GE

სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების დეფიციტია

EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდა პედაგოგთა რაოდენობას ასაკოვანი და ხანდაზმული პედაგოგების რაოდენობა ბევრად ჭარბობს.

მოქმედ პედაგოგთა უმეტესობა – 53% (31 115) 41-დან 60 წლამდეა. აქედან 15 829 მათგანი 41-50 წლიან ასაკობრივ ჯგუფშია,  ხოლო 15 286 კი 51-დან 60 წლამდე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო სკოლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების საერთო რაოდენობა 58 440-ს შეადგენს, გამოდის, რომ 41-50 წლის პედაგოგთა პროცენტული წილი საერთო რაოდენობაში 27 %-ა, ხოლო 51-60 წლამდე ასაკის მასწავლებელთა წილი – 26 %.

მესამე ადილზე 31-დან 40 წლამდე ასაკის მასწავლებლები არიან. მათი რაოდენობა 10 964-ს შეადგენს (საერთო რაოდენობის 19 %). ამ ასაკობრივ კატეგორიას კი 61-70 წლის პედაგოგთა ჯგუფი მოსდევს მცირედი განსხვავებით – 10 160 (17 %).

უმცირესობაში არიან ახალგაზრდა – 31 წლის ქვემოთ მყოფი მასწავლებლები, რომელთა რაოდენობაც (3 574) არცთუ მნიშვნელოვნად აღემატება 71-ს გადაცილებულ პედაგოგთა რაოდენობას (2 627). ანუ, ყველაზე ახალგარზდა პედაგოგთა პროცენტული მაჩვენელები 6 %-ს შეადგენს, ყველაზე ხანდაზმულთა კი – 4.5 %-ს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს  ჩატარებული სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის მიხედვით (TALIS), საქართველოში მასწავლებლების საშუალო ასაკი 48 წელია. კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნებში კი  43 წელი, რაც 5 წლით ნაკლებია საქართველოს მაჩვენებელზე.

საგულისხმოა, რომ საქართველოში მასწავლებლების ასაკობრივ განაწილებაში მცირე განსხვავებები ფიქსირდება სკოლის მდებარეობის მიხედვით. ლოგიკური იქნებოდა გვევარაუდა, რომ საშუალო ასაკი უფრო მაღალი აღმოჩნდებოდა მაღალმთიან სოფლებში, სადაც სკოლებს ახალგაზრდა კადრების მიზიდვა უჭირთ და პირიქით – ურბანულ დასახლებებში უფრო მაღალი აღმოჩნდებოდა ახალგაზრდა მასწავლებლების წილი.

თუმცა,  როგორც გაირკვა,  ახალგაზრდა მასწავლებლების წილი ყველაზე მაღალი სწორედ მაღალმთიან სოფლებშია. აქ 30 წლამდე ასაკის მასწავლებლების წილი 10%-ია, 30-39 ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებლების კი – 24%.

მასწავლებლის ასაკში მნიშვნელოვანი განსხვავებები საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების მიხედვითაც ფიქსირდება. როგორც ზემოაღნიშნული კვლევით ირკვევა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების საშუალო ასაკი 49, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების საშუალო ასაკი კი 52 წელია მაშინ, როცა უცხოური ენებისა, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლების საშუალო ასაკი 44 და 43 წელია. ეს განსხვავება უცხოური ენებისა და ისტ-ის მასწავლებლებს შორის 30 წლამდე ასაკის მასწავლებლების შედარებით მაღალი წილით აიხსნება.

უცხო  ენების მასწავლებლებს შორის 30 –წლამდე ასაკის პედაგოგების წილი 13% და ისტ-ის მასწავლებლებს შორის 9%-ია. რაც შეეხება სხვა საგნებს, 30 წლამდე ასაკის პედაგოგების წილი ქართულის მასწავლებლებს შორის 4%, მათემატიკის მასწავლებლებს შორის – 3%, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს შორის – 2%-ია.

13228161_1238666152832884_303418858_nის, რომ ახალგაზრდა პეადაგოგებს ხანდაზმულები რაოდენობით ბევრად აღემატებიან, ჩვენს რესპონდენტს 27 წლის პედაგოგ ანა კიკაჩეიშვილს უსამართლობად მიაჩნია. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, სერტიფიცირებული მასწავლებელი სამუშაოს მრავალხმრივი მცდელობის მიუხედავად ვერ პოულობს.

ანა სწორედ ერთ-ერთი მათგანია.  ორი წლის წინ მაძიებლის პროგრამაში იყო  ჩართული 124-ე სკოლაში. პროგრამა წარმატებით გაიარა და შემდეგ სასერტიფიკაციო გამოცდაც ჩააბარა.

ამის შემდეგ სამუშაოს უშედეგოდ ეძებს.  რეზიუმე დატოვებული მქონდა 23-ე და 124-ე სკოლაში, მაგრამ არავინ შეხმიანებია. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ არცთუ ბევრია ისეთი სკოლა, სადაც ფრანგულ ენას ასწავლიან.

“შარშან განათლების სამინისტროდანაც დამირეკეს.  მითხრეს, რომ უმუშევარი, სერტიფიცირებული პედაგოგების დასაქმებით არიან დაინტერესებულები და დამპირდნენ, რომ ჩემს დასაქმებას ეცდებოდნენ. გამომკითხეს თუ რომელ სკოლაში მაწყობს მუშაობის დაწყება და ა.შ. სამწუხაროდ, მას შემდეგ აღარავინ შეხმიანებია. ამ ეტაპზე უმუშევარი სერტიფიცირებული პედაგოგი ვარ,” – ამბობს ანა.

იმის გამო, რომ პედაგოგებს ხანდაზმულ ასაკამდე შეუძლიათ მუშაობა და შესაბამისად, ამ სფეროში ვაკანსიები იმ რაოდენობით არ ჩნდება, რა რაოდენობითაც ყოველ წლიურად შრომით ბაზარზე ახალგაზრდა მასწავლებლები გამოდიან, ანა მიიჩნევს, რომ პედაგოგის პროფესია ნაკლებ მიმზიდველი ხდება. ამბობს, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ სტიმული ეს პროფესია აირჩიონ, ან ცოდნა გაიღრმაონ და საკუთარ თავზე იმუშავონ, რადგან იციან, რომ ამის მიუხედავად სამსახური მაინც  წლობით უნდა ეძებონ.

“სტატისტიკიდან გამომდინარე, ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების მუშაობაც სხვადასხვანაირი და განსხვავებული შედეგის მომცემია. რა თქმა უნდა, ახალგაზრდები მეტი შემართებითა და ენერგიით ეკიდებიან საქმეს, ახალი იდეებითა და ინოვაციებით. მე მაგალითად ასეთი შემთხვევ ამქონდა  – მასწვლებელს მოსწავლისათვის სარეკომენდაციო წერილი უნდა დაეწერა და ერთ-ერთ ოლიმპიადაზე გაეგზავნა.  მანაც  გაგზავნა, მაგრამ იგი უკან დაუბრუნეს და პასუხად მოიწერეს, რომ ეს წერილი  ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებსა და ფორმას, რაშიც სარეკომენდაციო წერილი უნდა ჯდებოდეს.

“ჩემი აზრით, სირცხვილია, რომ პედაგოგს სარეკომენდაციის შედგენა არ შეუძლია. ამას სახელმწიფო რაღაცნაირად უნდა არეგულირებდეს. ამ პირობებში ახალგაზრდა, სერტიფიცირებული პედაგოგები უმუშევრები არ უნდა იყვნენ,” – ამბობს ანი.

13231090_1238666296166203_7436130_nჩვენი შემდეგი რესპონდენტი კი 65 წლის დამსახურებული პედაგოგი ნანული ლიპარტელიანია. იყო დირექტორი, სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილე, ორგანიზატორი, დღეს კი 47-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგია. საერთო ჯამში, მასწავლებლად მუშაობის 42 წლიანი სტაჟი აქვს.

იმის მიუხედავად, რომ უკვე საპენსიო ასაკისაა, ლიპარტელიანის თქმით, ძალიან ცუდია, რომ ახალგაზრდა პედაგოგები სკოლაში ნაკლებად არიან. მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი მოტივაციის ნაკლებობაა.

ასაკობრივ შეზღუდვას არ ემხრობა, თუმცა ფიქრობს 75 წელი ნამდვილადაა ის ზღვარი, რომლის შემდეგაც მასწავლებელი სკოლაში აღარ უნდა იყოს. მანამდე კი, თუ იგი  შრომისუნარიანი და მოთხოვნადია,  სამუშაოზე უარი არავინ უნდა უთხრას.

“მასწავლებელი ყველთვის მიხვდება არის თუ არა ის მოსწავლეებისათვის საჭირო. როცა იგრძნობს, რომ პედაგოგისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ვერ აკეთებს – ურთიერთობას მოსწავლესთან ვეღარ ამყარებს და მას ვერ აინტერესებს, თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს,  გაშვება მისთვის შეურაცხყოფა არ უნდა იყოს. ხოლო თუკი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაშინ ასაკობრივი ზღვარის დაწესება არასწორად მიმაჩნია,” – ამბობს იგი.

იმის მიზეზი, რომ ხანდაზმულ პედაგოგებს სამუშაო ადგილების დატოვება უჭირთ, ლიპარტელიანის თქმით მათი მძიმე სოციალური მდგომარეობაა. იმისათვის, რომ ისინი  სკოლებს დროულად ტოვებდნენ, მისი აზრით, საჭიროა მას ღირსეული გაცილება და პენსია ჰქონდეს.

თუკი მასწავლებელი ასაკისა და შრომის სტაჟის გათვალისწინებით ნორმალურ პენსიას მიიღებს და სკოლიდან წასვლის შემდეგ სოციალურად დაუცველთა კატეგრიაში არ იქნება, ლიპარტელიანი დარწმუნებულია, რომ   სკოლის დატოვებას ის თავადვე მოისურვებს.

“სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანს, რომელმაც ათეულობით წელი იმუშავა სკოლაში და თაობების აღზრდას ემსახურა, ეს დიდი შრომა დაუფასდეს. ეს თუნდაც მადლობით უნდა გამოიხატებოდეს და ასევე, დამსახურებული, ღირსეული პენსიით. ხანდაზმული მასწავლებლების უმეტესობისათვის სკოლის დატოვება  სოციალური მდგომარეობის გამოა შეუძლებელი,” – დასძენს  იგი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოში საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლების 84% ქალია, მაგრამ მათი წილი საგნებისა და სკოლების მდებარეობის მიხედვით განსხვავდება. ქალების ყველაზე მაღალი წილი უცხოური ენებისა (95%) და ქართული ენისა და ლიტერატურის (94%) მასწავლებლებზე ნაწილდება.

მამაკაცების წილი ყველაზე მაღალი ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებშია (67%). მათი წილი ასევე შედარებით მაღალია მათემატიკისა (18%) და სახელობო საგნების (26%) მიმართულებით.

Untitled

მასწავლებლობით დაკავებული ბევრი გვყავს, მაგრამ მასწავლებელი – ცოტა: გურამ ბერიშვილი

„სკოლაში მათემატიკის სწავლება გადასახედია, გრიფირებული წიგნები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“

როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური