GE

სწავლის 15 სექტემბერს დაწყება შესაძლოა კერძო სკოლების ვალდებულებაც გახდეს

2017 წლის 1 იანვრიდან შესაძლოა სასწავლო პროცესის 15 სექტემბერს დაწყების ვალდებულება საქართველოში არსებულ ყველა კერძო სკოლას დაეკისროს.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნუკრი ქანთარიას მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი:

საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეა სწავლა იწყება შემდგომ პირველ სამუშაო დღეს. კანონის თანახმად, სწავლის დაწყების თარიღი 15 სექტემბერი განესაზღვრებათ საქართველოში არსებულ კერძო სკოლებსაც, ისინი აქამდე თავად წყვეტდნენ, როდის დაიწყებოდა სასწავლო პროცესი მათ სკოლაში.

ასეთი ცვლილების ინიცირების მიმზეზი და მიზანი კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ახსნილი:

„კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზეზია სწავლის დაწყების ერთიანი თარიღის განსაზღვრა საქართველოს ყველა სკოლისათვის და მოსწავლეთა თანაბარი უფლებრივი მდგომარეობის უზრუნველყოფა. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით ,,ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი“. იმის გამო, რომ კერძო სკოლაში სწავლის დაწყების თარიღი კანონით არ არის დადგენილი მათ უმრავლესობაში სწავლა იწყება უფრო გვიან ვიდრე საჯარო სკოლაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების თარიღად გასაზღვრულია 15 სექტემბერი. ხშირია შემთხვევა როცა ბავშვს 6 წელი უსრულდება საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღეში და ეკონომიკურად შეძლებულ მშობელს ბავშვი სასწავლებლად შეჰყავს კერძო სკოლაში, რასაც სხვა ბავშვების დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს და იძულებულია დაელოდოს შემდეგი სასწავლო წლის დაწყებას. ამის გამო ბავშვები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, თუ კანონით განისაზღვრება სწავლის დაწყების ერთიანი თარიღი საქართველოს ყველა სკოლისათვის. გარდა ამისა თუ კანონით განისაზღვრება სწავლის დაწყების თარიღი, რომელიც დიდი ხნით ადრე ეცოდინება მოსახლეობას, მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ უკეთ მოამზადონ ბავშვები სასწავლო წლის დასაწყებად. კანონპროექტის მიზანია ყველა სკოლისათვის სწავლის დაწყების ერთიანი თარიღის განსაზღვრით უზრუნველყოს მოსწავლეთა თანაბარი უფლებრივი მდგომარება და საშუალება მისცეს მშობლებს უკეთ მოამზადონ ბავშვები სასწავლო წლის დასაწყებად“,– აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამასთან, კონკრეტული კერძო სკოლის დასაბუთებული მიზეზის შემთხვევაში კანონი განათლების მინისტრს უფლებას უტოვებს, სასწავლო პროცესის განსხვავებული თარიღი დააწესოს საკუთარი განკარგულებით.

როგორც ნუკრი ქანთარია EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ინიციატივა მშობლების და პედაგოგოების თხოვნის საფუძველზე გაჩნდა. ის მიიჩნევს, რომ ყველა სკოლა, ბავშვი და მშობელი თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ. ქანთარია აღნიშნულ ცვლილებას კერძო სკოლების საქმიანობაში ჩარევის  მცდელობად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ სახელმწიფოს  უფლება აქვს,  მსგავსი საკითხები ერთპიროვნულად გადაწყვიტოს.

-ბატონო ნუკრი რატომ გახდა აუცილებელი  სკოლებისთვის სწავლის დაწყების ერთიანი თარიღის დაწესება?

-ბავშვი,   რომელიც 20-ში ხდება 6 წლის  დავუშვათ და  ზოგიერთი სკოლა იწყებს  23-ში ან  24-ში სწავლას.  მშობელს, ვისაც   საშუალება აქვს იმას შეყავს კერძო სკოლაში და მერე  გადაყავს საჯაროში.   მეორეს  არ აქვს ამის საშუალება. იცდის ერთი წელი  და მერე შედის სკოლაში.  ეს არის  არათანაბრობა. ჩვენ კი კანონი გვეუბნება,  ბავშვი უნდა იყოს 6 წლის იმისთვის,  რომ სკოლაში შევიდეს.  თუ  წესია, ყველასთვის უნდა იყოს წესი.

ეს ცვლილება გამოწვეულია,  თვითონ მშობლების და პედაგოგების თხოვნით. ,,პედაგოგთა  პროფკავშირებიც“  საქმის კურსშია და ისინი ეთანხმებიან ამას. რომ  გითხრათ,  ეს ცვლილება განათლებაში ყველაფერს გამოასწორებს,  რა თქმა უდნა არა. ეს არის  ერთ-ერთი პატარა  ხარვეზი და მგონია, რომ მოწესრიგებისათვის თანაბარ მდგომარეობაში  რომ იყოს სასწავლო პროცესში  მონაწილე ბავშვები, აუცილებელია. განსაკუთრებით ისინი,  ვინც პირველ კლასში უნდა შევიდეს წელს.  უნდა იყოს ერთიანი თარიღი,  რომ მშობლებმაც იცოდნენ როდის იწყებს სწავლას მისი შვილი.

ამავე დროს,  ჩვენ დავუშვით გამონაკლისები.  რა დროს შეიძლება,  მინისტრმა თავისი ბრძანებით კერძო სკოლას  ინდივიდუალური თარიღი დაუწესოს. თუ არის რაღაც მოტივირებული საკითხი. მაგ:  ან სკოლის  ინფრასტრუქტურული მდგომარეობა,  ან სასწავლო პროგრამაა ისეთი,  რომელიც  უცხოურ სასწავლო პროგრამასთანაა თანხვედრაში და აუცილებლად უნდა დაიწყოს დავუშვათ   7 სექტემბერს. ასეთ დროს ჩვენ გამონაკლისი დავუშვით.

-გქონდათ თუარა  კერძო სკოლების   წარმომადგენლებთან შეხვედრა,  კანონპროექტის გაცნობის მიზნით?

–მქონდა რამდენიმე მათგანთან შეხვედრა. მათ მაინცდამაინც არ მოეწონათ ეს.  ვიცი,  რომ მათთვის არ იქნება ეს  ცვლილება კომფორტული. მაგრამ ჩვენ  ვერ ვუყურებთ იმას,  რამდენ კერძო სკოლას მოეწონება,  რამდენს არ მოეწონება. ჩვენ უნდა   გვქონდეს სასწავლო წლის დაწყების ერთი  თარიღი. სხვადასხვა ქვეყნების ანალოგებსაც გადავხედე მე და ბევრ ევროპულ ქვეყენაშია მსგავსი მოდელი. ეს არის ესტონეთი,  ბალტიისპირეთის  ქვეყნები, რომელთა საჯარო და კერძო სკოლები იწყებენ სწავლას ერთ დროს.

–როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ჩარევა კერძო სკოლების საქმიანობაში?

–კერძო სექტორში,  რომელიც ვაუჩერებს იღებს სახელმწიფოსგან,  რომელსაც როცა რაღაც სჭირდება,  მაშინვე განათლების სამინისტროში მიდის,  არიქა ეს დამაკლდა  და გამიკეთეო, სახელმწიფოსაც ავსქ უფლება  მემგონი,  რომ სასწავლო თარიღი  მოაქციოს ერთ ჩარჩოში. განათლების სამინისტროსგან წინააღმდეგობა არ არის ამის თაობაზე. მითუმეტეს, რომ ჩვენ ვუშვებთ გამონაკლისებს არ ვეუბნებით სკოლებს, რომ რაც არ უნდა დაგემართოთ უნდა დაიწყოთ სწავლა 15– ში. მოდი, მშობლებს და ბავშვებს გავუწიოთ ანგარიში, რომ მისი ზაფხულის პერიოდი სწორად გადაიანგარიშოს და არ იყოს იმის ფიქრში,  როდის დაიწყება სწავლა,  15-ში თუ 17-ში?

–როდის მოხდება აღნიშნული პროექტის განხილვა პარლამენტში?

–კომიტეტებზეა ჯერ. ახლა გადავიდა  ,,ადამიანი უფლებათა დაცვის კომიტეტში“.  რომ გითხრათ, რომ ამის განხილვას ახლა ვაპირებთ,  რომ სექტემბერში უკვე გვქონდეს კანონი,  ასე არ არის. წელს აირ-დაირევა ყველაფერი. ყველას განსაზღვრული აქვს უკვე სასწავლო პროცესი. ეს იქნება მომავალი წლისთვის განსახიხლველი კანონპროექტი. საჩქარო ამაში არაფერია,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ EDU.ARIS.GE-სთანსაუბრისას.

სამინისტროს გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში სწავლა ყოველ წელს 15 სექტემბერს დაიწყება

რა გამონაკლის შემთხვევაში შეძლებს პირველკლასელი კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადასვლას და რა წერია მობილობის ახალ წესში

თეონა გიორგაძე – ქუთაისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური