საგანმანათლებლო დაწესებულებებს წაადგება. რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საბჭო ყოვლის შემძლე არაა და ის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ გააუქმებს. მას ორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია:  დაეთანხმოს აკრედიტაციისა და ავტორიცაზიის საბჭოს გადაწყვეტილბას, ან არგუმენტაციიდან გამომდინარე ესა თუ ის საკითხი მას ხელახლა განსახილველად უკან დაუბრუნოს.

–როგორც ვიცით, თავად აკრედიტაცია-ავტორიზაციის მინიჭების წესშიც შედის ცლვილებები. რა იგულისხმება კონკრეტულად?

თ.ს: ცვლილებები მრავავალი კუთხითაა დაგეგმილი. ინტრვიუს დასაწყისში ჩვენი ევროპელი კოლეგების რეკომენდაცია ვახსენე, რომელიც არაერთი შეფასებიდან გამომდინარეობდა. ამ რეკომენდაციების საფუძველზე სამოქმედო გეგმა შემუშავდა. იგი ყველა იმ ქმედებას ასახავს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ  ხარისხის ეროვნული ცენტრი მართლაც მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დაწესებულება გახდეს.

აქედან გამომდინარე, ამ გეგმის შესრულება პირდაპირ იქნება დაკავშირებული ჩვენს წევრობასთან იმ ასოციაციაში, რომელსაც ევროპული ხარისხის მართვის სააგენტოების ასოციაცია ჰქვია. იგი ერთ საერთო, ევროპულ სტანდარტს იზიარებს და ერთმანეთის  ხარისხსა და მინიჭებულ კვალიფიკაციას აღიარებენ.

ვფიქრობ, ამ ასოციაცის წევრობა ბევრ ახსნა-განმარტებას აღარ საჭიროებს და ის გეგმა, რომელიც გაგვაჩნია და რომლის მიხედვითაც ცვლილებების განხორციელება უკვე დავიწყეთ,  ამ პროცესების დაჩქარებას სწორედ რომ უზრუნველყოფს.

რაც შეეხება გეგმაში ასახულ ცვლილებებს, ეს ეხება ავტორიცაზიასაც და პროგრამულ აკრედიტაციასაც, რომელიც შემდგომი ეტაპია. დღეისათვის ჩვენ ვროპული ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან შესაბამისი სტანდარტები და შეფასების პროცედურები გვაქვს მომზადებული. სამი სტანდარტის ნაცვლად რომელიც აქამდე შესაფასებლად გვქონდა, შვიდი სტანდარტი გვაქვს, რომელიც დაწვრილებითაა გაწერილი და რომლის შესრულებაც უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ზრდას უზრუნველყოფს.

–რა განსხვავებაა წინა და ახლანდელ სტანდატებს შორის?

თ.ს: წინა და ახალ სტანდარტებს შორის განსხვავება ისაა, რომ წინა სტანდარტი მხოლოდ და მხოლოდ დაწესებულების  რესურსების შეფასებაზე იყო ორიენტირებული. ახალი სტანდარტით კი ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ როგორც დაწესებულების რესურსი, ისე საგანმანათლებლო პროცესი და მიღწეული შედეგები. ესაა შეფასების ის მეთოდი და ინსტრუმენტი, რომელსაც ევროპა და ევროპული საგანმანათლებლო დაწესებულებები იზიარებენ.

–არის თუ არა უკვე გაწერილი კრიტერიუმები, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს და რამდენად ხელმისაწვდომია იგი?

თ.ს: რა თქმა უნდა, სტანდარტები, კრიტერიუმები და პროცედურები გაწერილია დოკუმენტში, რომელიც ჯერ-ჯერობოთ პროექტის სახითაა და რომლის განხილვასაც სასწავლო დაწესებულებებთან ერთად ვაპირებთ. ვფიქრობ, უკეთესი იქნება ჯერ განვიხილოთ და თუკი იქნება ისეთი რგოლი, რაც ამ დოკუმენტს კიდევ უფრო უკეთესს გახდის, გავითვალისწინოთ. ამის შემდეგ კი დავამტკიცოთ.

გარდა ამისა, ეს დოკუმენტი ჩვენი უცხოელი კოლეგების მიერაც განიხილება. ვფიქრობთ, განხილვება კიდევ მაქსიმუმ ერთი თვე დაეთმობა, შემდეგ კი მას დავამტკიცებთ და საჯაროსა და ხელმისაწვდომს გავხდით.

–სამუშაო ვერსიის ნახვა შეუძლებელია?

თ.ს: სამუშაო ვერსიის ხელმისაწვდომობისაგან თავს შევიკავდებდი, რადგან შეიძლება იგი მატერიალურად და თვისობრივად შეიცვალოს. გააჩნია როგორი არგუმენტები და რეკომენდაციები გვექნება როგორც სასწავლო დაწესებულებებიდან, ისე ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან.

–რამდენიმე თვის წინ, როცა სახემწიფო აუდიტის სამსახურმა აკრედიტაცია-ავტორიზაციის ეფექტიანობის მოკვლევა ჩაატარა, მათ დასკვნაში მრავალი საკმაოდ სერიოზული ხარვეზი მოხვდა, რომლებიც აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესში გამოვლინდა.  გაეცანით თუ არა დასკვნა და რა კეთდება მათი რეკომენდაციების გასათვალისწინებლად?

თ.ს: შენიშვნები, რა თქმა უნდა, იყო და მინდა გითხრათ, რომ ამ შეფასების შემდეგ აუდიტორული შეფასებები კიდევ გაკეთდა. გვინდა, რომ ამას რეგულარული ხასიათი ჰქონდეს, რათა ცენტრის საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს.

აუდიტორული შეფასებები მხოლოდ ლაფსუსების დასანახად არ კეთდება. ამ ყველაფერს შემდეგ გაგრძელება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შემუშავდეს გეგმა, რომლის ფარგლებშიც ყველა ის ხარვეზი გამოსწორდება.

ასეთი გეგმა არსებობს და სრულდება. ვფიქრობ, რომ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელზეც აუდიტი მიგვითითებს, არაა საკმარისი. ჩვენ, ცენტრის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისთვის, მეტის გაკეთება შეგვიძლია. ამისათვის გაგვაჩნია პროექტი, რომელიც მოგვიმზადეს და რომლის დანერგვაც დაწყებულია. ამ პროექტს „ბიზნეს პროცესების ადმინისტრირების ავტომატიზაციის პროექტი“ ჰქვია.

ვფიქრობ დეკემბრის ბოლოსთვის შეგვეძლება პრზენტაცია გავაკეთოთ. ამ დროისათვის მზად იქნება ელექტრონული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ქსელურ მუშაობას უზრუნველვყოფთ, რათა ყველასთვის დროულად ხელმისაწვდომი იყოს  ყველა დოკუმენტი, ბიზნეს-პროცესები ოპტიმიზირებული იყოს და ამით დავზოგოთ დროც, რესურსებიც და პროცესებიც უფრო გამჭვირვალე გავხადოთ.

–მაშინდელ შეფასებაში შენიშვნები იყო გამოთქმული აკრედიტაციის ვადებთან, პროცედურების ხანგრძლივობასთან, სპეციალისტებთან დაკავშირებით, ნათქვამი იყო, რომ ხშირად აკრედიტაციის საბჭო დღეში 100-200 პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების საკითხს განიხილავდა, რაც მათი გადაწყვეტილების სისწორეს, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებდა. ასევე, კითხევბი ისმოდა იმ სპეციალისტთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რომელთაც საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება ევალდებოდათ.  ამ პროექტის მიხედვით ყველა ასეთი ხარვეზის აღმოფხვრაა გათვალისწინებული?

თ.ს: ის პროექტი, რომელზეც ვსაუბრობ, აკრედიტაციასთან და ავტორიზაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესის გასწორებასა და ოპტიმიზაციას გულისხმობს – ექსპერტის დაქირავებით დაწყებული, მის მიერ ანგარიშის მომზადებითა და საბჭოს საქმიანობით დასრულებული. ეს ყველაფერი ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოექცევა, რაც ყველა საჭირო ინფორმაციის დროულად ასახვას უზრუნველყოფს და ასევე ნათლად დანახვას იმისას, თუ რა არგუმენტაციაზე  დაყრდნობით იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

–ამ ყველაფრის გარდა, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ცენტრისგან?

თ.ს: ცენტრის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რის საფუძველზეც ეს დაწესებულება უფრო მეტად დამოუკიდებელი, მოქნილი და იმ სტანდარტებთან დაახლოებული უნდა გახდეს, რომელსაც ჩვენნაირი ევროპულ დაწესებულებები იზიარებენ. ამიტომ, სტრატეგიის დამტკიცების მიხედვით სიახლეები კიდევ გვექნება.

აუდიტის სამსახურმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მძიმე სისტემური დარღვევები აღმოუჩინა

მკაცრდება თუ არა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მინიჭების პროცედურა

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური