GE

სწრაფი კვება და ახალგაზრდები – რა საფრთხეებს შეიცავს არაჯანსაღი საჭმელი? – სპეციალისტების რეკომენდაციები

უნივერსიტეტებთან, სკოლებთან, სხვადასხვა დიდ დაწესებულებასთან საცხობები და სწრაფი კვების ობიექტები რეკორდული სისწრაფით მრავლდება. ამავდროულად, ხშირად ვიგებთ ინფორმაციას სხვადასხვა სკოლებში ბუფეტების დაკეტვის შესახებ მოტივი კი ერთია – არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს. როგორია სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმის კვებითი ღირებულება? რამდენად მისაღებია მისი ხშირი მოხმარება და კონტროლდება თუ არა აღნიშნული ობიექტები?

ამ კითხვებზე პასუხი დააინტერესებს მოსწავლეების მშობლებს, სტუდენტებს და იმ ადამინებს, რომლებიც საშაურმეების, სახაჭაპურეების და რიგითი საცხობების ხშირი სტუმრები არიან.

ბოლო პერიოდში სწრაფი კვების ობიექტები ბევრად მრავალფეროვანი გახდა და ადგილობრივი სამზარეულოსთვის დამახასიათებელ ნაწარმს უცხოური საჭმლის სახეობებიც დაემატა. ჰამბურგერები, ჩიზბურგერები, სხვადასხვა სახეობისა და შემადგენლობის ბურგერები, შაურმა, საკონდიტრო ნაწარმი, უცხოური წარმოების ნაყინი და გამაგრილებელი სასმელების მრავალფეროვნება – ეს დღევანდელ ბაზარზე არსებული პროდუქტებია, რომელთა მომხმარებლების რაოდენობაც დღითიდღე მატულობს.

ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე ასევე შეინიშნება  უცხოური წარმოშობის სწრაფი კვების სარესტორნო ქსელების დამკვიდრებაც. თუკი ადრე ქართველებისთვის მხოლოდ „მაკდონალდსი“ წარმოადგენდა უცხოური წარმოშობის სარესტორნო ქსელს თავისი რამდენიმე ფილიალით, დღეს ჩამონათვალი ბევრად მრავალფეროვანია – შემოდიან ახალი კომპანიები და  ფართოვდება მათი ქსელიც. კომპანიების წარმომადგენლები გაფართოებას იმით ხსნიან, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ასევე, უკვე ხელმისაწვდომი და საკმაოდ პოპულარულია ე.წ. „ფასთფუდი“ გამოძახებით და ადგილზე მიტანით.

რაც შეეხებათ მომხმარებლებს, მათი უმეტესობა ინფორმირებულია სწრაფი კვების უარყოფით ეფექტებზე, თუმცა ამბობენ, რომ ცხოვრების რეჟიმიდან და დღის წესრიგიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვთ და იძულებულნი არიან ჯანსაღ კვებას სწრაფი და იაფი საჭმელი არჩიონ.

 „გრაფიკიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, ხშირად გარეთ მიწევს კვება. შაურმასაც ხშირად მივირთმევ. რა თქმა უნდა ვიცი, რომ გარეთ ჭამა ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია, სერიოზული ზიანი მოაქვს და კუჭის პირველი მტერია, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს? სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვინტერესდები ხოლმე შემადგენლობით, მთავარია ვიზუალურად ვხედავდე, რომ სუფთა გარემოში იყიდება და იმის იქით უკვე აღარ ვინტერესდები. ასეა ბევრი ჩემნაირი სამწუხაროდ. ისიც ვიცი რომ ნახევრადშემწვარ ხორცს მივირთმევ, მაგრამ მაინც გემრიელია. თან სწრაფი კვება ბევრად იაფია ვიდრე ჯანსაღი საკვები. თუ დღეში 6–7 ლარად შემიძლია სწრაფი კვების ობიექტებში საჭმელი შევიძინო და ვჭამო, ამ თანხით რომელიმე კაფეში ან რესტორანში ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებულ კერძს ვერანაირად ვერ ვიყიდი. ვფიქრობ ესეც არის ერთ–ერთი გადამწყვეტი ფაქტორი და პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის დიდი მოთხოვნა „ფასთფუდზე““,– აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ქართველიშვილი.

სტუდენტების გარდა, სწრაფი კვების ობიექტებს სკოლის მოსწავლეებიც სტუმრობენ. მეტიც, სკოლების მიმდებარედ და სკოლებშიც დიდი რაოდენობით და მრავალფეროვანი „ფასთფუდი“ იყიდება.  მშობლები ინფორმირებულნი არიან, რომ ამ ტიპის საჭმელი არ არის სასარგებლო, თუმცა ამბობენ, რომ უალტერნატივობის გამო,  სხვა გამოსავალი არ აქვთ.

„ვფიქრობ ყველა მშობელს სურს მისი შვილი მხოლოდ ჯანსაღ საკვებს იღებდეს, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის. ჩემი სვილი მერვე კლასშია და დილაობით სკოლაში წასვლამდე ყოველთვის ჯანსაღ საკვებს იღებს, თუმცა სკოლა და მეგობრები მოგეხსენებათ ისეთი გარემოა, ვერც ერთი მშობელი ვერ აკონტროლებს თუ რას შეჭამს ბავშვი. ზოგჯერ, სამეცადინოდ, უბრალოდ შეკრებისთვის ან უბრალოდ იმიტომ რომ შიათ, იკრიბებიან და მეგობრები ერთიანად მიდიან სწრაფი კვების რესტორნებში, ან ყიდულობენ საცხობებში და ასე შემდეგ. ამის გაკონტროლება შეუძლებელია, ეს ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს თან. სამაგიეროდ, ამის დასაბალანსებლად ვცდილობ სახლში მოსულმა ბავშვმა ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი საკვები მიიღოს დღის დარჩენილ ნაწილში. სასურველია რომ სწრაფი კვების ობიექტების მომხმარებლები არ ვიყოთ, თუმცა ეს ლოკალური პრობლემა არ არის, მთელი მსოფლიო ამაზეა დამოკიდებული და გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით“,– ამბობს Aris.ge-განათლებასთან საუბარში ერთ–ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი ლალი ლატარია.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე Aris.ge-განათლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბაზარზე ორი სახის სწრაფი კვების ობიექტები არსებობს – ორგანიზებული სავაჭრო ქსელები და ე.წ. სახაჭაპურეები. მადონა კოიძის თქმით,  კერძო დაწესებულებებში სერიოზული პრობლემებია სანიტარული ნორმების დაცვის მხრივ და ასევე, ხშირ შემთხვევაში, მავნე ნივთიერებების მქონე ცხიმები გამოიყენება, რომლის ხშირად მიღებაც სხვადასხვა დაავადებასთან ერთად სიმსივნური ავადმყოფობების პროვოცირებასაც იწვევს.

„ასეთი პროდუქციის  კვებითი ღირებულება ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე,  არ ვურჩევდი მოსახლეობას ამ პროდუქტის ხშირად მიღებას, თუმცა ამის გაკონტროლება  ძალიან რთულია. როდესაც ბავშვი სასწავლებელშია ან ქუჩაში, როგორც ნებისმიერი მომხმარებელი ამ სერვისით სარგებლობს. რაც შეეხება  არაორგანიზებულ ქსელს – სახაჭაპურეებს და საფუნთუშეებს, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები  ასეთ ობიექტებს, რადგან ნაკლებად კონტროლდებიან და იქ სანიტარული მდგომარეობაც სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ასეთ დაწესებულებებში ნაყიდი პროდუქტი  ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იყოს. როგორც იცით, აუცილებელია ზეთი პერიოდულად იცვლებოდეს და ხშირ შემთხვევაში ამის გაკონტროლება ვერ ხერხდება, შედეგად წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლის ხშირად მოხმარებამაც სიმსივნური დაავადებების პროვოცირებაც კი მოახდინოს“,– განუცხადა Aris.ge-განათლებას მადონა კოიძემ.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის თავჯდომარე ასევე ამბობს, რომ ორგანიზებულ საკვები ობიექტების ქსელებში ხშირად კვება ჭარბწონიანობას იწვევს. რაც შეეხება არაორგანიზებულ კვების ობიექტებს, კოიძის თქმით, ასეთ შემთხვევებში კვებითი მოწამვლების რისკები ჩნდება.

რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი კვების ობიექტებში შეძენილმა პროდუქციამ ამ კითხვას  ენდოკრინოლოგი, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი რამაზ ყურაშვილი პასუხობს:

„უხარისხო პროდუქტებით მომზადებული საკვების მიღებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პურ-ფუნთუშეულის ჭარბად ჭამა სიმსუქნეს იწვევს, ჭარბი წონა კი დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რომელიც კიდევ სხვა დაავადებებს უწევს პროვოცირებას. ყველაზე გახშირებული დაავადებები გასტრიტი და პირის ღრუს დაავადებებია. როდესაც ცხიმი არ შეიწოვება, ის ორგანიზმში გროვდება. ცომეულისა და ცხიმიანი საკვების მიღებით ცხიმი წლების განმავლობაში ნაწლავის კედლებზე ილესება.  ყველაზე ცუდი ვარიანტი წარმოვიდგინოთ: ძველი, ვადაგასული ფქვილითა და ასევე ვადაგასული მაკარონით მომზადებული ეგრეთ წოდებული ხაჭაპური. ძველი ფქვილი მწარე რომ არ იყოს, უმატებენ შაქარს, ყველის ნაცვლად კი იყენებენ ხაჭოს, რომელიც ასევე უხარისხოა, მარილს აყრიან, რომ ყველის ეფექტი შექმნან. ასეთ ხაჭაპურს დიაბეტიანი ადამიანი რომ მიირთმევს, რომლის შაქარი, ვთქვათ, 120-ია,  მისი ჭამის შემდეგ 300-400-ზე აუვარდება“,- აცხადებს რამაზ ყურაშვილი.

მისივე თქმით, ჭარბი ქოლესტერინი ათეროსკლეროზს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, თავის ტვინის ინსულტს იწვევს და  ასევე, ხელს უწყობს დიაბეტის ჩამოყალიბებასაც.

თანამდეროვე „Fast Food“-ის ისტორია  მე-20 საუკუნის 20-იან წლებიდან იწყება. მისი ძირითადი მომხმარებლები არიან ბავშვები, სტუდენტები და დასაქმებული პირები. უნივერსიტეტების უდიდეს ნაწილს არ აქვს საკუთარი სასადილო, რაც სტუდენტებს უბიძგებს გარეთ კვებისკენ.

დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმის მოწამვლის  შემთხვევებიდან 5% ჰაერით, 10% სასმელით, 85% საკვებით, აქედან 45% სწრაფი კვებით ხდება. 2003 წლიდან ევროკავშირში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს საკვებში ტრანსცხიმების 2%-ზე მეტ ოდენობას.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური