GE

სოფელ ხიდისთავში თანამედროვე საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, 27 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შვილმა ქეთევან დუმბაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნეს. ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, გურიის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ.

სოფელ ხიდისთავის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბილიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, მოსახლეობას საშუალებას აძლევს მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში დაინერგება სრულიად ახლებური, თანამედროვე ბიბლიოთეკის მოდელი. სერვისების განვითარების სააგენტოსთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, ბიბლიოთეკების ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ ცენტრს ექნება შესაძლებლობა ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, გასცეს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისი. ხელმისაწვდომი გახადოს მობილური ოპერატორის და ბანკის სერვისებიც. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს უფასო ინტერნეტით.

როგორც ცნობილია, ნოდარ დუმბაძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში მოეწყო ნოდარ დუმბაძის კუთხე, სადაც წარმოდგენილია მწერლის რომანები და ფოტოები, რომლებიც დაცულია ეროვნული არქივის ფოტოარქივში. ღონისძიებაზე გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა თხოვნით მიმართავს რაიონის საკრებულოს, რათა მას ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭოს.

ამავე ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი წიგნი – დოკუმენტურ პროზად დაწერილი „გურული დღიურები“ წარუდგინა.

პროექტი, სახელწოდებით „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

წყარო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალური გვერდი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური