GE

„სკოლის საატესტატო გამოცდაზე Google-ის გამოყენების უფლება უნდა დაიშვას!“ – მარკ დავნი

კრიტიკოსები OCR-ის და მთავარი საგამოცდო საბჭოს ხელმძღვანელს აკრიტიკებენ, რომელმაც გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანელ მოსწავლეებს, რომლებიც საერთო საშუალო ატესტატის მისაღებ გამოცდას აბარებენ, საგამოცდო პროცესის დროს Google-ის გამოყენების უფლება უნდა მიეცეთ.

მარკ დავნიმ – OCR-ის საგამოცდო საბჭოს მთავარმა აღმასრულებელმა თქვა, რომ Google-ის, კალკულატორისა და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენება მასწავლებლებს  მოსწავლეთა ინფორმაციის წყაროებზე გაცნობაში და მათი სწავლის პროცესის შეფასებაში დაეხმარება. მისი თქმით, Google ყველასთვის ხელმისაწვდომია და მოსწავლეებს ონლაინ-ძებნისთვის შეზღუდული დრო ექნებათ.  

Telegraph-თან საუბრისას დავნიმ თქვა: „კომპიუტერი ყველასთვის ხელმისაწვდომია ამოცანის ამოსახსნელად, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, როგორ ახსნიან და გადმოსცემენ პასუხებს. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი Google, რატომ უნდა გამოვრიცხოთ იგი მოსწავლეთა სწავლების პროცესიდან?

რა თქმა უნდა, როცა ისინი ჯგუფში არიან, ყველა იყენებს Google-ს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად. ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ გააზრება, გაგებაა და არა ყველანაირი ინფორმაციის უბრალოდ დამახსოვრება. თანამედროვე მსოფლიო ხომ ასე არ მუშაობს.“

დავნიმ გამოცდაზე Google-ის გამოყენების დაშვების იდეა უკვე მოძველებულ სადებატო თემას – ტესტების დროს წიგნების გამოყენებას შეადარა და თქვა: „რეალურად, იმდენი დრო არ გქონდა, რომ წიგნში რაიმე გეძებნა და მაინც ყველაფრის სწავლა გიწევდა საგამოცდოდ.“

დავნის იდეას ეწინააღმდეგება Real Education-ის ხელმძღვანელი კრის მაკგოვერნი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს იდეა „სტანდარტების ჩამოქვეითებამდე მიგვიყვანს“.

მან BBC Radio 4’s Today-ში განაცხადა: „ეს სისულელეა. ჩვენ სტანდარტების კრიზისი გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ 3 წლით ჩამოვრჩებით ჩინელებს. ჩვენი დამსაქმებლები ამბობენ, რომ უამრავი ახალგაზრდა შრომისუუნაროა. და ამ დროს, OCR-ის საბჭო ამბობს, რომ ყველაფერი კიდევ უნდა გავამარტივოთ და სულელური გავხადოთ? შეიძლება, გქონდეთ გამოცდა Google-ის გამოყენების ცოდნაზე, მაგრამ ეს ისტორიის და გეოგრაფიის გამოცდის მსგავსი არაა. გამოცდა ცოდნასა და გაგებას უნდა ეყრდნობოდეს. გარდა ამისა, მაგ შემთხვევაში, ისიც უნდა ვამოწმოთ, რა აქვთ ბავშვებს ხელში.“

გამოცდების დროს ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ მისი ენთუზიაზმის მიუხედავად, Real Education-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს რეალობა დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ მინიმუმ 1 საუკუნით შორსაა.

 „მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა გაიგონ ჩემი ნათქვამის სამართლიანობა. მთავრობა აუცილებლად უნდა დარწმუნდეს, რომ მათი რეგულაციები საკმარისია ხარისხის სტანდარტების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად.“

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, გამოცდაზე Google-ის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით. გასულ წელს, ჰარვარდის ფიზიკის პროფესორმა განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეებსაც უნდა ჰქონდეთ ინტერნეტთან წვდომა. სოციალური მედიის ზოგიერთი წევრი ამ იდეას სიხარულით შეხვდა.

წყარო: www.telegraph.co.uk

თ.ჟ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური