GE

სახელისა და გვარის ერთად ბრუნება გრამატიკულ ცნობარში – მამა ლაზარე თუ მამაო ლაზარე?

გრამატიკულ ცნობარში დღეს სახელისა და გვარის ერთად ბრუნების თანმდევ თავისებურებებს განვიხილავთ. როგორ უნდა ვაბრუნოთ საკუთარი სახელი ან გვარი ( ან ორივე ერთად) მსაზღვრელთან ერთად? როგორ იბრუნვის სახელი, თუ მას ხელობის, წარმომავლობის, თანამდებობის ან გვართან გათანაბრებული ზედწოდების აღმნიშვნელი სახელი მოსდევს? სწორია თუ არა მიმართვა „მამაო ლაზარე“? სწორედ  ამ და სხვა საკითხებზე მიიღებთ ამომწურავ ცნობებს.

წესი: 

  • სახელი გვართან ერთად ფუძის სახით იწერება. სწორია: 

ნოდარ დუმბაძე და არა: ნოდარი დუმბაძე

ვახტანგ ჯავახაძე და არა: ვახტანგი ჯავახაძე

  • თუ გვართან ერთად ბრუნებიისას ჯერ სახელს ვწერთ, მერე კი გვარს, სახელი არც ერთ ბრუნვაში არ შეიცვლება. სწორია:

ნიკოლოზ ბარათაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ნიკოლოზ ბარათაშვილს, ნიკოლოზ ბარათაშვილის…

  • ადამიანის სახელი ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავს, თუ მას მსაზღვრელად მოსდევს გვართან გათანაბრებული ზედწოდება ( აღმაშენებელი, ყრუ, ბრწყინვალე…),ხელობის, წარმომავლობის, თანამდებობის აღმნიშნელი სახელი. სწორია:

დავით აღმაშენებელი, დავით აღმაშენებელმა, დავით აღმაშენებელს…

ერეკლე მეორე, ერეკლე მეორემ, ერეკლე მეორეს…

თევდორე მღვდელი, თევდორე მღვდელმა, თევდორე მღვდელს…

ქეთევან წამებული, ქეთევან წამებულმა, ქეთევან წამებულს…

  • სიების, საკუთარი სახელების და გვარების ჩამონათვალის შედგენისას, ჩვეულებრივ, ჯერ გვარი იწრება და მერე სახელი. სახელი ფუძის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. სწორია:

დუმბაძე ნოდარ, ჯავახაძე ვახტანგ, ტაბიძე გალაკტიონ…

  • თუ სახელს ან გვარს, ან ორივეს ერთად წინ უსწრებს თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი ( წოდების, თანამდებობის, ხელობა-პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვა), საკუთარი სახელი იბრუნვის ჩვეულებრივად, ხოლო მსაზღვრელს ბრუნვის ნიშანი დაერთვის მხოლოდ სამ ბრუნვაში: სახელობითში, მოთხრობითში და წოდებითში.

დანარჩენ ბრუნვებში, მათ შორის ნათესაობითსა და მოქმედებითშიც, მსაზღვრელი ფუძის სახით იქნება წარმოდგენილი:

სახელობითი: პროფესორი ლევან მენაბდე

მოთხრობითი: პროფესორმა ლევან მენაბდემ

მიცემითი: პროფესორ ლევან მენაბდეს

ნათესაობითი: პროფესორ ლევან მენაბდის(და არა პროფესორი ლევან მენაბდის)

მოქმედებითი: პროფესორ ლევან მენაბდით

ვითარებითი: პროფესორ ლევან მენაბდედ

წოდებითი: პროფესორო ლევან მენაბდე

  • თუ მსაზღვრელი სიტყვა ხმოვანფუძიანი სახელია, მაშინ ის ყველა ბრუნვაში ფუძის სახით იქნება წარმოდგენილი. სწორია:

მოქალაქე ლომიძე, მოქალაქე ლომიძემ, მოქალაქე ლომიძეს, მოქალაქე ლომიძის…

მეუფე ლაზარე, მეუფე ლაზარემ, მეუფე ლაზარეს…

  • სასულიერო პირისადმი მიმართვის დროს მამაო ფორმის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საზოგადო სახელი დამოუკიდებლად გამოიყენება. სხვა შემთხვევაში წოდებითი ბრუნვის ნიშნის დართვა გაუმართლებელია. შესაბამისად, სწორია:

მამა ლაზარეს ქადაგება

მამა გიორგიმ თქვა

და არა:

მამაო ლაზარეს ქადაგება

მამაო გიორგიმ თქვა

  • პატივისცემის გამომხატველი საზოგადო სახელები ბატონი და ქალბატონი საკუთარ სახელებთან ერთად ბრუნებისას ინარჩუნებენ -ი ნიშანს ნათესაობითსა და მოქმედებითში ( შეადარე: ხელობა-პროფესიის, თანამდებობის, ზედწოდების აღმნიშვნელი სიტყვები მხოლოდ სამ ბრუნვაში დაირთავენ ბრუნვის ნიშანს, სხვა ბრუნვებში ფუძის სახით უნდა გამოვიყენოთ):

ბატონი ვახტანგის წიგნი ( და არა ბატონ ვახტანგის წიგნი)

ქალბატონი რუსუდანით ვამაყობთ ( და არა ქალბატონ რუსუდანით ვამაყობთ)

  • პატივისცემის გამომხატველი ევროპული აღმნიშნელები ( ბატონისა და ქალბატონის შესატყვისები) საკუთარ სახელთან ერთად ბრუნებისას უცვლელია. იბრუნვის მხოლოდ საკუთარი სახელი. სწორია:

მისტერ სმიტი, მისტერ სმიტმა, მისტერ სმიტს…

სერ მაკარტნი, სერ მაკარტნიმ, სერ მაკარტნის…

სინიორ ბალზაკი, სინიორ ბალზაკმა, სინიორ ბალზაკს…

  • ზედწოდება გვარს არ უთანაბრდება, ამიტომ ზედწოდების წინამავალი სახელის შემოკლება დაუშვებელია. ერთადერთი შემთხვევა, როცა ზედწოდება შეიძლება შემოკლდეს, გახლავთ რიცხვითი სახელის რომაული რიცხვით გამოხატვა.

დაუშვებელია: ე. მეორე, ლ. მროველი, გ. ბრწყინვალე

მართებულია: ერეკლე II, ლეონტი მროველი, გიორგი ბრწყინვალე

რიგობითი სახელის რომაული რიცხვით გამოხატვისას ბრუნვის ნიშანი და თანდებული დეფისით ფორმდება:

ერეკლე II-ის, სოლომონ I-თან და ა.შ.

 

იხილეთ გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები:

რომელია სწორი: ბოტიჩელიმ თუ ბოტიჩელმა? – საკუთარ სახელთა მართლწერა გრამატიკულ ცნობარში

რომელია სწორი: რაგბის ვთამაშობ თუ რაგბს ვთამაშობ? – ფუძის კვეცა გრამატიკულ ცნობარში

რომელია სწორი: ლიმნის თუ ლიმონის? – ფუძის კუმშვა გრამატიკულ ცნობარში

სხვადასხვა საკითხი თუ სხვადასხვა საკითხები? – გრამატიკული ცნობარი

ზმნისწინთა მართლწერა – გრამატიკული ცნობარი

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე

ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური