GE

საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის აკრედიტებულ პროგრამებზე 500 სტუდენტი ჩაირიცხება

მთავრობამ საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის აკრედიტებულ პროგრამებზე ჩარიცხვის წესი დაამტკიცა.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავდნენ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა Aris.ge-განათლებასთან საუბარში განაცხადა, დღეს დასრულდა ყველა იმ ნორმატიულ დოკუმენტზე მუშაობა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ 2015-2016 აკადემიურ წლებში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება განხორციელდეს.

რაც შეეხება ჩარიცხვის წესს, მსურველმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ ქართულ ან ინგლისურ ენებზე. ამასთან, ზოგიერთ პროგრამაზე აბიტურიენტმა უნდა მოიპოვოს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ფლობის TOEFEL-ის ან IELTS-ის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეძლება, დამატებითი შერჩევა ჩაუტაროს იმ აბიტურიენტებს, რომელთაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აქვთ მინიჭებული.

„მზად ვართ იმისთის, რომ  პირველი ნაკადი მივიღოთ. ვფიქრობ ეს იქნება ხუთასი სტუდენტი. მიღება მოხდება ტექნიკურ-საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე. უნივერსიტეტებში (ილია, თსუ, ტექნიკური) მოეწყო ლაბორატორიები, გადამზადდა პერსონალი, შემუშავდა კურიკულუმები. უმაღლესები სრულ მზადყოფნაში არიან. ვფიქრობ ძალიან წარმატებულად მივედით ამ ნიშნულამდე,“-განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, პროექტის წარმატებას მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.

„ეს ასევე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტების გაძლიერების კუთხით, რომელთაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი ჰყავთ, არამედ ზოგადად, სერიოზულ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებში. კომპაქტი სწორედ ამას ემსახურება – სიღარიბის დაძლევას.  წილად გვხდა ბედნიერება, რომ მილენიუმის ეს კომპაქტი მთლიანად საგანმანათლებლო სფეროზე ყოფილიყო მიმართული,“- განაცხადა სანიკიძემ.  

ასევე, კომპაქტის ფარგლებშია გამოყოფილი 16 მილიონი დოლარი პროფესიული კოლეჯების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, იგეგმება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგების გადამზადება და სკოლის დირექტორების მომზადება უკეთესი მენეჯმენტისთვის.

მინისტრი იმედოვნებს, რომ „ყველა დონეზე მუშაობით ქვეყანა განათლების სფეროში  სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევს“.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური