GE

თამარ სანიკიძე მე-9 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობისა და აღჭურვის პროცესს აგრძელებს. დღეს, მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ეწვია და პირადად გაეცნო რეაბილიტირებული კაბინეტის ფუნქციონირებას და სკოლის ექიმის საქმიანობას.

განათლების სამინისტროს ინფომრაციით, პროექტი საქართველოს მასშტაბით, 100 საჯარო სკოლაში უკვე განხორციელდა. ამ ეტაპზე, კიდევ 200-მდე სკოლაში სამედიცინო კაბინეტების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. ეტაპობრივად კი, საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებით და სხვა აუცილებელი რესურსებით აღჭურვილი ექიმის კაბინეტი ყველა საჯარო სკოლას ექნება.

კაბინეტებისთვის ექიმების შერჩევას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია უზრუნველყოფს, სამედიცინო კაბინეტების მოწყობასა და აღჭურვას კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს.

,,პროექტის ამოქმედება გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა ვინაიდან, წლების განმავლობაში სკოლების უმეტესობა დამოკიდებული იყო მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე და არ იყო ჩართული იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. არ არსებობდა სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა და არ მოქმედებდა რეფერალის განხორციელების ადექვატური მექანიზმი. სკოლებში ფიქსირდებოდა ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით, იყო ინფორმირებულობისა და ცოდნის ნაკლებობა, ყველა ეს პრობლემა ახალი პროექტის ფარგლებში გადაიჭრება, მოსწავლეები საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციურ პირველად სამედიცინო დახმარებას სკოლაშივე მიიღებენ,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური