GE

,,სასკოლო მზაობის პროგრამის” პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრუმანმა დღეს, „სასკოლო მზაობის პროგრამის“ პრეზენტაცია წარმოადგინეს. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ადგილობრივი და საერთაშიროსო პარტნიორების ხელშეწყობით (გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ვორლდვიჟენ საქართველო“, „კივიტას გეორგიკა“) მომზადდა და განკუთვნილია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის I კლასში.

როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, სასკოლო მზაობის პროგრამის მიზანია განუვითაროს ბავშვს მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარები, კომუნიკაცია და მეტყველება, სწავლისთვის საჭირო ნებელობა. გაუადვილოს მას ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის პერიოდი.

,,სასკოლო მზაობის პროგრამა გულისხმობს მხოლოდ საგანმანათლებლო კომპონენტს. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: სასკოლო მზაობის პროგრამის საგანმანათლებლო ამოცანები; სასკოლო მზაობის ჯგუფების ორგანიზება; სასკოლო მზაობის პროგრამის სტრუქტურა და თემები; სასკოლო მზაობის ჯგუფში სასწავლო პროცესის დროს გამოსაყენებელი აქტივობების ნიმუშები.

სასკოლო მზაობის პროგრამაში მრავალადაა წარმოდგენილი სააზროვნო თამაშები და აქტივობები, რომლებიც საინტერესო და სახალისოა, აჩვევს ბავშვებს თავად შეიმუშავონ წესები და დაემორჩილონ სოციალურ რუტინებს, უბიძგებს იყვნენ გამომგონებლები და შემოქმედებითები, უვითარებს კრიტიკულ აზროვნებასა და ძირითად სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს, აწვდის ინფორმაციას პირადი უსაფრთხოების შესახებ და სხვა.

სასკოლო მზაობის პროგრამა ასევე ახლებურ მიდგომას სთავაზობს აღმზრდელებს სააღმზრდელო პროცესის ორგანიზებისათვის. მოცემულია კონკრეტული რჩევები დღის, კვირის და თვის მანძილზე განსახორციელებელი აქტივობებისათვის, ასევე ღირებულ რესურსს სთავაზობს აღმზრდელს თემების ჩამონათვლის და მათი განხორციელებისათვის საჭირო აქტივობების სახით. სასკოლო მზაობის პროგრამის მინიმალური ხანგრძლივობაა 30 კვირა ყოველდღიური საათობრივი დატვირთვით – 3 საათი კვების გარეშე,” – აღნიშნული სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

მისივე ინფორმაციით, სასკოლო მზაობის ჯგუფი შესაძლოა ფუნქციონირებდეს როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პროგრამებში ინტეგრირებული სახით, ასევე დამოუკიდებლად. სასკოლო მზაობის პროგრამა შესაძლოა განხორციელდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ან სხვა ტიპის შენობაში, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამის მოთხოვნებს.

პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ: სახელმწიფო რწმუნებულები (9 გუბერნატორი), თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებისა და მერიის/ბაგა-ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლები, პარლამენტარები, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური