GE

სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო ნაშრომების ელექტრონული კრებული გამოაქვეყნა

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო შრომების ელექტრონული კრებული გამოაქვეყნა.

ექვთიმე თაყაიშვილი – აკადემიკოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი და საზოგადო მოღვაწე – საყოველთაოდ ცნობილია სწორედ საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო. მისი ძალისხმევით იქნა დაცული და შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდა საქართველოს საგანძური, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციას წარმოდგენს.

სამწუხაროდ დღეს ნაკლებადაა ცნობილი, რომ ექვთიმე თაყაიშვილი იყო უდიდესი მეცნიერი – ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი და დამფუძნებელი.

სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, სადაც დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ბიბლიოთეკა, ციფრულ ფორმატში გადაიყვანა და გამოაქვეყნა მისი სამეცნიერო შრომების კოლექცია. აღნიშნული შრომები 1890 წლიდან გამოქვეყნდა სხვადასხვა გამოცემაში და სხვადასხვა ენაზე, ერთად – კრებულის სახით – დღემდე არასოდეს გამოქვეყნებულა.

ელექტრონული კოლექციისა და ექვთიმე თაყაიშვილის ბიბლიოთეკის ექსპონატების გამოფენა გაიხსნება ხვალ, 21 თებერვალს, მისი გარდაცვალების დღეს, 16:00 საათზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო ნაშრომების კრებული შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური