GE

სასკოლო მზაობის პროგრამა საბავშვო ბაღებში  ჯერ  არ დაწყებულა

ბაგა-ბაღებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ სასკოლო მზაობის პროგრამაში დამამთავრებელი ჯგუფის ბავშვები არ ჩართულან. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ბურძენიძე ამბობს, პროგრამა უახლოეს დღეებში დაიწყება და მასში თბილისის 158-ვე ბაღის 5-6 წლიანი ჯგუფები ჩაერთვება.

რატომ არ დაიწყო აქამდე ეს პროგრამა და როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი, ამ კითხვებზე Aris.ge-განათლებას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ბურძენიძე პასუხობს:

– ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სამ კვირაზე მეტია დაიწყო, თუმცა სასკოლო მზაობის პროგრამა არ ამოქმედებულა, რატომ?

– სახელმწიფო სტანდარტს ველოდებოდით. სტანდარტი დამტკიცდა სექტემბრის პირველ რიცხვებში, შემდეგ ველოდებოდით საკრებულოს მიერ ცვლილებების შეტანას, ესეც დამტკიცდა დაახლოებით, ერთი კვირის წინ და ახლა დავიწყებთ მის განხორციელებას. რიცხვს ვერ დაგისახელებთ, თუმცა უკვე დაწყებულია ამ პროგრამის იმპლიმენტაციისთვის საჭირო პროცედურები. პროგრამა ვაუჩერულ სისტემაზეა გათვლილი. დამატებითი სარეკომენდაციო პაკეტი გადმოგვცა განათლების სამინისტრომ, სადაც არის მითითებული მასალები, ინვენტარი, მეთოდური განმავითარებელი სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები. თუ რამე დაგვჭირდება, სააგენტო დამატებით შეიძენს ინვენტარს.

– რამდენი ბავშვი ჩაერთვება ამ პროგრამაში?

– რა რაოდენობის ბავშვებიც არიან დამამთავრებელ ჯგუფში, ისინი ჩაერთვებიან სასკოლო მზაობის პროგრამაში. თბილისის ყველა ბაღში დაიწყება ეს პროგრამა.

– პროგრამის მიხედვით, რამდენი მოსამზადებელი საათი ჩაუტარდებათ  ბავშვებს?

– დღეში 3 საათი ჩაუტარდებათ სასკოლო მზაობის პროგრამიდან. ისე დილიდან საღამომდე იქნებიან ბავშვები ბაღებში, 9-საათიანი დაყოვნების რეჟიმში. ისინი მიიღებენ ბაგა-ბაღებისთვის დამახასიათებელ ჩვეულებრივ მომსახურებას. სერვისის სრულ პაკეტს.

– რაც შეეხება აღმზრდელების გადამზადებას, დასრულდა ეს პროცესი?

– პირველ ეტაპზე ბაგა-ბაღების მეთოდისტები გადამზადდნენ. ახლა მიმდინარეობს თვითონ ბაგა-ბაღების აღმზრდელების გადამზადება. 5-6 წლიან ჯგუფებში ვინც შედიოდა, ის აღმზრდელები გაატარებენ ბავშვებს სასკოლო მზაობის პროგრამას.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, ბავშვები, რომლებიც “ზოგადი განათლების შესახებ“ ახალი კანონის მიხედვით, არც სასკოლო ასაკის არიან და ბაღშიც ვერ დარეგისტრირდნენ, წელს პირველად „სასკოლო მზაობის პროგრამას“ გაივლიან.  პროექტი, განათლების სამინისტროს ინიციატივით სწორედ მათთვის შეიქმნა.

სასკოლო მზაობის პროგრამას 4 800 ბავშვი გაივლის

„რეფორმობანა“ თუ შედეგზე გათვლილი სიახლე განათლების სამინისტროსგან – „სასკოლო მზაობის პროგრამა“

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური