GE

სასომხეთი თუ სომხეთი? ნიუ იორკი თუ ნიუ–იორკი? – გეოგრაფიული სახელების მართლწერა გრამატიკულ ცნობარში

კუმშვასა და კვეცაზე გრამატიკულ ცნობარში უკვე ვისაუბრეთ. დღეს ცალკე გამოვყოფთ გეოგრაფიული სახელების ფორმაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხს და მიმოვიხილავთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს.

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

ტროას(ნათ. ბრ.), ჯორჯიას ( ნათ.ბრ.), სასომხეთი, მოლდოვა, ყაზახსტანი, დასავლეთ საქართველო, ნიუ იორკი…

წესი N 1:    გეოგრაფიული სახელები ისევე იბრუნებიან, როგორც შესაბამისი ფუძის საზოგადო არსებითი სახელები.  ეს ნიშნავს, რომ -სა და -ზე დაბოლოებული სახელები კვეცადია და მათ ფუძე  ეკვეცებათ ორ ბრუნვაში – ნათესაობითსა და მოქმედებითში. შესაბამისად, სწორი იქნება – ტროა – ტროის, ჯორჯია – ჯორჯიის, აჭარა-აჭარის, საჩხერე-საჩხერის და ა.შ.

შენიშვნა: გამონაკლისია ადამიანის სახელებისაგან მიღებული გეოგრაფიული სახელები: ვიქტორიას კუნძულები, მარიანას კუნძულები…

წესი N 2: სწორია ქვეყანათა სახელების –ეთ სუფიქსით დაბოლოებული და ლიტერატურული ტრადიციით განმტკიცებული ფორმები. შესაბამისად, უნდა ვთქვათ და დავწეროთ სომხეთი (და არა სასომხეთი), უზბეკეთი (და არა უზბეკისტანი), ტაჯიკეთი (და არა ტაჯიკისტანი), ყაზახეთი (და არა ყაზახისტანი). რუსულის გავლენით დამკვირებული ფორმები  – მოლდოვა, ბოსნია-ჰერცოგოვინა მცდარია და უნდა ვიხმაროთ: მოლდავეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

წესი N 3: თუ უცხოური გეოგრაფიული სახელი დედანში შედგება ორი და მეტი სიტყვისაგან, ქართულად უნდა დავწეროთ დეფისით. შესაბამისად, სწორია:

New York — ნიუ-იორკი; San Francisco — სან-ფრანცისკო; Santa Cruz — სანტა-კრუსი; Lago Maggiore — ლაგო-მაჯორე;

წესი N 4: თუ გეოგრაფიულ სახელს მსაზღვრელად ახლავს მხარეების აღმნიშვნელი სახელები, ისინი ისევე უნდა ვაბრუნოთ, როგორც საკუთარ სახელთა განმსაზღვრელი ხელობა-თანამდებობის აღმნიშვნელი მსაზღვრელები.  ეს ნიშნავს, რომ მსაზღვრელი საზღვრულს შეეთანხმება ორ ბრუნვაში სრულად და დანარჩენ ბრუნვებში წარმოდგენილი იქნება ფუძის სახით. რაც შეეხება წოდებით ბრუნვას, ფორმალურად ბრუნვის ნიშანს მსაზღვრელ-საზღვრული დაირთავს, თუმცა მეტყველებაში მსგავსი ფორმა (მიმართვა) რთულად წარმოსადგენია. აქედან გამომდინარე, სწორია:

სამხრეთი ამერიკა, სამხრეთმა ამერიკამ, სამხრეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკის…

დასავლეთი ევროპა, დასავლეთმა ევროპამ, დასავლეთ ევროპას, დასავლეთ ევროპის…

აღმოსაველთი საქართველო, აღმოსავლეთმა საქართველომ, აღმოსავლეთ საქართველოს…

წესი N 5: თუ გეოგრაფიული ერთეული რაიმე ტერიტორიის ნაწილი კი არ არის, არამედ ასეთ ტერიტორიაზეა (მაგ., მიედინება მდინარე), მაშინ გვაქვს „აღმოსავლეთის“, „დასავლეთის“, „სამხრეთის“, „ჩრდილოეთის“: სამხრეთის პასატური დინება, სამხრეთის ოკეანე, დასავლეთის შელფური მყინვარი, ჩრდილოეთის საზღვაო არხი…

წესი N 6: უცხო გეოგრაფიული სახელები, რომლებიც ორიგინალის ენაზე -ზე ბოლოვდებიან, ფუძისეულ ხმოვანს ინარჩუნებენ ბრუნვის დროსაც და თანდებულების დართვის დროსაც. შესაბამისად, სწორია:

დელი, დელიმ, დელის, დელიში…

ჰელსინკი, ჰელსინკიმ, ჰელსინკის, ჰელსინკიში…

ტრიპოლი, ტრიპოლიმ, ტრიპოლის, ტრიპოლიში…

არასწორია: დასავლეთ საქართველო; ალაბამას ( ნათ. ბრ.); ტროას ცხენი; სასომხეთი; ყაზახსტანი; ჩრდილოეთ საზღვაო არხი; ნიუ იორკი

სწორია: დასავლეთი საქართველო; ალაბამის ( ნათ. ბრ.); ტროის ცხენი; სომხეთი; ყაზახეთი; ჩრდილოეთის საზღვაო არხი; ნიუ-იორკი

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური