GE

თამარ სანიკიძე აბიტურიენტების მიერ მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნას ეხმაურება

განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტები მჯდომარე აქციას მართავენ. ამ წუთებში განათლების სამინისტროს შესასვლელთან ტროტუარზე აბიტურიენტები და მათი მშობლები არიან შეკრებილები. მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით აქცია სამინისტროსთან დილიდან  მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ კომენტარი განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ, გააკეთა.

“2 წლის განმავლობაში ჩვენ ეს გამონაკლისი გავაკეთეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს იყო სიახლე. ჩვენ ალბათობა დავუშვით, რომ ამ სიახლის დანერგვის დროს შესაძლებელი იყო, ვიღაცას ინფორმაციის შესახებ არ სცოდნოდა. ახლა ამან სისტემატური ხასიათი მიიღო და ცუდი ეფექტი აქვს. მეორადი ჩარიცხვის დროს ჩვენ უპირატესობას სხვას ვანიჭებთ, რომ ის ადგილი დაიკავოს, რომელზეც თავიდან ვინც ყველა წესი დაიცვა, ის დაჩაგრული დაგვრჩეს,“ – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, ცვლილებების განხორციელება დაგეგმილი არ არის, თუმცა საზოგადოებისა და სასწავლებლების მოთხოვნის შემთხვევაში, გადაწყევტილების გადახედვა შესაძლებელია.

მიმინოშვილის განმარტებით, მეორადი ჩარიცხვები სასწავლო პროცესის გადაწევას გამოიწვევს.

„მაშინ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, ჩარიცხვების სია, რანჟირებული დოკუმენტი საერთოდ გაგვეუქმებინა, რომელიც დამტკიცებულია, თავიდან გამოგვეცხადებინა ჩარიცხვები. თუ საზოგადოებაში ამის სურვილი იქნება, თუ ჩარიცხული სტუდენტები თანახმა იქნებიან, თუ უმაღლესი სასწავლებლები იმაზე იქნებიან თანახმა, რომ სწავლას დროულად ვერ დაიწყებენ, მაშინ რაც იქნება დაკვეთა, ორგანიზაციაც იმას გააკეთებს, მაგრამ ეს მართებული არ არის. მინისტრის პოზიციაც ზუსტად იგივეა. მეორადი ჩარიცხვები არ იქნება წელს,“ – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

წყარო: რუსთავი 2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური