GE

სახელოვნებო სკოლები დედაქალაქის ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა განიხილეს თბილისის კომისიისათვის პრიორიტეტულ სფეროებს მიკუთვნებული საკითხები. როგორიცაა ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებული პროექტები

თბილისის საკრებულოს ოფიციალური გვერდის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო რამდენიმე პროექტი, მათ შორის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის #7 ხელოვნების სკოლისთვის იჯარის დაფინანსება. სკოლას ჰქონდა პრობლემები შენობასთან დაკავშირებით და განათლებისა და კულტურის კომისიის ძალისხმევითა და მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მოძიებულ იქნა ალტერნატიული ფართი,რომელიც სკოლას 5 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა.

მომდევნო პროექტი ეხებოდა თბილისის ხელოვნების სკოლების – სულ 33 სკოლა – მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (9 ფილიალი) და ა(ა)იპ სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კომუნალური გადასახადების სრულ დაფინანსებას .

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარების ხელშეწყობის სფეროშია წარმოდგენლი ითვალისწინებს ა(ა)იპ ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ფუნქციონირების ხელშეწყობას. მათ შორის, შრომის ანაზღაურების, კომუნალური ხარჯების, ფესტივალებში მონაწილეობისა და სხვა ხარჯების დაფინანსებას.

კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის თქმით წლების მანძილზე პირველად მოხდა დედაქალაქის ბიუჯეტიდან სახელოვნებო სკოლების სრულად დაფინანსება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სახელოვნებო სწავლების. მისივე თქმით, პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან 9 ათასი მოსწავლე და სახელოვნებო სკოლების 1700 თანამშრომელი.

შემდეგი საპროექტო განაცხადის სახელწოდებაა „ქართველ მეფეთა პოეზია“. პროექტი დეტალურად„ქართული ჰერალდიკის სახლის“ -თავმჯდომარემ ასმათ შერვაშიძემ წარმოადგინა.
პროექტი ითვალისწინებს წიგნის გამოცემას, რომელშიც შესულია ქართველი ბაგრატოვანი მეფეების (მეფე დემეტრე თავდადებული, მეფე დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, მეფე თეიმურაზ პირველი, მეფე არჩილი, მეფე ვახტანგ VI, მეფე თეიმურაზ II) პოეზიის საუკეთესო ნიმუშები. ლექსები ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. პროექტის მიზანია ააღორძინოს ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები და ხელმისაწვდომი გახადოს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მკითხველებისთვისაც.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური