GE

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტიპენდიების გაცემა 2 თვით დაგვიანდა

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საპრეზიდენტო და სახელმწიფო სტიპენდიები 2 თვეა არ დარიგებულა. როგორც სტუდენტებმა Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნეს, სტიპენდიები არც ერთი კურსის სტუდენტზე არ გაცემულა, რის მიზეზადაც ადმინისტრაცია განათლების სამინისტროდან თანხების დაგვიანებას ასახელებს.

Aris.ge-განათლებამ აღნიშნული ინფორმაცია განათლების სამინისტროში გადაამოწმა.

როგორც თამარ სანიკიძის უწყებაში განმარტავენ, სტიპენდიებისთვის განკუთვნილი თანხა სამედიცინო უნივერსიტეტს თებერვლის დასაწყისში გადაერიცხა.

სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სტუდენტებზე სტიპენდიების გაცემა მართლაც დაგვიანდა.

„თანხები სამინისტრომ დაგვიანებით, 9 თებერვალს დარიცხა. საუბარია 81 000 – ლარზე. მინისტრის #082 ბრძანება მინისტრის მოადგილის, გიორგი შარვაშიძის მიერ არის ხელმოწერილი“,-აღნიშნა ზურაბ ტალახაძემ.

მისივე ინფორმაციით, სტუდენტებს სტიპენდიის თანხა დღეს გადაერიცხათ და ისინი 2 თვის სტიპენდიას ერთად მიიღებენ.

Aris.ge – განათლება დაინტერესდა, არის თუ არა მსგავსი პრობლემა თსუ-ში, თუმცა როგორც ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიანტი სტუდენტები ამბობენ, პრობლემა არც გასულ თვეებში არ ყოფილა, კუთვნილი სტიპენდიის მეორე ნაწილი კი მათ გასულ კვირაში ჩაერიცხათ.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური