GE

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, თამარ ზაალიშვილისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ინფორმირებას.

როგორც ცენტრის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვიზიტის ჩატარებისა და დასკვნის მომზადების პრაქტიკის გაუმჯობესების შესახებ. ცენტრის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ დაახლოება. კერძოდ, აქცენტები გაკეთდა ექსპერტთა დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო პროგრამების სიღრმისეულ შეფასებაზე. ექსპერტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სისტემაში დაგეგმილი ცვლილებებისა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატის შესახებ.

თამარ ზაალიშვილმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია ეტაპობრივი შეხვედრები ექსპერტთა კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური