GE

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია – ,,ეფექტური მმართველობა: დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა საგანმანათლებლო საქმიანობის გზით”.

გახსნითი სესიის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს GIPA-სა და ბოკონის მენეჯმენტის სკოლას (იტალია) შორის.

გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) კონფერენციის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ძალაში შესვლისა და დანერგვის პროცესში საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. თუ საჯარო სამსახურის სტანდარტები არ ვითარდება, საჯარო სამსახური და სახელმწიფო ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც საზოგადოება და ამომრჩეველი აყენებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის სტანდარტის მუდმივად ზრდა, როგორც პროფესიული კვალიფიკაციის ასევე, ეთიკური მიმართულებით. ამის განხორციელება კი, განათლების სისტემის გარეშე, კვალიფიკაციის მუდმივი ზრდის გარეშე ძალიან რთულია.

როგორც კონფერენციის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საჯარო მმართველობის განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ძალიან საინტერესო წარმატება აქვს, რომლებსაც ვუზიარებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ მზად, როგორც სახლემწიფო, რომ მივიღოთ ახალი ცოდნა.
საჯარო სამსახური ერთდროულად უნდა იყოს ეფექტური, მაღალკვალიფიციური და მაღალი მორალური ღირებულებების მატარებელი.

ონფერენციის გახსნისას სიტყვით გამოვიდნენ ასევე: ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში იან კელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი მაკა იოსელიანი.

კონფერენციაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა) არსებულ პრობლემებზე.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში ეფექტური მმართველობითი მექანიზმების სწავლებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით; საჯარო მმართველობის საუნივერსიტეტო კურსების განვითარების, პროფესიული განვითარების პროგრამების მეშვეობით, საჯარო მოხელეებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღვივების და საჯარო სამსახურში ეთიკური ქცევითი მოდელების დამკვიდრების საკითხებს.

ღონიძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური