GE

სიმონ ჯანაშია: “თუ პედაგოგს ქირაობს სკოლა, რატომ უნდა დააწინაუროს ის სახელმწიფომ?”

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, სადაც ერთ-ერთი მთავარი მუხლი პედაგოგთა სერტიფიცირების ახალ სქემას ეხება, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. როგორც Aris.ge-განათლებისთვის გახდა ცნობილი, მთავრობის სპეციალური კომისია, რომელიც პედაგოგებს კატეგორიებს/საფეხურებს და კრედიტების მინიჭების საკითხს განსაზღვრავს, დეკემბრის ბოლომდე დაკომპლექტდება.

პრაქტიკოსი, წარჩინებული, მკვლევარი და მენტორი მასწავლებელი – რამდენად სამართლიანია კვალიფიკაციის მინიჭების ამგვარი სისტემა და გამორიცხავს თუ არა მასწავლებელთა ამათუიმ კატეგორიაში მოხვედრა სუბიექტური ნიშნებს, რატომ უნდა აკომპლექტებდეს აღნიშნულზე პასუხისმგებელ კომისიას მთავრობა და რა შედეგს მოიტანს სქემა, რომელიც ხანგრძლივი დავის შედეგად მაინც დამტკიცდა – ამ საკითხებზე Aris.ge-განათლებას პროფესიორი, განათლების საკითხების ექსპერტი სომონ ჯანაშია ესაუბრა:

– სექტემბრიდან პედაგოგთა კარიერული განვითარების ახალი სქემა ამოქმედდება. როგორ აფასებთ აღნიშნულ სქემას და იძლევა თუ არა ის სისტემის გაჯანსაღების საშაულებას, რა ხარვეზებზე გაამახვილებდით ყურადღებას?

– პრინციპში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცდილობს, მოაგვაროს პრობლემები, რომელიც მასწავლებლის პროფესიას დღეს აქვს. ზოგადად, პედაგოგთა კარიერული ზრდის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის. ხარვეზებს და პრობლემებს რაც შეეხება – პირველი გახლავთ ის, რომ ეს სქემა თავად სკოლის მართვის პრინციპს ეწინააღმდეგება. დღეს პედაგოგს ქირაობს სკოლა და თუ პედაგოგს ქირაობს სკოლა, რატომ უნდა დააწინაუროს ის სახელმწიფომ?! გამოდის, რომ პედაგოგის დამქირავებელი სკოლა კი არა სახელმწიფოა. ან უნდა ვთვქათ, რომ ეს ასეა, ან გამოდის, რომ პედაგოგი, რომელიც სახელმწიფოს ემსახურება, უფრო მეტად ფასობს, ვიდრე პედაგოგი, რომელიც ემსახურება სკოლას.

ამ სქემაში სკოლის ინტერესები არ არის ჩადებული. მეორე პრობლემა – არ ჩანს, რას ეფუძნება რწმენა, რომ ეს სქემა იმუშავებს, არ ჩატარებულა არაინაირი კვლევა, გამოცდა ამ სქემის. არ მოხმდარა შეფასება, როგორ იმოქმედებს სკოლებში არსებული კულტურა, სოციალური-პრობლემები, სკოლის გარეთ არსებული კულტურა – პედაგოგისგან მისი კოლეგა პედაგოგის შეფასებაზე. არ ჩანს გათვლები – რა ეღირება სქემის ამოქმედება, რამდენი ახალი ბიუროკრატიული ინსტრუმენტია საჭირო შეფასებისთვის. ან ეს ინსტრუმენტები როგორ იმუშავებს. სახელმწიფომ დახარჯა ძალიან ბევრი პოლიტიკური რესურსი, რათა ეს სქემა გაეტანა, მაგრამ რესურსი არ დახარჯულა საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ ეს სქემა იმუშავებს. ის რომ სქემა იმუშავებს, ეფუძნება მხოლოდ თეორიულ მსჯელობებს და ლოგიკას, რომ თუ ადამიანი რაციონალურია, მას ენდომება მეტი გააკეთოს, რომ უფრო მაღალი ხელფასი აიღოს. ამ დროს, ეს სქემა არ ითვალისწინებს არანაირ საერთაშორისო გამოცდილებას, რომ ადამიანები ცდილობენ მინიმალური რესურსის დახარჯვით მიაღწიონ მაქსიმალურ შედეგს.

– ახალ სქემაზე არის მიბმული სახელფასო პოლიტიკაც. განათლების სამინისტროში ხელფასების განაწილების ახალ მეთოდს მაქსიმალურად ობიექტურს უწოდებენ, რეალურად, დაეხმარება თუ არა ანაზღაურების ეს მოდელი მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებას და მათ პროფესიულ ზრდას?

– მასწავლებელს ყოველთვის ექნება სურვილი, რომ მიიღოს მეტი ხელფასი. მისთვის ნებისმიერი თანხა შეიძლება იყოს მიზმიდველი. არ არის აუცილებელი, თახა ძალიან დიდი იყოს. რაოდენობა არ განაპირობებს მუშაობის ხარისხს. ზოგმა შეიძლება 10% ზრდისთვის ყველაფერი გააკეთოს. პრობლემა სხვა რამეშია – ზრდა ყველა პედაგოგისთვის არ იქნება. არც ერთი სისტემა არ არსებობს, რომელიც ყველასთვის საინტერესო იქნება. ზოგიერთი პედაგოგი მომავალშიც აირჩევს შემოსავლის წყაროდ რეპეტიტორობას. აირჩევს, რომ ერთ მოსწავლესთან დაიხარჯოს, ვიდრე მთელ კლასთან.

– ანუ რეპეტიტორის ინსტიტუტი არც მომავალში მოიხსნება?

– რეპეტიტორის ინსტიტუტს იქამდე არაფერი ეშველება, ვიდრე სისტემა არ შეიცვლება- სისტემა რომელიც იწვევს ამ რეპეტიტორის ინსტიტუტის არსებობის საჭიროებას. ამის ბევრი მიზეზია: პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი მოსწავლეებისა და პედაგოგების შეფასების არაადეკვატური მექანიზმები. ასევე, არ არსებობს ეთიკური ნორმები, რომლებიც იმ პედაგოგს, ვინც მოსწავლეს მასთან მომზადებას ავალდებულებს, უარყოფათად შეაფასებდა. მასწვლებელს არავინ თხოვს გაკვეთილების მერე დარჩეს და რაღაც აკეთოს. აქ უფრო მეტად სტრუქტურულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე პიროვნების გადაწყვეტილებასთან – იყოს რეპეტიტორი.

– ახალი სქემის მიხედვით ყველა პედაგოგი თანაბარ პირობებში იქნება? თქვენ ამ სქემაში ნეპოტიზმის საფრთხეს ხედავთ?

– ნებისმიერ სქემაში არის ნეპოტიზმის საფრთხე. თანაბარ პირობებს რაც შეეხება, ეს სქემა თანაბარ პირობებში ყოფნის საშუალებას თავიდანვე არ იძლევა. თავიდანვე არ იყოფიან თანაბრად ის პირები, ვინც გაიარა სერტიფიცირება და არ გაიარა; სქემა იდენტურია იმ მასწავლებლისთვის, რომელიც ათი წელია სკოლაში ასწავლის, რომლისთვისაც დაარსა კლუბები, ატარებს ღია კარის დღეებს და იმ პირისთვისაც, რომელიც ახლა მივიდა სკოლაში და იწყებს პედაგოგობას. ეს კი თავიდანვე უსამართლო მიდგომაა.

– თქვენი ინფორმაციით, არსებობს თუ არა ანაზღაურების მსგავსი მოდელი რომელიმე სხვა ქვეყანაში და გაამართლა თუ არა მან?

– შეიძლება, მსგავსი სერტიფიცირების მოთხოვნები, კრედიტების დაგროვების სისტემა, სადმე არსებობდეს და მუშაობდეს. თუმცა არ ვიცი, არის თუ არა სადმე სისტემა, სადაც ერთი ორგანიზაცია არის დამქირავებელი და მეორე ორგანიზაცია შემფასებელი და წამახალისებელი. არ ვიცი, არის თუ არა სადმე პოლიტიკა, რომლის შედეგი, ანუ რა გვინდა 5-10 წლის შემდეგ, არ იყოს განსაზღვრული. ფაქტია, დღეს სახელმწიფო ვერ ამბობს რა შედეგი უნდა 5-10 წლის შემდეგ. დაუშვათ, დღეს გვყავს 50 წელს გადაცილებული პედაგოგები, რომელთა რაოდენობაც 50% -ია და 30 წელს ქვემოთ პედაგოგები, რომელთა რაოდენობაც 25%-ია – სამინისტრო ვერ გვეუბნება, რა უნდა ამ სქემით 5-10 წლის მერე, რომელი კატეგორიის და ასაკის პედგაოგების პროცენტული ზრდა სურს. ერთადერთი, რასაც ამბობს ისაა, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”.

– რამდენად სწორად მიგაჩნიათ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ახალი სქემის მიღებასა და დანერგვაზე საკანონმდებლო ორგანოს კონტროლი აღარ იარსებებს, ჩარჩო დოკუმენტის მიღებაზე კი განათლების სამინისტროსა და მთავრობის ერთობლივი კოორდინირებით შექმნილი კომისია იმუშავებს?

– ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ გაუმჭვირვალე გახდა პროცესი. იმიტომ, რომ გონიათ – რაც ნაკლები იქნება საზოგადოებრივი ჩართულობა, მათ შორის პარლამენტისაც, მით უფრო სწრაფი იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესი. თუ სქემა არ იმუშავებს, შეუძლიათ თქვან, რომ მეტი ეფექტიანობისთვის ცვლიან პრინციპს და ამას აღარ დასჭირდება კანონის შეცვლა, დასჭირდება მხოლოდ მთავრობის დადგენილება, რაც პროცედურულად ბევრად უფრო მარტივია.

– თქვენი გათვლებით, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება?

– თავისთავად. საკმარისია არჩევნები მოვიდეს და სქემასთან დაკავშირებით მათი განწყობაც შეიცვლება. მოუნდებათ გადავადება. იტყვიან, რომ უფრო მეტი დროა საჭირო ინსტრუმენტების შესამუშავებლად. მასწავლებელთა სახლს მოუნდება ახალი ტიპის მოთხოვნების დაწესება, ან, შეიძლება, ისიც თქვან – ნეპოტიზმის პრობლემააო. უბრალოდ, ძალიან დიდი შანსია რომ სისტემა არ იმუშავებს. ერთ-ერთი არგუმენტი, რასაც აქამდე არსებულ სერტიფიცირების ფორმაზე ამბობდნენ იყო შემდეგი: “ძალიან ცოტა პედაგოგი გამოდის გამოცდაზეო”. რას იტყვიან მაშინ, როდესაც ძალიან ცოტა პედაგოგი გადავა საფეხურიდან საფეხურზე?!

– როგორია პირადად თქვენი რეკომენდაციები და ხედვა, ვინ უნდა აფასებდეს მასწავლებლის საქმიანობას და როგორ უნდა განისაზღვროს მისი ფინანსური წინსვლა, როგორია სქემის თქვენეული მოდელი, რომელიც აუცილებლად იმუშავებს?

– სკოლის დასახმარებლად არანაირი სახელმწიფო ცენტრალიზებული-სქემა არ არის საჭირო. სკოლებს უნდა დავეხმაროთ, სკოლის შიგნით პროფესიული განვითარებისა და შეფასების საკუთარი სისტემები ჰქონდეთ. შეიძლება, ეს მექანიზმები სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვანაირი იყოს. იმიტომ, რომ ყველა სკოლა და სკოლის საჭიროებები განსხვავებულია. არ შეიძლება, სკოლა, სადაც 4 მასწავლებელია და სკოლა, სადაც 100 მასწავლებელია, ერთი სქემის ფარგლებში მუშაობდეს. ყველა ავადმყოფს ხომ ერთი და იგივე წამლით არ კურნავენ?! უნდა ვეცადოთ, რომ მოხდეს სკოლის პრობლემების დიაგნოსტიკა და ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა. სკოლებს თავად უნდა მოვანდომოთ, რომ მისი პედაგოგები განვითარდნენ. უნდა შევუქმნათ მოტივაცია. სახელმწიფოს მხრიდან კი შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა, ხელშეწყობა, მეტი გამოცდილების მიწოდება… მაგალითად, წარჩინებული პედაგოგები უნდა გამოდიოდნენ უნივერსიტეტების კონფერენციებზე, ზოგ ქვეყნებში საუკეთესო მასწავლებლებს იმ სკოლებში უშვებენ, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა და ეს იმ პედაგოგისთვის პატივია, რადგან მას პრობლემების გადაჭრა ევალება. ახალი სქემით, კი არაფერი შეიცვლება პრობლემები ისევ დარჩება.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური