GE

საქართველოს მასშტაბით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იწყება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობითა და ჩართულობით, მასშტაბურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

განათლების სამინისტორს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის – თბილისის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის და ამბროლაურის საჯარო სკოლების გუნდები ჩაერთვებიან.

სასკოლო გუნდები ერთმანეთს სპორტის 4 სახეობაში – კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში შეეჯიბრებიან. შეჯიბრებები გაიმართება მხიარულ სტარტებშიც.

ოლიმპიადა 15 მარტს მცხეთაში საზეიმოდ გაიხსნება, ხოლო ფინალური თამაშები დაგეგმილია ანაკლიის „მომავლის ბანაკში“, სადაც სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, კულტურული და გასართობი სანახაობაც გაიმართება.

ფინალში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში, რომლებიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.

ოლიმპიადის შეჯიბრებები ჩატარდება საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის სისტემითა და მოთხოვნებით, შეჯიბრებებში წარმოდგენილი სპორტის შესაბამისი სახეობების ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების მოქმედი წესების მიხედვით და ოლიმპიადის საშეჯიბრო დებულების შესაბამისად.

წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა პირველად იმართება და პროექტი საპილოტეა. მომავალ წელს ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის ჩართვა იგეგმება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დღესვე გამოაცხადა კონკურსი, რომელიც სპეციალურად სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის სლოგანის შექმნას ითვალისწინებს.

სკოლის მოსწავლეებს სლოგანის შემუშავებული ვერსიების გამოგზავნა შეუძლიათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე pr@msy.gov.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 მარტი, 14:00 საათი. შერჩეული სლოგანის ავტორს საჩუქრად გადაეცემა პლანშეტური კომპიუტერი.

სპეციალურად სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის ჰიმნიც შეიქმნება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური