GE

თამარ სანიკიძე 41-ე სკოლაში ინტეგრირებული კლასის ეფექტურობას გაეცნო

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებთან მივიდა, მათთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა და პირადად გაეცნო როგორ იყენებენ ეს მოსწავლეები სასწავლო პროცესში პლანშეტურ კომპიუტერებში არსებულ განმავითარებელ პროგრამებს, რომლებიც სსსმ მოსწავლეებისთვის უნარების განმავითარებელი დამატებითი სერვისის გაძლიერების მიზნით, საჯარო სკოლებში შექმნილ ინტეგრირებულ კლასებს გადაეცათ, ხოლო, სმენადაქვეითებულ მოსწავლეთა სკოლა-პანსიონებს ინტერაქტიული დაფები (Smart Board).

პლანშეტურ კომპიუტერებში ჩატვირთულია სპეციალური პროგრამები, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს განივითარონ სხვადასხვა უნარი, უფრო აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და შეძლონ მაქსიმალურად გამოავლინონ შესაძლებლობები.

საჯარო სკოლის სივრცეში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასები 2013-2014 სასწავლო წელს გაიხსნა. კლასები აღჭურვილია შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით. ინტეგრირებულ კლასში მუშაობს შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა). სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოელი ბავშვის საჭიროებებს.

2014 წელს ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ინტეგრირებული კლასების მოსწავლეების ჩართვა სასწავლო პროცესსა და ყოველდღიურ სასკოლო აქტივობებში, ძალზე ეფექტურია. შესაბამისად, 2015 წელს სამინისტრომ გაზარდა ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ბიუჯეტი და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. ინტეგრირებული კლასების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ საჯარო სკოლაში გახსნას ინტეგრირებული კლასი.

როგორც ცნობილია, 2014 წელს საქართველო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ კონვენციას შეუერთდა. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ყველა აქტიობა, კონვენციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების სისრულეში მოყვანას ემსახურება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური