GE

საცობი პედაგოგთა სქემაში – „ეს პროფესია საქართველოში დაძველებულია“

რატომ უნდა აირჩიოს ახალგაზრდა ადამიანმა პედაგოგის პროფესია, თუკი იცის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მოსახვედრად შესაძლოა წლები დასჭირდეს? – ეს კითხვა EDU.ARIS.GE-ს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით გაარკვია, რომ  საქართველოში ახალგაზრდა პედაგოგთა რაოდენობას ასაკოვანი და ხანდაზმული მასწავლებლების  რაოდენობა ბევრად ჭარბობს.

31 წლის ქვემოთ მხოლოდ 3 574 მასწავლებელი გვყავს, რაც პეადგოგთა საერთო რაოდენობის 6 %-ია და   არცთუ მნიშვნელოვნად აღემატება 71-ს გადაცილებულ პედაგოგთა რაოდენობას (2 627).

სპეციალისტები ამბობენ, რომ პედაგოგთა საშუალო ასაკის გადახალისება მნიშვნელოვანია, რაც ახალგაზრდების დასაქმებით უნდა გამოიხატებოდეს. მიიჩნევენ, რომ ამ სფეროში ვაკანსიები არასათანად რაოდენობით ჩნდება იმის გამო, რომ  სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ვადა შეუზღუდავია და მასწავლებლები იქ მხრცოვან ასაკამდეც კი რჩებიან. ეს ყველაფერი კი ახალგაზრდებს სტიმულს უკარგავს პედაგოგის პროფესია აირჩიოს.

თუმცა, ისინი არც ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების მომხრეები არიან სკოლის თუ სახელმწიფოს მხრიდან.

„მასწავლებლად სკოლებში ქმედუნარიანი, ახალგარზდა ადამიანები უნდა იყვნენ და პროფესიის განახლება მუდმივად უნდა ხდებოდეს.  სკოლაში სხვადასხვა ასაკის მასწავლებლების ყოფნა მოსწავლეებისათვის თავისთავადი სიკეთეა, რადგან ასე უფრო მეტი რამის სწავლა შეეძლებათ.

13288110_1241779922521507_1958686719_o„ამდენად,  შეზღუდვის დაწესება არც მინიმალურ და არც მაქსიმალურ ზღვარზე არაა მიზანშეწონილი. ახალგაზრდა, მაგრამ ნაადრევად დაბერებული მასწავლებელიც ბევრი მინახავს, ისევე როგროც ასაკოვანი, რომელიც ბევრ ახალგაზრდაზე ენერგიული და კრეატიულია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეს პროფესია საქართველოში დაძველებულია,“ – ამბობს განათლების სფეროს სპეციალისტი გიორგი გახელაძე.

მისივე თქმით, მასწავლებელთა კვალიფიკაციის დამდგენი აქამდე არსებული სისტემები – სერტიფიცირების, სქემის თუ ა.შ. პედაგოგობის უფლების მპოვებაზე იყო დაფუძნებული, თუმცა პროფესიიდან გასვლასთან დაკავშირებით არაფერი მოფიქრებულა. შესაბამისად, ერთგვარი საცობი წარმოიშვა, რადგან ამ პროფესიაში ხალხი მუდმივად შედიოდა, ხოლო გასვლით ბევრად ნაკლები გადიოდა. შედეგად, ახლა უკვე, პროფესიაში შესვლა დამუხრუჭებულია.

„ხალხის მოზიდვა ფორმალურად დეკლარირებული კი არის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მოზიდვა და დამსახურებული გაცილება ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში დაახლოებით ისეთ საცობს მივიღებთ, როგორიც სატრანსპორტო საცობია.

„სამართლიანად და დამსახურებულად მასწავლებლების პროფესიიდან გაცილების სისტემა არ გაგვაჩნია. სკოლებს ეს ბერკეტი შემუშავებული არ აქვთ და არც იმდენი ავტონომია აქვთ, რომ შეიმუშავონ. ცენტრალური ხელისუფლება კი არც თავად ქმნის და არც სკოლებს აძლევს საშუალებას,“ – დასძენს იგი.

გახელაძეს მაგალითად უცხოური ანალოგია მოჰყავს და ამბობს, რომ ევროპაში მასწავლებლების პროფესიიდან გასვლა უზრუნველყოფილია. მათ საპენსიო სისტემა ხელს უწყობთ იმაში, რომ პენსიაზე მშვიდად გავიდნენ. თავს სოციალურად დაცულად და სტაბილურად გრძნობენ, ამიტომ პროფესიასთან  დამშვიდობება არ უძნელდებათ. ზოგ შემთხვევაში ეს სკოლის ავტონომიურობითაც რეგულირდება, რომელის თავის საკადრო პოლიტიკას თავადვე წარმართავს.

„ჩვენთან ასეთი სტატისტიკა იმის მაჩვენებელია, რომ ასაკოვანი, სიბერეში სოციალურ დაცვაში დაურწმუნებელი ადამიანების სიჭარბე გვაქვს. სახელმწიფოს სოციალური დაცვის სისტემა გამართული არაა, რაც მასწავლებელთა პროფესიიდან  ასაკოვანი ადამიანების გასვლას აფერხებს. მეორეს მხრივ კი თავად მასწავლებელთა რაოდენობაც ჭარბია,“ – აცხადებს გიორგი გახელაძე.

ganatlsaministro-cr-739x428განათლების სამინისტროში კი ჩვენი სტატიის თავში დასმულ კითხვაზე პასუხად გვეუბებიან რომ მასწავლებლობის მსურველებს სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა გაიარონ და სკოლაში იმუშაონ. მათი თქმით, ამ ეტაპზე, მსურველებისთვის უკვე აკრედიტებულია 12 უნივერსიტეტის პროგრამა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან მომავალ პედაგოგებს მიიღებენ.

მისი გავლის შემდეგ, პედაგოგობის მსურველებს სერტიფიკატი გადაეცემათ და მაგალითად ბიოლოგს, რომელსაც არასდროს უმუშავია პედაგოგად, შესაძლებლობა ეძლევა  საგნის გამოცდა ჩააბაროს და პროგრამაში ჩაერთოს. სამინისტროს მხრიდან პროგრამის შექმნის მიზეზი, მათი თქმით  მოტივაციის შექმნაა, რათა  ახალგაზრდებმა მასწავლებლობა მოინდომონ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი მანანა რატიანი ამბობს, რომ მასწავლებლების შეფასებისას ის კომპონენტებია გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც შეფასება დარეგულირებულია პედაგოგის სქმიანობის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით.

შესაბამისად, მისი თქმით, ესაა პროფესია, სადაც ადამიანს საშუალება აქვს საპენსიო ასაკამდე მიღწევის შემდეგაც იმუშავოს. ამდენად, ბუნებრივად მიიჩნევს, რომ სისტემაში  საპენსიო ასაკის მასწავლებლებიც არიან.

unnamed2„ამ პრობლემაზე კვლევაც გვაქვს გაკეთებული და ვიცით რამდენი მათგანი სად არის, რას ასწავლიან და ა.შ. შეფასების კრიტერიუმი, პირველ რიგში, მასწავლებლის კომპეტენციაა. ის, ვინც თავის კომპეტენციას ვერ დაადასტურებს, პროფესიიდან გავა და ასაკობრივი სეგრეგაცია არ გვექნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ინფორმაციას ვფლობთ და ის პედაგოგები, რომლებიც სქემას დატოვებენ, კომპეტენტური კადრებით ჩანაცვლდებიან,“- ამბობს რატიანი.

მისივე თქმით,  მასწავლებელი თუ პენსიაზე გასვლას გადაწყვეტს, მის ადგილას  ახალგაზრდა კადრი შემოვა. ამავდროულად, სამი წლის განმავლობაში პედაგოგები, რომლებიც გამოცდაზე საგნობრივ კომპეტენციას ვერ დაადასტურებენ, ჩანაცვლდებიან. ამდენად,  რატიანის თქმით, ჩანაცვლება ისედაც ბუნებრივად ხდება ხოლმე.

„შედეგად, ამ სამი წლის შემდეგ ჩვენ გვექნება მასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც სკოლებს დატოვენებ და მათ ადგილას კადრები უკვე მომზადებულები იქნებიან. ამისათვის უნივერსიტეტებში 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგამები ამუშავდა. წელს ამ პროგრამაზე პირველი მიღება იქნება და ამას გარდა, რა თქმა უნდა, სხვა შესაძლებლობებიცაა საიმისოდ, რომ ადამიანი სქემაში შემოვიდეს.

„პროფესიაში შემოსვლის გზა შედარებით გართულებულია იმდენად, რამდენადაც მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა უნდა ჰქონდეს გავლილი და საგნის გამოცდაც აუცილებლად  ჩაბარებული.

„ეს ყველაფერი  იმედს გვაძლევს, რომ სქემაში შემოსვლის კანდიდატები კვალიფიციურები და მომზადებულები იქნებიან. ამავდროულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი კომპეტენცია უფროსი მასწავლებლის კომპეტენციის  შესაბამისი იქნება, ვინაიდან სქემა მათ უკვე არა პრაქტიკოს, არამედ უფროს მასწავლებლად ანაწილებს,“ – დასძენს მანანა რატიანი.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს  ჩატარებული სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის მიხედვით (TALIS), საქართველოში მასწავლებლების საშუალო ასაკი 48 წელია. კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნებში კი  43 წელი, რაც 5 წლით ნაკლებია საქართველოს მაჩვენებელზე.

სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების დეფიციტია

მასწავლებლობით დაკავებული ბევრი გვყავს, მაგრამ მასწავლებელი – ცოტა: გურამ ბერიშვილი

„სკოლაში მათემატიკის სწავლება გადასახედია, გრიფირებული წიგნები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“

როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური