GE

სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირების შედეგები გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გამოაცხადეს. კონკურსის მონაწილეებს მათ მიერ მიღებული ქულების ნახვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს ვებ გვერდებზე შეუძლიათ. ამისათვის დირექტორობის მსურველებმა საიტზე განთავსებულ სიაში საიდენტიფიკაციო კოდი უნდა მიუთითონ. შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში დირექტორობის მსურველს უფლება აქვს შედეგები სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიაში გაასაჩივროს. კომისიას საჩივრის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღის ვადა ეძლევა. დირექტორების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი-გასაუბრება საპრეტენზიო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ დაინიშნება. დირექტორობის მსურველებს საშუალება ეძლევათ გასაუბრებისთვის თემა თავად აირჩიონ, რომლის პრეზენტაციასაც სპეციალური კომისიის წინაშე გამართავენ. დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპზე 1700-მდე ადამიანი გამოცხადდა. კონკურსის პირველი ეტაპი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით საქართველოში პირველად ჩატარდა. თითოეულმა მონაწილემ ინდივიდუალური ტესტი შეავსო. დირექტორობის მსურველებმა კითხვებს რამდენიმე მიმართულებით უპასუხეს: საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის ფინანსური მართვა, ლოგიკური მსჯელობა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. შესაბამისი მასალა დაინტერესებული პირებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი. ტესტი სულ 100 შეკითხვისგან შედგებოდა. კონკურსში მონაწილეობას დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების გარდა ის მოქალაქეებიც იღებდნენ, რომლებსაც აქამდე სკოლის დირექტორად არ უმუშავიათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური