GE

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

საბავშვო ბაღებში ბავშვების ელექტრონული რეგისტრაცია 1 ივლისიდან დაიწყო.

როგორც Aris.ge-განათლებას საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

1 ივლისიდან 5 ივლისამდე რეგისტრირდებიან იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.

ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და ს.ს.ი.პ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ” ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, (მოწერილობის საფუძველზე).

5 ივლისიდან 10 ივლისამდე რეგისტრირდებიან უკვე დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილები.

ყველა დანარჩენი კატეგორიის ბავშვის დარეგისტრირება კი 10 ივლისის 09:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

“ახალი, 2014-2015 სასწავლო – სააღმრზდელო წლისათვის, ბაგა ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ბავშვებისათვის, რომლებიც 2014 წლის 8 სექტემბრისთვის არიან 2 წლის, ასევე, ბავშვები რომლებსაც 8 სექტემბრისთვის არ შესრულებიათ 6 წელი. მშობლებმა შვილები ამ ელექტრონულ მისამართზე უნდა დაარეგისტრირონ,”–განუცხადეს Aris.ge-განათლებას საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

რაც შეეხება რეგისტრაციის დასრულებას, საბავშვო ბაგა–ბაღებში ბავშვის დარეგისტრირება უწყვეტ რეჟიმში, სწავლის დაწყების შემდეგაც იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ შევსებულ ბაღებში ადგილები გამოთავისუფლდება, მშობელს შვილის ჩარიცხვის შესაძლებლობა გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე შეეძლება.

პარალელურად, საბავშვო ბაგა–ბაღების სააგენტო აცხადებს რეგისტრაციას ბაგა-ბაღებში, რომელიც ივლისის თვეში ფუნქციონირებს. აღნიშნულ ბაგა-ბაღებში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაცია 15 ივნისიდან დაიწყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური