GE

სიზარმაცის დასამარცხებელი იაპონური მეთოდიკა, ანუ 1 წუთის პრინციპი ყველა ასაკის ადამიანისთვის

,,ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებ: სპორტ დარბაზში ვივლი, ვივარჯიშებ,  იოგათი დავკავდები…“  თითოეულ ჩვენგანს არა ერთი მსგავსი მიზანი დაუსახავს, მაგრამ … ხშირად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩვენი გეგმები მომავალი კვირისთვის, თვისთვის ან საერთოდაც წლისთვის გადაგვაქვს.

ხანდახან, ჩვენ ადრე ვიწყებთ ჩანაფიქრის შესრულებას. მაგალითად, დათქმული დროიდან სპორტდარბაზში სიარულს ვიწყებთ, სისტემატიურად, რამოდენიმე საათს ვვარჯიშობთ, მაგრამ მოკლე დროში აღნიშნულ საქმიანობას დიდი ხნით ვტოვებთ. რატომ ხდება ასე? მიზეზი მარტივია: დიდი დატვირთვა თითოეული ჩვენგანისთვის მოსაბეზრებელი ხდება, ასევე ჩვენ არ გვაქვს გამომუშავებული ჩვევა, რომელიც ამა თუ იმ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.

კაიძენის მეთოდიკა ანუ 1 წუთის პრინციპი

არსებობს იაპონური მეთოდიკა ,,კაიძენი“, რომელსაც საფუძვლად 1 წუთის მეთოდი უდევს. მეთოდიკის არსი შემდეგში მდგომარეობს: ყოველ დღე, ადამიანი კონკრეტულ საქმეს ერთსა და იმავე დროს, ზუსტად ერთი წუთის განმავლობაში აკეთებს. 1 წუთი ძალიან ცოტაა, ამიტომაც მოცემული მეთოდი ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივად გამოსაყენებელია, სიზარმაცეც ხელს აღარ შეგიშლით. ის საქმეები, რომელთა გაკეთებაც თქვენ ნახევარ საათში გეზარებოდათ, მარტივად შესასრულებელი  1 წუთში ხდება.

შეზღუდული დროის გამო, თქვენ ვეღარ დაიწყებთ საქმის სირთულეზე ფიქრს, პირიქით, ამოცანის შესრულება ერთგვარ თამაშის სახეს იძენს,  ვინაიდან თქვენ მხოლოდ 1 წუთი გაქვთ. პატარა ნაბიჯების გადადგმით, თქვენ ეტაპობრივად ვითარდებით და დიდ მიზანსაც მარტივად მიაღწევთ.

მნიშვნელოვანია, რომ ეს მეთოდი დაგეხმარებათ დარწმუნდეთ საკუთარ შესაძლებლობებში დადანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლდეთ. მოახლოებული წარმატება შთაგაგონებთ, რომ ყოველდღიურად საქმით უფრო დიდხანს დაკავდეთ, ვიდრე წინა დღეს. ასე ეტაპორივად დასახულის მიზნის მისაღწევად დღეში ნახევარ საათს, ან მეტს დროს დათმობთ.

კაიძენის მეთოდიკის სამშობლო იაპონიაა. ტერმინი 2 სიტყვისგან ,,კაი“(ცვლილება) და „ძენ“(სიბრძნე) შედგება. მენეჯმენტის ამ კონცეფციის ავტორი არის მასააკი იმაი. მისი აზრით, კაიძენი ნამდვილი ფილოსოფიაა, რომლის გამოყენებაც როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში არის შესაძლებელი.

დასავლური კულტურისთვის, სადაც დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია კარგი შედეგის მიღება, იაპონური მეთოდიკა შეიძლება არაეფექტური იყოს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მასშტაბური პროგრამები, რომელთა შესრულებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჯაბნის ადამიანს და მის ქმედითუნარიანობას ამცირებს. კაიძენის პრინციპი კი ყველას მოუხდება და მისი გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში არის შესაძლებელი.  მაგალითისათვის, იაპონელები ეტაპობრივი განვითარების მეთოდიკასა და მუდმივი გაუმჯობესების სტრატეგიას მენეჯმენტში წარმატებით გამოიყენებენ.

დროა ჩამოაყალიბოთ თქვენი მოთხოვნები, დაისახოთ მიზნები და დაიწყოთ კაიძენის მეთოდის პრაქტიკაში გამოყენება.

რატომ არის სიზარმაცე სასარგებლო ჯანმრთელობისთვის?

როგორ მივცეთ ზარმაც ბავშვებს სწავლის სტიმული – 6 რჩევა

მოამზადა მარიამ მისაბიშვილმა 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური