GE

„სოც-ქსელებით გართული თანამშრომლები“ – რას უჩივიან გორის უნივერსიტეტის სტუდენტები?!

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უმაღლესი სასწავლებლის მიერ მიწოდებული სერვისებით და არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა. საკუთარი პრეტენზიების დაფიქსირება მათ ARIS.GE განათლებასთან სცადეს. რესპონდენტთა ნაწილმა ანონიმად დარჩენა ამჯობინა, თუმცა უნივერსიტეტში მაინც აღმოჩნდნენ თამამი სტუდენტები, რომელთაც თავიანთი პრეტენზიები ღიად დააფიქსირეს და გვარსახელები არ დაუმალავთ.

მწირი ლიტერატურა, სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც სულაც არ არის დამოუკიდებელი, არასათანადო მომსახურება ბიბლიოთეკაში,  სტუდენტების გრძელი რიგები სარეგისტრაციო განყოფილებასთან, სხვა „საქმით“ გართული თანამშრომლები და მათი დაბალი კომპეტენცია. ეს სტუდენტების მიერ ჩამოთვლილი პრობლემების არასრული ნუსხაა.

სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ამბობს, რომ უნივერსიტეტში არსებულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურის იმდენად მწირი რაოდენობაა, რომ  ხშირ შემთხვევაში 100 სტუდენტზე 10 წიგნიც კი არ მოდის.

ელექტრონული რესურსის არსებობის შემთხვევაში, ის სტუდენტები, ვინც უნივერსიტეტში სოფლიდან დადის, მის მოძიებას ინტერნეტის არარსებობის გამო ვერ მოახერხებენ. ამასთან, ბიბლიოთეკაში არ არსებობს სტუდენტის მუშაობისთვის შესაბამისი გარემო. მწირია კომპიუტერების რაოდენობა“, – ამბობს რესპონდენტი.

ტურიზმის მეორე კურსის სტუდენტი კი გვეუბნება, რომ  „ბიბლიოთეკაში არსებული კომპიუტერებით ბიბლიოთეკის თანამშრომლები სარგებლობენ,რომლებიც სამუშაოდ მისულ სტუდენტებს ხმამაღლა ესაუბრებიან, სერვისით სარგებლობის საშუალებას არ აძლევენ, თავად კი სოციალური ქსელებით ერთობიან’’.

სტუდენტების კრიტიკის განსაკუთრებულ ობიექტს სტუდენტური თვითმმართველობა წარმოაგდენს. რესპონდენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობა სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. მაგალითად სამართალმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტმა დღემდე არ იცის, რა საქმიანობას ეწევა  გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტს საერთოდაც ეჭვი ეპარება თვითმმართველობის დამოუკიდებლეობაში.

„ვერ ვგრძნობთ თვითმმართველობის არსებობას. არადა, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხა სტუდენტებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს,რაც ჩვენს შემთხვევაში არ ხდება“ – ამბობს ის.

ტურიზმის მეოთხე კურსის სტუდენტი უნივერსიტეტის სასწავლო პროცესსაც აკრიტიკებს და აქცენტს თეორიით გაჯერებულ ისეთ სასწავლო მიმართულებებზე აკეთებს, სადაც მისი თქმით, პრაქტიკაა აუცილებელი.

მასობრივი კომუნიკაციების/ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი შმაგი ბერუაშვილი ჩვენთან  საუბარს სოციოლოგიის საფუძვლების ლექტორის მაია ამირგულაშვილით იწყებს:

„დავიწყებ იმ პრობლემით, რაც პირველ რიგში მაწუხებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი საუნივერსიტეტო ცხოვრების კრიტიკა ერთ-ერთი ლექტორი მაია ამირგულაშვილია, მე ის სოციოლოგიის საფუძვლებს მასწავლის.

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ყველანაირად ვცდილობ, რომ მის ლექციას აუცილებლად დავესწრო, რადგან პრაქტიკა აჩვენებს რომ, ყველასთვის კარგად ნაცნობ ,,შემტენ საგნებს” არ გაპატიებს და შენს საზოგადოებრივ აქტივობებს მხედველობაში არ მიიღებს. მათ კი, ვინც მასთან ე.წ ბანბანერკით მიდიან,  ნიშნების პრობლემა არ აქვთ. როგორც ჩანს, მე იმის გამო ვისჯები, რომ სათქმელს პირდაპირ ვამბობ, სიმართლე კი  ქალბატონი მაიასთვისაც ძნელი მოსასმენია.“

ბერუაშვილი უნივერსიტეტში ბუფეტის არარსებობის საკითხზეც საუბრობს, რის გამოც სტუდენტებს შესვენებაზე გასვლა მოშორებით მდებარე მაღაზიებში უწევთ.

სამწუხაროდ, ჩემს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ტოტალურ აქტს დაემსგავსა, რომლის იქით, როგორც კედლის მეორე მხარეს, სტუდენტური ცხოვრება და ახლის ძიება მძინარე პროცესშია, ან ხშირ შემთხვევაში, მთლიანი პროცესის უბრალო პერიფერიაა,“ – ამბობს გსუ-ს მეოთხე კურსის სტუდენტი დავით ლომაია და აქვე დასძენს:

პრობლემით მისული სტუდენტი დარბის ერთი კორპუსიდან მეორეში და შესაბამის პასუხს ვერ იღებს. ვისურვებდი, რომ კითხვით მისულ სტუდენტს კონკრეტული სამსახური სრულყოფილ  საინფორმაციო მომსახურებას გაუწევდეს. პრობლემურია სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი. ხშირად შეხვდებით რეგისტრატურის კაბინეტის კართან უსაშველო რიგებს, თითქოს რაიმეზე ფასდაკლებაა გამოცხადებული და სტუდენტები სუპერმარკეტის კართან იცდიან“, – ამბობს  Aris.ge-განათლებასთან  საუბრისას დავით ლომაია.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში პასუხობენ.

2014 წელს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია-აკრედიტაცია. შესაბამისად ყველა პროგრამა შეამოწმეს ექსპერტებმა და მისცეს დადებითი დასკვნა, ასევე აკრედიტაცია მოიცავს უნივერსიტეტის წიგნადი ფონდის შესწავლას. სასწავლო პროგრამით და სილაბუსით გათვალისწინებული ყველა სახელძღვანელო ინახება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ტურიზმის მიმართულებით საბაკალვრო პროგრამაში პრაქტიკის კომპონენტს ეთმობა 10 კრედიტი, აღნიშნულმა პროგრამამაც წარმატებით გაიარა აკრედიტაცია, შესაბამისად იგი აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. გორის უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსი აღჭურვილია პანდუსით (შეგიძლიათ ნახოთ). სტუდენტთა რეგისტრაციის დროს რიგები განპირობებულია იმით, რომ თითქმის ყველა სტუდენტი ვადის ამოწურვის ბოლო დღეს გადის რეგისტრაციას. რაც შეეხება სტუდენტურ თვითმმართველობას, სახელიც მიანიშნებს რომ ეს არის თვითმმართველობა და მათ საქმიანობაში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ და ვერ ჩაერევა. ბუფეტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის მიხედვით პრიორიტეტი იყო სტუდენტთა სასწავლო გარემოს კეთილმოწყობა და შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს   ბუფეტის საკითხის მოგვარებას“,- განუცხადეს Aris.ge-განათლებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

გიორგი ედიშერაშვილი – გორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური