GE

სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

ხანძრის შედეგად დედოფლისწყაროს სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის შენობა განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, ელექტროსადენებიდან ცეცხლი ჭერში გამთენიისას გაჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო ეკიპაჟები მეზობელი რაიონებიდანაც გამოიძახეს.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე ვითარების შესასწავლად სამინისტროს ინფრასტრუქტირის სამსახური იმყოფება.

შენობა მთლიანად განადგურდა, რის გამოც სასწავლო პროცესის გაგრძელება მესამე დღეა ვერ ხერხდება.

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მოსწავლეები სხვა შენობებში გადანაწილდებიან.

მოსწავლეთა ნაწილი სასწავლო პროცესს იმავე ეზოში მდებარე მცირე შენობაში გააგრძელებს. დაწყებითი საფეხურისთვის გათვალისწინებული შენობა ხანძარს გადაურჩა. მოსწავლეთა მეორე ნაწილი კი მეზობელი სოფლის, მირზაანის სკოლის შენობაში გადანაწილდება, რომელიც ზემო მაჩხაანის სკოლის ფილიალია.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ეთერ ზურიკაშვილის განმარტებით, მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა მოხდება.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. Aris.ge-განათლების ინფორმაციით, სკოლის შენობაში ხანძრის გაჩენა შემთხვევითობა არ არის თუმცა აღნიშნულის შესახბ დამატებით დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ.

წყარო: qiziyi.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური