GE

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური 8 თებერვალს ჩატარდება

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური 8 თებერვალს ჩატარდება.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველ ტურში 2016 გამარჯვებული გამოვლინდა თბილისიდან და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან.

მეორე ტური თბილისსა და რეგიონებში, სპეციალურად შერჩეულ სკოლებში ჩატარდება. მოსაწვევებს 30 იანვრისათვის ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი მიიღებს. მოსწავლეებს მოსაწვევი ბარათები თავიანთ სკოლებში მიეწოდებათ.

მოსწავლეები ოლიმპიადაზე მოსაწვევით უნდა გამოცხადდნენ, სადაც მითითებული იქნება ოლიმპიადის ჩატარების ადგილი და რეგისტრაციის დაწყების დრო. რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება. ტესტირება 3 საათს გაგრძელდება.

რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ტესტი 55 ქულიანია და 22 დავალებისგან შედგება: 15 დავალება დახურულბოლოიანია, ხოლო 7 – ღიაბოლოიანი. ტესტით შეფასდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე. წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარი. ასევე შემოწმდება, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური კომპიუტერულად ჩატარდა, მეორე ტურის მონაწილეები კი ტესტის რვეულსა და პასუხების ფურცლებზე იმუშავებენ.არაქართულენოვანი მონაწილეები ტესტის შესაბამის ენაზე თარგმნილ ვერსიას მიიღებენ.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია “მოქალაქის” პროექტია. პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური