GE

სასკოლო ასაკი 6 წელი – რას ურჩევს თამარ სანიკიძე უკმაყოფილო მშობლებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებას, კერძოდ სასკოლო ასაკის 6 წლით განსაზღვრის საკითხის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს აფასებს.

მინისტრის თქმით, ის, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში სწავლის დაწყება არ შეეძლებათ, სწორი და მაქსიმალურად კომპრომისული გადაწყვეტილებაა. მინისტრი საკუთარ არგუმენტებს ასახელებს.

„თუ გავეცნობით, როგორია ბავშვის განვითარების ეტაპები, არავითარი შეკითხვა აღარ დარჩება ამის ირგვლივ. რაც მთავარია, ძალიან საინტერსო იქნებოდა უშუალოდ დარგის სპეციალისტებთან გასაუბრება. შესაძლოა, ბავშვმა წერა–კითხვა იცოდეს, მაგრამ ძირითადი პრობლემა მის ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ მზაობაში მდგომარეობს. ეს ყველაფერი დადასტურებულია ძალიან ბევრი ნამუშევრით და კვლევით. საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებით ვხელმძღვანელობდით. ბავშვის განვითარების ეტაპები შემდეგნაირია – არის ერთიდან 3–წლამდე; შემდეგი ეტაპი არის 3–დან 6–წლამდე;  5 წელი არსად არ მოიაზრება არანაირ ზღვრად, შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, 6 წელზე, ეს სწორედ ის კომპრომისია, რომელიც დავუშვით და ვთქვით, რომ 6 წელი არის ის მინიმალური ზღვარი, როდესაც მოსწავლე და ბავშვი მომზადებულია ახალი ცხოვრებისთვის, სკოლისთვის“,-განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას.

თამარ სანიკიძის თქმით, ის ძალიან დიდ პატივს ცემს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, „მაგრამ ეს საკითხი არ არის არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, და არც სახელმწიფო მოხელის გადასაწყვეტი“.

„საუბარია ბავშვის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მზაობაზე, რომელიც შეუიარაღებელი თვალით და მშობლის დაკვირვებით შეუძლებელია აღმოაჩინო, მაგრამ ეს პრობლემები თავს იჩენს გარდატეხის ასაკში. თუ გავეცნობით, ჩამოთვლილია სხვადასხვა დიაგნოზები და გადაცდომები, როდესაც მშობელი ამ ყველაფერს დაწვრილებით წაიკითხავს  და გაეცნობა, მისი თვითმიზანი ბავშვის სკოლაში მიყვანა აღარ იქნება“,– განაცხადა განათლების მინისტრმა.

რაც შეეხება უკმაყოფილო მშობლების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას და გამონაკლისის დაშვების მოთხოვნას, სანიკიძე ამბობს, რომ გამონაკლისი ვერაფრით ვერ იქნება დაშვებული.

„მე ავხსენი, რომ მინიმუმ 6 წელი არის კომპრომისული შეთავაზება.  ზოგადად, სასკოლო ასაკად მიჩნეულია 7 წელი და ეს არ არის ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის დასაბუთებული. ნებისმიერი  ქვეყანა ავიღოთ  – თუნდაც ამერიკა, არც ერთ ქვეყანაში სკოლაში ბავშვი არ შედის 6 წლამდე. ყველგან ოპტიმალური ვარიანტი არის 6 წელი და 8 თვე. ამიტომ, ჩვენ შემთხვევაში 6 წელი არის მაქსიმალური ოპტიმალური ზღვარი, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ და რაც მთავარია, ამაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ“,– აღნიშნა სანიკიძემ.
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფსიქოლოგის დასკვნით კონკრეტულ ბავშვზე ინდივიდუალური გამონაკლისის დაშვება შეიძლება, განათლების მინისტრი  სრულ აბსურდს უწოდებს.

„არც ერთი ფსიქოლოგი არ აიღებს თავის თავზე იმის გადაწყვეტას, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი ექვსი წლის, შემოწმების შედეგად აღმოჩნდეს, რომ ის მზად არის სკოლისთვის კოგნიტური უნარებიდან გამომდინარე“,– აღნიშნა მან.

განათლების მინისტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები არანაირ შემთხვევაში არ გადაიხედება და არც ერთი კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში კომპრომისი არ დაიშვება. მათ შორის კომპრომისი არ დაიშვება არც  ისეთი პატარების შემთხვევაში,  რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებიდან ერთ ან რამდენიმე დღეში უსრულდებათ.

„კომპრომისი აქ ვერ იქნება, ისევდაისევ მათი შვილების საკეთილდღეოდ. ჩემი რეკომენდაცია არის რომ დამატებითი შეკითხვები დაუსვან სპეციალისტებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც დეტალებს და რისკებს გაეცნობიან,  100%–ით დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მშობელს არ დარჩება შეკითხვა და ამ შემთხვევაში სახელმწიფოც ნამდვილად შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას იმაზე, რომ ყველა ბავშვი იქნება სრულფასოვანი ახალგაზრდა და არ ექნება პრობლემები, რომლებიც შემდეგ საფრთხეს უქმნის მათ  ჯანსაღ ცხოვრებას და ცხოვრების ასპარეზის გაგრძელებას“,– განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თუ თქვენი შვილი 16 სექტემბრის შემდეგ ხდება ექვსი წლის, მაშინ სკოლა მისთვის კიდევ ერთი წლით გადაიწევს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში სწავლას მხოლოდ ისინი დაიწყებენ, ვისაც 6 წელი უკვე შეუსრულდა. მშობლები ამ გადაწყვეტილებით  უკმაყოფილოები არიან. ისინი კანონის შეცვლის მოთხოვნით, სოციალური ქსელის საშუალებით სხვადასხვა საპროტესტო აქტივობას  გეგმავენ.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური