GE

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორად ჩარიცხვებს შესაძლებლად არ მიიჩნევს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Aris.ge – განათლება უცლველად გთავაზობთ:

,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში სისტემატიურად ურჩევდა აბიტურიენტებს განაცხადში ყველა იმ ფაკულტეტის მითითებას, რომლებზეც სურდათ სწავლის გაგრძელება (ფაკულტეტების რაოდენობა შეზღუდული არ არის და აბიტურიენტებს იმთავითვე შეეძლოთ ყველა იმ პროგრამის მითითება, რომლებსაც მეორადი ჩარიცხვების შემთხვევაში აირჩევდნენ).

აღნიშნული ფორმატი მთლიანად ხსნის მეორადი ჩარიცხვების საჭიროებას. ეს ინფორმაცია განთავსებული იყო ცნობარში, ვებგვერდზე, გავრცელდა სოციალური ქსელებითა და მედიითაც. თავიდანვე იყო ცნობილი ისიც, რომ 2015 წელს მეორადი ჩარიცხვები არ იქნებოდა. ამის შესახებ განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც. განაცხადში ცვლილებების შეტანის დასრულებამდე კი სწორედ ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგიც ჩატარდა ცენტრში და აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადაიცა თითქმის ყველა მედიასაშუალებით.

ამ ცვლილებების დაუბრკოლებლად განხორციელების მიზნით ცენტრმა აბიტურიენტებს შესთავაზა მოქნილი სისტემა და მხარდაჭერის სერვისები (ცხელი ხაზი, ონლაინ დახმარების სერვისი, მოქალაქეთა მიღება ყოველდღიურ რეჟიმში და ა.შ.). ყველა ეს სამსახური არასამუშაო დღეებშიც ფუნქციონირებდა.

საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მაინც აღმოჩნდნენ აბიტურიენტები, რომლებმაც არ გაითვალისწინეს ეს ინფორმაცია და მხოლოდ ჩარიცხვების დამთავრების შემდეგ მოინდომეს დარჩენილ ადგილებზე განაცხადის გაკეთება (საუბარია იმ აბიტურიენტებზე, ვინც ზღვარი გადალახა ოთხივე საგანში, მაგრამ საკუთარი ხელით შევსებულ განაცხადში მითითებულ ფაკულტეტებზე ვერ ჩაირიცხა; ასეთია დაახლოებით 1,6%).

ნებისმიერი პროცესის წარმატება არა მხოლოდ შინაარსობრივი, არამედ პროცედურული ნაწილის სწორად წარმართვასა და წესების დაცვასაც გულისხმობს. ამ შემთხვევაში აბიტურიენტებს საკმაოდ მარტივი წესის დაცვა – განაცხადის შესაბამისად შევსება მოეთხოვებოდათ (ასეთი სახის ინსტრუქციების გაცნობა და გამოყენება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მოტივაციის ერთ-ერთი მაჩვენებელია). გარდა ამისა, ამ ცვლილებების დაშვების შემთხვევაში, გასათვალისწინებელი იქნება, მაგალითად, იმ კონტინგენტის მოთხოვნებიც, რომელთაც ჩარიცხვის შემდეგ შეიცვალეს აზრი და მომდევნო პოზიციაზე მითითებულ ფაკულტეტზე (დარჩენილ ადგილებზე) ითხოვენ ჩარიცხვას. ასეთი მიდგომა კი შეუძლებელს გახდის საგამოცდო პროცესის რეგულირებას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მეორად ჩარიცხვებს შესაძლებლად არ მიიჩნევს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური