GE

„სოხუმის უნივერსიტეტში დეკანებს სტუდენტების ნაცვლად პროფესორები ირჩევენ“

Aris.ge განათლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებზე წერდა. ჩვენ სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილ პრეზიდენტთან ლაშა გაზდელიანთან ვცადეთ იმის გარკვევა, რატომ დასჭირდათ უნივერსიტეტში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

როგორც მან განგვიცხადა, თვითმმართველობის დელეგატთა რაოდენობა 2/3-ს ჩამოცდა. რამაც მისი თქმით, ავტომტურად გამოიწვია მთელი თვითმმართველობის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა.


Aris.ge განათლება
უნივერსიტეტის თვითმმართველობის კიდევ ერთ წარმომადგენელს დაუკავშირდა. მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის ყოფილმა თავმჯდომარე ლექსო გოგოხიამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ახალი არჩევნების დანიშვნას სხვა მიზეზებიც ჰქონდა.

-როგორც ვიცით, სარეზერვო სია არსებობს, საიდანაც ხდება თვითმმართველობის დელეგატების რაოდენობის შევსება. რატომ ვერ მოხერხდა სარეზერვო სიიდან 71 დელეგატამდე ასვლა?

-სარეზერვო სიას იყენებენ მაშინ, როცა არჩევნებით არჩეული დელეგატების რაოდენობა  2/3-ზე მეტია და ამასთან თუ სურვილი აქვთ სარეზერვო წევრებს თვითმმართველობაში გაწევრიანებისა. ჩვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა.

-რა დაემთხვა? როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ჰუმანიტარულ და მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე თვითმმართველობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს დეკანის არჩევას, ამას ხომ არ უკავშირდება ახალი არჩევნების დანიშვნა?

-სიმართლე გითხრათ, მე სხვა ფაკულტეტის არჩევნებში არ ჩავრეულვარ, თუმცა იყო ჩარევა ჩემს ფაკულტეტზე. ამის მიუხედავად, ჩვენ სხვის საქმეში არ ჩავრეულვართ. ის კი სიმართლეა, რომ ჩვენს ფაკულტეტზე პროფესორების არჩეული დეკანია და არა სტუდენტების. მე პირადად მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის წევრთა უმრავლესობა თვითმმართველობის დებულებაში არ არიან ჩახედულნი და ისინი შეცდომაში შეჰყავთ. ჩვენ გვიწერია კანონდებლობაში, 36 მუხლის 4 ქვეპუნქტში, რომ ადმინისტრაციას ეკრძალება თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევა, თუმცა ამას რამდენი ფაკულტეტი აკეთებს, ეს უკვე გასარკვევია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს დეპარტამენტის დაკვეთა ყოფილიყო, რადგან მე და ჩემი გუნდი პრობლემას წარმოვადგენდით უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის და მათ ტაშს არ ვუკრავდით.

-შეგიძლიათ უფრო დეტალურად აგვიხსნათ: სტუდენტების კანდიდატი ვინ იყო და ვინ აირჩიეს თქვენს ფაკულტეტზე? და ჩარევას, ძირითადად, როგორი ხასიათი ჰქონდა?

-ჩვენ მოქმედი დეკანის წინააღმდეგ წავედით, რომელიც 6 წლის განმავლობაში იყო დეკანი. ჩვენი კადნიდატი იყო ქალბატონი ნანა გულუა, რომლის ხედვა ჩვენსას შეესაბამებოდა. მას სურდა, 21-ე საუკუნის განვითარების შემოტანა ჩვენს ფაკულტეტზე. მოგეხსენებათ, ჩვენი ფაკულტეტი პროგრამისტებისგან და მათემატიკოსებისგან შედგება. პროგრამისტებს სჭირდებოდათ ახალი თაობის კომპიუტერები, რომელიც არ იყო. მათემატიკოსების მოთხოვნა კი შემდეგში მდებარეობდა: არ იყო მოგვარებული ინფრასტრუქტურა. სასმელი წყლის დალევა ,,საპირფარეშოში” გვიწევდა, არ იყო და დღესაც არ არის სტუდენტისადმი მიდგომა სწორი.

-ანუ დეკანის არჩევნები ჩატარდა და ვერ გავიდა თქვენი კანდიდატი? ვინ გაიმარჯვა? თუ ისევ ძველი დეკანი დარჩა?

-დიახ, ისევ ძველი დარჩა. მალხაზ აშორდია. მალხაზ აშორდია თვითმმართველობის წევრებს გვლანძღავს და ინფრასტრუქტურის გაფუჭებაში ბრალს ჩვენ გვდებს. ჩვენ გვინდა დეკანი იყოს ისეთი, ვინც სტუდენტის სიტყვას გაითვალისწინებს.

-თქვენ, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა რიგგარეშე თვითმმართველობის არჩევნები, იმის შემდეგ ითვლებით მათემატიკისა და კომპიუტერული ფაკულტეტის ყოფილ თავმჯდომარედ? თუ თქვენი ნებით დატოვეთ თანამდებობა?

-ნებით არ დამიტოვებია. მე კიდევ ერთი წელიწადი მქონდა ვადა. მაგრამ როდესაც განაცხადა ლაშა გაზდელიანმა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი) არჩევნების ავტომატურ დანიშვნაზე, ანალოგიურად მე და ჩემი გუნდიც მოვიხსენით. 10 ნოემბრის მერე მე ყოფილ თავმჯდომარედ ვითვლები.

-ლაშა გაზდელიანმა თვითმმართველობის სხვა წევრებს არ შეგითანხმათ ეს გადაწყვეტილება?

შეთანხმება, პირადად, ჩემთან არ ყოფილა. ჩვეულებრივად დამირეკეს, რომ სამშაბათს 3 საათზე არის შეკრება, ავედით და იქვე მოგვახსენა. წინასწარ ინფორმაციას მე პირადად არ ვფლობდი ამის შესახებ.

-მომავალ არჩევნებში აპირებთ მონაწილეობის მიღებას?

აუცილებლად, კვლავ ვაპირებ აქტიურად ჩავუდგე სათავეში ჩემს ფაკულტეტს და ვიზრუნო მის კეთილდღეობაზე და ვაკეთო ის საქმე, რასაც სტუდენტები ითხოვენ. რადგან სტუდენტები მირჩევენ, მე ვგრძნობ მათ წინაშე ვალდებულებას, რომ მათი ინტერესები დავიცვა და არა პირადი ინტერესები მოვახვიო თავს. უკვე ავიღე ბლანკი, სადაც 30 სტუდენტის ხელმოწერა უნდა იყოს და მერე დავრეგისტრირდები.

რატომ დაინიშნა სოხუმის უნივერსიტეტში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური