GE

სკოლებში გათბობა არის, მაგრამ ჩართვის თარიღს დირექტორი წყვეტს

ფოტო –
სამხრეთის კარიბჭე

ამინდის ნაადრევ გაუარესებასა და აციებასთან ერთად EDU.ARIS.GE საკმაოდ მრავლად იღებდა შეტყობინებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამა თუ იმ სკოლაში გათბობა ჩართული არ იყო და მოსწავლეებს შენობაში  სათანადო პირობები არ ხვდებოდათ.

შევეცადეთ გაგვერკვია რა მდგომარეობაა სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და რამდენად აკონტოლებს ამ საკითხს განათლების სამინისტრო. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი შალუტაშვილის თქმით, გათბობა ყველა სკოლაში არის, თუმცა 30 მათგანში ხარისხის გასაუმჯობესებლად სამუშაოების ჩატარება ახლაც იგეგმება.

გიორგი შალუტაშვილი:   ზაფხულიდანვე დავიწყეთ სკოლებთან ინფორმაციული წერილების დაგზავნა იმასთან დაკავშირებით, რომ  გათბობის სისტემის სატესტო ჩართვა განეხორციელებინათ, რათა თუკი რაიმე ხარვეზი იქნებოდა, ზამთრის დადგომამდე გაგვესწორებინა. ივლისშიც მივწერეთ და აგვისტოშიც.

შესაბამისად, ყველა იმ ხარვეზის შესახებ, რომელიც ამ სატესტო ჩართვის დრო გამოვლინდა, ჩვენთვის ცნობილი იყო. წერტილოვანი შეკეთებები ჩატარდა. დღესაც მივიღეთ მინისტრისგან თანხმობა რამდენიმე სკოლის დაფინანსებაზე, რომელთაც მცირე ხარვეზები აქვთ, რათა გათბობა გაუმჯობესდეს. მათ საჭირო თანხით დავაფინანსებთ. შემდეგ კი სკოლა ამ პრობლემებს თავად აღმოფხვრის.

–სატესტო ჩართვა ყველა სკოლისთვის სავალდებულო იყო თუ ნებაყოფლობითი?

გ.შ: ჩვენ ყველა რესურს-ცენტრს ვუგზავნით წერილს იმასთან დაკავშირებით, რომ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაში შემავალ საჯარო სკოლებს გათბობის სისტემის ჩართვაზე მიუთითონ.  სისტემა სამი დღით ირთვებოდა და თუკი რაიმე დეფექტი გამოვლინდება, მაგალითად „ქვაბია“ გაუმართავი, საცირკულაციო ტუმბო, ან „რადიოატორიდან“ ჟონავს, ჩვენ ამას გვატყობინებდნენ და ზაფხულს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ვიყენებდით.

–ეს მითითება ყველა სკოლამ გაითვალისწინა?

–გ.შ: რა თქმა უნდა.

–რა მდგომარეობაა ახლა, მოხერხდა ყველა ხარვეზის გამოსწორება?

გ.შ: ხარვეზების დიდი ნაწილი გამოსწორებულია. რამდენიმე სკოლაში გათბობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ამ კვირაში დაახლოებით 30-მდე სკოლას დავაფინანსებთ, რათა საეჭვო აგრეგატი, რომელიც შესაძლებელია ზამთარში წყობიდან გამოვიდეს, ახლით ჩაანაცვლონ.

–ეს 30 სკოლა ქვეყნის მასშტაბითაა?

გ.შ: არის თბილისის, დასავლეთ საქართველოს, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის სკოლები. ასე რომ, ეს ინფორმაცია სრულად გვაქვს.

–ანუ, ქვეყნის მასშტაბით დაახოებით 30 სკოლაა ისეთი, სადაც გათბობა  მოუწესრიგებელია?

–გ.შ: არა, მოუწესრიგებელი არ არის. გათბობა არის, მაგრამ ხარისხი რომ გავზარდოთ და მისი მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლისაგან თავი დავიზღვიოთ, სკოლებს ახლით ჩანაცვლებისთვის თანხას ვაძლევთ.

–შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის ყველა სკოლა თბება?

–გ.შ: რა თქმა უნდა. თუმცა, როდის ჩართავს გათბობას, ეს სკოლის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია. ამაში ჩვენ არ ვერევით. ჩვენგან შეტყობინება კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არასოდეს ყოფილა. თავად ადმინისტრაცია წვეტს ამას აციების მიხედვით.

–ხორციელდება თუ არა მონიტორინგი მთელი სეზონის განმავლობაში?

–გ.შ: ჩვენთან ცხელი ხაზი ფუნქციონირებს  და თუკი რომელიმე საჯარო სკოლაში სისტემა დაზიანდება, ცხელ ხაზზეც მოდის შეტყობინება და წერილობითაც. ჩვენც  რეაგირებას მყისიერად ვახდენთ. ზოგ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შესყიდვასაც ვანხორციელებთ.

ასე რომ, პრობლემის არსებობის შემთხვევაში თავად სკოლები გვიკავშირდებიან. დამერწმუნეთ, არც ერთი  დირექტორი არ იქნება ჩუმად და თუკი მისი სკოლა ვერ თბება, ამას  რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

საინტერესო ინფორმაცია სკოლების შესახებ

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური