GE

თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე უახლოეს დღეებში ახალ თანამდებობაზე დაინიშნება.

როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განმარტა, ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი.

“გუშინ მე და ქალბატონი თამარი საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. ლაპარაკია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე, რომელიც არის განათლების სამინისტროს და მთლიანად განათლების სისტემის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი უწყება. ამ უწყებას ქალბატონი თამარი ჩაუდგება სათავეში უკვე ამ დღეებში. ახლა ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებთ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

როგორც ცნობილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დღემდე მინისტრის ერთ–ერთი მოადგილე გიორგი შარვაშიძე ხელმძღვანელობს. თამარ სანიკიძის დანიშვნის შემდეგ შარვაშიძე მინისტრის მოადგილის საქმიანობას განაგრძობს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე თამარ სანიკიძე ოფიციალურად დანიშნული არ არის. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს განათლების მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ–მინისტრის თანხმობით.

თამარ სანიკიძის თქმით კი, ის კარგად ერკვევა ამ უწყების საკითხებში და ფიქრობს, რომ თავს კარგად გაართმევს.

“შემიძლია ამ პოზიციიდან გავაგრძელო და დავასრულო საქმის ის ნაწილი, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან აქტუალური იყო. ეს არის საქმე, რომელიც განათლების ხარისხსა და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმებს ეხება, რომლის რეფორმაც 2015 წლის ბოლოს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებით განხორციელდა. ცენტრმა ამ პერიოდში ტრანსფორმაცია განიცადა, განვითარდა. 2016 წლის ბოლოს იწყება ავტორიზაცია-აკრედიტაციის ახალი სტანდარტების ამოქმედების პროცესი, რომელიც უნდა გაიარონ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, ამისთვის ცენტრსაც და უნივერსიტეტებსაც მომზადება სჭირდებათ. ეს თემები კარგად ვიცი, ამ რეფორმის სათავეში ვიდექი, გარკვეულ ადამიანებთან ერთად. შესაბამისად ახალ მინისტრს შევთავაზე დახმარება ამ ნაწილში,”– თქვა ყოფილმა მინისტრმა “პრაიმ–ტაიმთან” საუბარში.

თამარ სანიკიძე კვლავ განათლების სამინისტროში ბრუნდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური