GE

თამარ სანიკიძე: “მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდები მთელ საქართველოში 17 ივნისს დაიწყება”

ფოტო –
????????????????????????????????????

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით მე-11 კლასელთა დამამთავრებელი გამოცდების პრეტესტი მთელ საქართველოში ხვალ, 16 ივნისს ჩატარდება, შესაბამისად გამოცდები ასევე მთელ საქართველოში 17 ივნისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება. 

ამის შესახებ მინისტრმა უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც დილიდან გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად თარიღის დადგენაზე მსჯელობდნენ.

“მე-11 კლასელთა დამამთავრებელი გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება ზეგ, 17 ივნისს 09:00 საათზე. ხოლო პრეტესტი ჩატარდება ერთი დღით ადრე 16 ივნისს. სამწუხაროდ, სტიქია დაემთხვა საგამოცდო პერიოდს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ყველა პრობლემა მოგვარებულია და ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს”, განაცხადა თამარ სანიკიძემ.

სკოლები იმ განრიგით იხელმძღვანელებენ, რომელიც აქამდე იყო შემუშავებული, უბრალოდ, გამოცდები მთელ საქართველოში თითო დღით გადაიწევს და სარეზერვო დღედ შაბათი დღის გამოყენება მოხდება.

მინისტრის თმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და განათლების სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მოსწავლეების და მათი მშობლების თხოვნით მიიღო.

“მოგეხსენებათ, გამოცდები ეს არის ერთი მთლიანი განრიგი, რომელსაც მოყვება ერთიანი ეროვნული გამოცდები და მე-11 კლასელთა გამოცდების გადატანა მთლიან საგამოცდო ციკლს შეუქმნიდა პრობლემას”,- აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება სტიქიით დაზიანებულ სკოლებს, ეს არის “მომავლის სკოლა”, რომლის მოსწავლეებსაც როგორც პრეტესტი, ისე გამოცდები #55-ე საჯარო სკოლაში ჩაუტარდებათ.

სამინისტრო გაცნობებთ, პრეტესტი არ წარმოადგენს სავალდებულო აქტივობას და არის ნებაყოფლობითი, თუმცა ამ ფორმით ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება უკეთ მოემზადოს დამამთავრებელი გამოცდისთვის და გაიაროს ტესტის აპრობაცია.

დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ დღის დაახლოებით სამ საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge განთავსდება.

ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის საგანგებო რეჟიმში სამინისტრო ფსიქოლოგიური ცენტრები სრული დატვირთვით იმუშავებენ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით: 2 200 220

მე-11 კლასელთა დამამთავრებელი გამოცდების განახლებული განრიგი

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური